Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტის ახალ რექტორად ვლადიმერ პაპავა აირჩიეს


ვლადიმერ პაპავა
ვლადიმერ პაპავა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ პოსტს ვლადიმერ პაპავა დაიკავებს - საბჭოს 12 წევრიდან ათი ხმა სწორედ მას ერგო, 2 ხმა კი ირმა რატიანმა მიიღო. არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 16 აგვისტოს 2 საათზე დაიწყო და ხმის მიცემა ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დამკვირვებლების შეფასებით, კენჭისყრის პროცედურამ დარღვევების გარეშე ჩაიარა. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე კვიტაშვილს. მან ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით მედიასთან საუბარში განმარტა.

უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების საბოლოო შედეგები საზოგადოებას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით ბოსტოღანაშვილმა გააცნო:
„ხმის მიცემის პროცედურამ მშვიდად ჩაიარა, რაიმე შენიშვნები ან ხარვეზები არ დაფიქსირებულა ამ ორი საათის განმავლობაში, რაც კენჭისყრა მიმდინარეობდა, ხმებიკი ასე გადანაწილდა: ვლადიმერ პაპავა - ათი ხმა, ირმა რატიანი- ორი ხმა. ალექსანდრე კვიტაშვილმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო სხვა კანდიდატებს არც ერთი ხმა არ მიუღიათ“.

დარეგისტრირებული 14 კანდიდატიდან რექტორობისათვის არჩევნების დღეს 13 მათგანი იბრძოდა. მათგან ერთ-ერთმა, მარინა ჩიტაშვილმა, ორი დღით ადრე თავისი კანდიდატურა მოხსნა. საარჩევნო უბანი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დღის ორის ნახევარზე გაიხსნა, ორზე კი კენჭისყრა დაიწყო და ოთხ საათამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში უნივერსიტეტის მომავალი რექტორის სასურველ კანდიდატურას ხმა აკადემიური საბჭოს 12-მა წევრმა მისცა. ხმის მიცემისგან თავი მხოლოდ უნივერსიტეტის რექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა შეიკავა.

სადამკვირვებლო მისიამ დღევანდელი არჩევნები შეაფასა ობიექტურად, პროცესი იყო სამართლიანი და გამჭვირვალე, ჩვენთვის საჩივრით არავის მოუმართავს...
არჩილ კაიკაციშვილი
რექტორის არჩევნებს უნივერსიტეტში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. ერთ-ერთი მათგანის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ მედიასთან რექტორის არჩევნები შეაფასა როგორც გამჭვირვალე და ობიექტური:

„სადამკვირვებლო მისიამ დღევანდელი არჩევნები შეაფასა ობიექტურად, პროცესი იყო სამართლიანი და გამჭვირვალე, ჩვენთვის საჩივრით არავის მოუმართავს“.

აკადემიური საბჭოს წევრმა ალექსანდრე შენგელაიამ არჩევნების შედეგების გახმაურების შემდეგ მედიასთან ახსნა, თუ რატომ დაუჭირა მხარი რექტორის თანამდებობაზე ლადო პაპავას:

„მე ვფიქრობ, რომ ლადო პაპავა არის ღირსეული მეცნიერი, დიდი სასწავლო გამოცდილებაც აქვს, არის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დიდი გამოცდილება აქვს მართვის თვალსაზრისითაც და ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო კანდიდატი იყო ამ თანამდებობაზე“.

უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებსა და არჩევნების შედეგებზე კომენტარი თავად ლადო პაპავამაც გააკეთა, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით 28-ე რექტორი გახდა: "შესაცვლელი ბევრი რამეა, თუმცა პირველ რიგში უნივერსიტეტმა სტუდენტს საერთაშორისო დონის ადეკვატური ცოდნა უნდა მისცეს. სწორედ ამ მიმართულებითაა ნაბიჯები გადასადგმელი. კიდევ ცალკე მიმართულებაა, რომ უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევა გაძლიერდეს და ამაში სტუდენტებიც ჩაერთონ. ასევე მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის რაციონალურად გამოსაყენებელი, ისე, რომ უნივერსიტეტის ყველა პროფესორს ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, ასევე დამატებითაც მოსაძიებელია სახსრები, რაც მათ დამატებით ანაზღაურებას მისცემს".

არჩევნების პარალელურად უნივერსიტეტის ბაღში სტუდენტების ერთი ნაწილი აქციას მართავდა. მისი ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ლორთქიფანიძის თქმით, ამ აქციით ისინი შეახსენებდნენ აკადემიურ საბჭოს, რომ რექტორის არჩევა მხოლოდ 12 ადამიანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და იქვე მოუწოდებდნენ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურების სასარგებლოდ არჩევანი არ გაეკეთებინათ:

„სექტემბრიდან ჩვენ ვგეგმავთ დავიწყოთ სტუდენტური მოძრაობა იმისათვის, რომ უნივერსიტეტში 12 კაცი არ იღებდეს ყველა გადაწყვეტილებას, არამედ ამ პროცესში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი იყოს ჩართული“.

მეც მქონოდა ხმა ამ არჩევნებზე, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო იმ 12 კაციან საბჭოს, რომელსაც მე ჩემი გადადგომით ვანდე უნივერსიტეტის რექტორის ბედის გადაწყვეტა. მე არ მინდოდა, რომ ჩემი მეცამეტე ხმა გადამწყვეტი ყოფილიყო...
ალექსანდრე კვიტაშვილი
უნივერსიტეტის რექტორობისათვის 16 აგვისტოს არჩევნებზე იბრძოდნენ ვლადიმერ პაპავა, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მარინა მუსხელიშვილი, მედეა ჩუხუა, დავით გოცირიძე და გიორგი ქავთარაძე.
არჩევნების შედეგებით იყვნენ უკმაყოფილო კანდიდატებიც, მათ შორის, გიორგი ქავთარაძე, რომელმაც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების პროცესს სანახაობა უწოდა.

როგორც ითქვა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე კვიტაშვილს. მან მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ გააკეთა მედიასთან კომენტარი და განაცხადა, რომ ყველა კანდიდატს ჰქონდა საარჩევნო კამპანის წარმოების თანაბარი პირობები, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა სტუდენტებს და პროფესურას, ასე რომ, კვიტაშვილის თქმით, არჩევნების შედეგები ეჭვს არ იწვევს. თავისი გადაწყვეტილება კი, არ მიეღო მონაწილეობა უნივერსიტეტის ახალი რექტორის არჩევნებში, ალექსადნრე კვიტაშვილმა ასე ახსნა:

„მე თავის დროზე 12-მა ადამიანმა ამირჩია, საბჭოს წევრებს ვგულისხმობ. იურიდიულად, შესაძლოა, გამართლებული ყოფილიყო, რომ რადგან საბჭოს წევრი და რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ, მეც მქონოდა ხმა ამ არჩევნებზე, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო იმ 12 კაციან საბჭოს, რომელსაც მე ჩემი გადადგომით ვანდე უნივერსიტეტის რექტორის ბედის გადაწყვეტა. მე არ მინდოდა, რომ ჩემი მეცამეტე ხმა გადამწყვეტი ყოფილიყო, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ ბატონმა ლადო პაპავამ 10 ხმა მიიღო და მე მას ვულოცავ ამ გამარჯვებას“.

ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ის უნივერსიტეტის საქმეებს მალე გადააბარებს ახალ რექტორს, ლადო პაპავას, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა კი, რომელზეც რექტორი წარდგება, ახლო მომავალში გაიმართება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG