Accessibility links

ცხინვალში ბიბილოვის მომხრეები გამარჯვებას აღნიშნავენ


ანატოლი ბიბილოვი

ცხინვალში ანატოლი ბიბილოვის გამარჯვებას მისი მომხრეები უკვე ზეიმობენ და დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს, დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებენ. არაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. უბნების დიდ ნაწილში ხმების რაოდენობა უკვე დათვლილია. ცხინვალში მხოლოდ ჯავის რაიონიდან და ვლადიკავკაზიდან ელოდებიან რამდენიმე უბნის შედეგებს. დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა პლიევას, ცნობით, რომელსაც ოსური მედია ავრცელებს, ანატოლი ბიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 57 პროცენტზე მეტი მოაგროვა, ლეონიდ თიბილოვმა - 30 პროცენტი, კიდევ ერთმა კანდიდატმა, ალან გაგლოევმა კი, - 11 პროცენტი. ბელა პლიევა კანდიდატების მომხრეებს მოუწოდებს შეწყვიტონ მიტინგები და არჩევნების საბოლოო შედეგს დაელოდონ, რომელიც 5 დღეში გახდება ცნობილი.

წუხელ ანატოლი ბიბილოვის მომხრეები ცხინვალის ცენტრალურ, თეატრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ცესკოს შედეგების დაუყოვნებლივ გამოცხადებისკენ მოუწოდეს. კომისიის პირველადი მონაცემებით, ვერც ერთი კანდიდატი 50-პროცენტიან ბარიერს ვერ ლახავდა, მაგრამ ბიბილოვის შტაბში სხვა მონაცემი ჰქონდათ. ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატმა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მოაგროვოს, რომ ის გამარჯვებულად ჩაითვალოს, ბიბილოვის მომხრეები კი აცხადებდნენ, რომ მათმა რჩეულმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. გვიან ღამით ისინი თავიანთი ფავორიტის მოწოდების შემდეგ დაიშალნენ, დღეს დილიდან კი ისინი თიბილოვის მიერ დამარცხების აღიარებას ელოდებიან.

47 წლის ანატოლი ბიბილოვი არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეა. 2008 წლამდე ის შერეული სამშვიდობო ძალების ჩრდილოეთ ოსეთის ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო. 2008 წლის ოქტომბრიდან კოკოითის ხელისუფლებაში ის საგანგებო სიტუაციების მინისტრი გახდა. 2011 წელს ბიბილოვი, როგორც სახელისუფლებო კანდიდატი და კოკოითის მემკვიდრე, საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევასთან დამარცხდა. მაშინ მას ვერც რუსეთის პრეზიდენტთან, მედვედევთან, გადაღებულმა ფოტომ უშველა. მაშინ ალა ჯიოევას მოგებული არჩევნები გააუქმეს, ახალ არჩევნებში კი უკვე ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა. 9 აპრილის არჩევნების წინ თიბილოვმაც გადაიღო პუტინთან სურათი, თუმცა დამარცხდა. 2014 წელს ბიბილოვის პარტიამ, „ედიანაია ოსეტიამ“, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და პარტიის თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერი გახდა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ რეგისტრაციავერგავლილმა ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, მხარდაჭერა ანატოლი ბიბილოვს გამოუცხადა. ანალიტიკოსების აზრით, თიბილოვიც და ბიბილოვიც კრემლისთვის მისაღები კანდიდატები იყვნენ, ამიტომ ვერც ერთი მათგანის გამარჯვება რეალურად ვერაფერს შეცვლის. ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, მიიჩნევს, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობების თვალსაზრისით ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ბიბილოვი რუსეთთან სრული ინტეგრაციის მომხრეა და ქართულ მხარესთან სამოქალაქო დიალოგი ნაკლებად აინტერესებს.

ცხინვალში ჩატარებული არჩევნების პარალელურად, რეფერენდუმიც გაიმართა სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის ალანიის დარქმევის საკითხზე. ამომრჩევლის 78 პროცენტი მომხრეა, 20 პროცენტი - წინააღმდეგი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი უკვე შეაფასეს როგორც არალეგიტიმური. ცხინვალის არჩევნების არაკანონიერებაზე განცხადებები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც გაკეთდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ სამართლებრივი ნორმების დარღვევით ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება არასდროს აღიარებს.

სახელმწიფი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ არაღიარებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმი კრემლის მიერ რეგიონის ანექსიისთვის ნიადაგის მომზადებაა, რასაც საერთაშორისო საზოგადოებამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.

ახალგორის რაიონშიც წარმატებას ბიბილოვმა მიაღწია. წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მან პირობა დადო, რომ გამშვებ პუნქტებზე საშვთა სისტემას მოაწესრიგებს და თბილისისკენ მიმავალ გზას არ ჩაკეტავს, თუმცა სწორედ ბიბილოვი გამოდიოდა რეფერენდუმის ჩატარების იდეით, რომელიც სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას გულისხმობს. კრემლმა ამ რეფერენდუმის ჩატარება გაურკვეველი დროით გადადო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG