Accessibility links

საქართველოში ყველაზე დიდი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში მეორე თვეა, რაც გაიხსნა და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურით ფუნქციონირებს. ცენტრის სამსართულიან შენობაში განთავსებულია მითოლოგიური მეფე აიეტის მუზეუმი, საკონფერენციო დარბაზი და ტურისტების მომსახურების კუთხე, უახლოეს ხანებში კი იგეგმება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, სუვენირების მაღაზიის, კვების ობიექტისა და ბარგის შესანახი ოთახის მოწყობა.

ქუთაისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ტატო ლილუაშვილის, განცხადებით, ცენტრი ყოველდღიურად ათეულობით უცხოელ ვიზიტორს ემსახურება.

ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მუშაობის პარალელურად, ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ქუთაისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი უკლება. მისი ინფორმაციით, საკრებულომ გასულ კვირაში დაამტკიცა საბიუჯეტო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ქალაქში სარეკლამო ტურისტული ლოგოები უნდა განთავსდეს. გიორგი უკლებას განცხადებით, ქუთაისი მოუწყობელი ინფრასტრუქტურით დახვდა მსოფლიო დონის ღონისძიებას, 20 წლამდე მორაგბეთა შეჯიბრებებს, რომლებიც გასულ თვეში ჩატარდა და რაგბის ტურნირებზე ქალაქს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 5 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობდა.

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროებაზე ლაპარაკობენ ტუროპერატორებიც. ტურისტული სააგენტო „ტრეველ თუ ჯორჯიას“ ხელმძღვანელის, ლაშა ბერეკაშვილის, განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების მხრიდან მოიმატა მოთხოვნამ საჯომარდო ტურებზე და უკვე ორი წელია, ადგილობრივი თვითმმართველობისგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ჯომარდობისთვის სტარტისა და ფინიშის ადგილების კეთილმოწყობის დაპირებას იღებენ, თუმცა უშედეგოდ.

ლაშა ბერეკაშვილის თქმით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო კომპანიას მოუწია უარი ეთქვა ვიზიტორებისთვის საჯომარდო ტურების შეთავაზებაზე. ტურისტებს საჯომარდო ტურს, არსებული პირობების მიუხედავად, სთავაზობს კომპანია „კოლხატური“, თუმცა, როგორც ტუროპერატორი არჩილ გეგენავა ამბობს, კარგი სერვისი მეტი ვიზიტორის მიზიდვის წინაპირობაა და ტურიზმის განვითარება თუ ქვეყნის პრიორიტეტია, აუცილებელია ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს.

ტუროპერატორების პასუხად ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ პროექტი შემუშავებულია, თუმცა გადაწყვეტილი არ არის, როდის მომზადდება მდინარე რიონის სანაპირო საჯომარდო ტურებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG