Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი მოლოდინებით დაწყებული GEM fest-ი საპროტესტო აქციებითა და ვალებით დასრულდა


განმუხური ფესტივალის შემდეგ
განმუხური ფესტივალის შემდეგ

ზუგდიდის სოფელ განმუხურში 14 აგვისტოს დასრულდა საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, GEM fest-ი, თუმცა მის ირგვლივ ინტერესი არ ცხრება. ფესტივალზე, რომელიც Check in Georgia-ს ფარგლებში სახელმწიფოსგან თითქმის 2 მილიონი ლარით დაფინანსდა, თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. იკითხებიან GEM fest-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. პარალელურად ფესტივალის თანამშრომლების ნაწილი შრომითი ხელშეკრულების დარღვევის გამო სასამართლოში უჩივის ადმინისტრაციას. უკმაყოფილებას გამოხატავენ კერძო სასტუმროს მფლობელები და GEM fest-ის ტერიტორიაზე ბიზნესობიექტების მეპატრონეები. ფესტივალმა წელს მოლოდინი არ გაამართლა და მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ფინანსურად იზარალა.

„ჩვენ ვართ ეკონომიკური სასწაულის მომსწრე“, - ამ სიტყვებით წარადგინა ერთთვიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, GEM fest 2017, მისმა დამფუძნებელმა დაწყებიდან ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე. გიორგი სიგუამ მაისის თვეში ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოებისას განაცხადა, რომ ათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქემ რამდენიმე თვით ადრე ანაკლია-განმუხურში და მიმდებარე სოფლებში ოთახები იქირავა საოჯახო სახლებსა და სასტუმროებში. უშუალოდ ფესტივალის გახსნის დღეს კი, 14 ივლისს, მან ციფრი დაასახელა, თუ რამდენ ტურისტს ელოდა.

„ამ წუთისთვის 7 ათასი ტურისტი ჩამოვიდა განმუხურში და მათი რიცხვი ყოველწუთიერად მატულობს. მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი გაიხსნა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ერთ თვეში სულ ცოტა 50 ათასამდე ტურისტი ეწვევა სამეგრელოს ამ ორ პატარა სოფელს“, - თქვა გიორგი სიგუამ ფესტივალის გახსნის დღეს.

განმუხური ფესტივალის შემდეგ
განმუხური ფესტივალის შემდეგ

GEM fest-მა ეკონომიკური სასწაული ვერ მოახდინა, თუმცა წლის ფესტივალი ნამდვილად გახდა, ოღონდ არა მისი წარმატების გამო, უფრო პირიქით. ჯერ იყო და, ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა უბედური შემთხვევისა და ნარკოდანაშაულების გამო. ფესტივალის გახსნის დღიდან მის დასრულებამდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ჯამში, სხვადასხვა მიზეზით 33 ადამიანი მოათავსეს. ჰოსპიტლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 14 მოქალაქე ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით იყო მოწამლული, ერთი კი გარდაიცვალა. ტერიტორიაზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა - მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც - ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით.

მოგვიანებითGEM fest-ი კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად იმის გამო, რომ მცირე ბიზნესის მფლობელებმა ცუდი მუშაობისა და ტურისტთა სიმცირის მიზეზით ტერიტორიის დაცლა დაიწყეს. კვებისა თუ სხვადასხვა გასართობი ობიექტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წელს არათუ ფინანსური მოგება ნახეს, ახალი ვალები დაიმატეს. მათ პრეტენზია ფესტივალის დამფუძნებელთან აქვთ:

„GEM fest-ის განცხადებები, რომ ამდენი ბილეთია გაყიდული და ამდენ დამსვენებელს ველოდებითო, ეს ყველაფერი სიყალბე აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში. ყველა ობიექტი არის ძალიან რთულ სიტუაციაში. ზოგმა სახლი დაკარგა, ზოგს ბიზნესი ჩაეძირა და, ანუ, ყველაზე კარგად იმუშავა საპირფარეშომ და თამბაქომ“, - ამბობს ერთ-ერთი ბარის თანამშრომელი, გიორგი აბრამიშვილი. მის განწყობას იზიარებენ სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები.

მაგალითად, გიორგი ჭანტურია, რომელიც კვების ობიექტის მენეჯერია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის საკვებს და სასმელს დაბალ ფასად ვთავაზობდით, მეტწილად დაწესებულება ცარიელი იყოო.

„ზოგადად, არ იყო პროგრამა, რომლითაც ვიღაც შეიძლებოდა დაინტერესებულიყო. ამან გამოიწვია ის, რომ კვირის შუა დღეებში ერთმანეთთან დავდიოდით..." - ამბობს გიორგი ჭანტურია.

ზევით სამი, ქვევით კი ორი ოთახი გამოვაწყვე. ორწლიანი სესხი მაქვს, ბანკში წელს 12 ათასი ლარი მაქვს გადასახდელი. არადა, დამსვენებლები ჩემთან არ იყო, მარტო ჩემთან კი არა, საერთოდ არ იყო...
მედიკო შენგელია

წლევანდელი სეზონით უკმაყოფილო არიან კერძო სასტუმროს მფლობელებიც, რომლებმაც სახლები საბანკო სესხების დახმარებით სასწრაფოდ ფესტივალისთვის შეაკეთეს:

„ზევით სამი, ქვევით კი ორი ოთახი გამოვაწყვე. ორწლიანი სესხი მაქვს, ბანკში წელს 12 ათასი ლარი მაქვს გადასახდელი. არადა, დამსვენებლები ჩემთან არ იყო, მარტო ჩემთან კი არა, საერთოდ არ იყო“, - ამბობს განმუხურში მცხოვრები მედიკო შენგელია.

განმუხურსა და ანაკლიაში მცირე სასტუმროს მფლობელების ნაწილმა ფესტივალის დაწყებამდე ხელშეკრულება გააფორმა ადმინისტრაციასთან. ისინი მთელი თვით გარკვეული თანხის სანაცვლოდ GEM fest-ს უთმობდნენ ოთახებს ტურისტებისთვის. ბიზნესში ჩართული ოჯახების ნაწილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ამ დრომდე ელოდება. მათ შორის არის ანაკლიელი ინდირა ქვაჩახია.

„ჩემთვის უნდა მოეცათ 25 ათასი ლარი. GEM fest-ს არ ჰქონდა ამის გადახდის საშუალება. მე შევედი მდგომარეობაში და 5 ათასი დავუკელი. ჩემთან მოიქცნენ, როგორც წესი და რიგია. ფული, რაც სასწრაფოდ მქონდა გასასტუმრებელი, მომცეს. დარჩათ ჩემთვის გადასახდელი 8 ათასი ლარი. თქვეს, როცა სესხის ვადა მოვა, მაგ დროისთვის მომცემენ დარჩენილ ფულს“, - ამბობს ინდირა ქვაჩახია.

ფესტივალის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ, მიუხედავად მათთვისაც შექმნილი მძიმე ფინანსური ვითარებისა, კუთვნილ თანხას გადაუხდიან კერძო სახლების მფლობელებს. GEM fest 2017 -ის პროექტების მენეჯერი ლაშა წურწუმია ამბობს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოუწევს არა მარტო ფესტივალის ადმინისტრაციას, არამედ მეიჯარეებსაც:

„იყვნენ ობიექტები, რომლებიც ნოლზე გავიდნენ, მაგრამ დარჩათ ის, რაც ააშენეს, და იყვნენ ობიექტები, რომლებიც პლუსში გავიდნენ, მაგრამ ისინი არ დადიან და არ ყვირიან, არიქა, ავშენდითო. იგივე ჩვენც მინუსში გავედით და ეს ბიზნესრისკია. მათ აქვთ ჩვენთან ხელშეკრულებები გაფორმებული, რის საფუძველზეც თანხები უნდა გადაგვიხადონ“, - ამბობს ლაშა წურწუმია.

განმუხური ფესტივალის შემდეგ
განმუხური ფესტივალის შემდეგ

გარდა სასტუმროების მფლობელებისა, კუთვნილ თანხას ამ დრომდე ელოდება ფესტივალის თანამშრომლების ნაწილი. ბილეთების კონტროლზე დასაქმებულმა 42-მა ახალგაზრდამ კუთვნილი 500 ლარის ნაცვლად ხელფასის სახით მხოლოდ 100 ლარი მიიღო. დასაქმებულებმა ეს ფაქტი ჯერ გააპროტესტეს, ადმინისტრაციის მხრიდან უყურადღებობის შემდეგ კი, მოგვიანებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით, ხელშეკრულების დარღვევის გამო, GEM fest-ის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი მოამზადეს:

„ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და GEM fest-ის ადმინისტრაციას შევხვდებით სასამართლოში“, - განაცხადა ბილეთების კონტროლიორმა, ცაბუნია ვართაგავამ.

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ უკმაყოფილო თანამშრომლებს პასუხი მაკედონიიდან დაბრუნების შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“საშუალებით გასცა გიორგი სიგუამ:

„ფესტივალზე 350 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც დაახლოებით 35-მა ბოლომდე ვერ აიღო გასამრჯელო, მაგრამ არსად არ გავქცეულვარ და ყველა მათგანი თანხას ბოლო კაპიკამდე მიიღებს“.

დამფუძნებელი ფესტივალისა, რომელიც CheckinGeorgia-სფარგლებში სახელმწიფოსგან თითქმის 2 მილიონი ლარით დაფინანსდა, ამბობს, რომ მზად არის უპასუხოს გამოძიების კითხვებს, გამოძიებისა, რომელიც შესაძლო ფინანსური დარღვევების გამო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 17 აგვისტოს დაიწყო. გიორგი სიგუა მიიჩნევს, რომ ფესტივალისთვის დამაზარალებელი აღმოჩნდა მისი ერთთვიანი ხანგრძლივობა, რასაც სამომავლოდ გაითვალისწინებს. გიორგი სიგუას სიტყვებით, GEM fest-ის მომავალ პერსპექტივებზე ვრცელ გეგმას მოგვიანებით დადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG