Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე ჩხარტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს უჩივის


გიორგი გიორგაძე
გიორგი გიორგაძე
ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ის მიხეილ სააკაშვილს ტელეკომპანია "მზის" გასხვისებაში ადანაშაულებს და ტელეკომპანიის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მისმა პრესმდივანმა გიორგი გიორგაძემ, რომელმაც ჟურნალისტებს ივანე ჩხარტიშვილის წერილი გააცნო. თუ სად და როდის შევა სარჩელი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ამის თაობაზე ბიზნესმენის პრესმდივანს არაფერი უთქვამს. პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ ივანე ჩხარტიშვილმა ლონდონში პირველი ქართული საერთაშორისო მაუწყებელი ”მზერა” დააფუძნა, რომლის მაუწყებლობაც პირველ ეტაპზე ინტერნეტის საშუალებით განხორციელდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ემიგრაციაში მყოფი ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დასაბრუნებლად სამართლებრივ პროცესს იწყებს, 22 მაისს გავრცელდა. სწორედ ეს თარიღია მითითებული წერილის ბოლოს, რომელსაც ლონდონში მყოფი ივანე ჩხარტიშვილი აწერს ხელს. წერილის შინაარსი ჟურნალისტებს ბიზნესმენის პრესმდივანმა გიორგი გიორგაძემ გააცნო და ისიც განაცხადა, რომ ივანე ჩხარტიშვილმა ლონდონში პირველი ქართული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია ”მზერა” დააფუძნა.

”სახელწოდება შემთხვევით არ არის შერჩეული. ”მზერა” ერქვა ტელეკომპანია ”მზის” საინფორმაციო გამოშვებას. ეს ტელეკომპანია კი, სხვა არაერთი მედიასაშუალების მსგავსად, დღევანდელი ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთით იქნა მეპატრონეებისთვის წართმეული”, - კითხულობს გიორგი გიორგაძე ივანე ჩხარტიშვილის წერილს.
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად, იძულებული გავხდი ტელეკომპნია ”მზე” სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ სუბიექტზე გადამეფორმებინა. წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, რადგან რეალური საფრთხის წინაშე დავდექი და არა მარტო მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრები, ბიზნესპარტნიორები და ბიზნესსტრუქტურების ასობით თანამშრომელი...
ივანე ჩხარტიშვილი

როგორც ტელეკომპანია ”მზის” ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელები არიან ლევან ყარამანაშვილი და გიორგი გეგეშიძე. ტელეკომპანია ”მზე” 2003 წელს დაარსდა. მის ერთ-ერთ დამფუძნებლად, რამდენიმე ადამიანთან ერთად, მოიხსენიება ივანე ჩხარტიშვილი, რომელიც 2003 წლის სექტემბერში ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედაც აირჩიეს. მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიტუაცია 2005 წელს გართულდა, როდესაც ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია ”მზე” იმ დროს ბიზნესმენს, ამჟამად კი პარლამენტარს, დავით ბეჟუაშვილს გადასცა. თუმცა 23 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანე ჩხარტიშვილის პრესმდივანს გიორგი გიორგაძეს, გარდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა, სხვა კონკრეტული პიროვნებების შესახებ არ ულაპარაკია. მის მიერ წაკითხული წერილის შინაარსის თანახმად, მომზადებულია სარჩელი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

”პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად, იძულებული გავხდი ტელეკომპნია ”მზე” სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ სუბიექტზე გადამეფორმებინა. წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, რადგან რეალური საფრთხის წინაშე დავდექი და არა მარტო მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრები, ბიზნესპარტნიორები და ბიზნესსტრუქტურების ასობით თანამშრომელი”, - ციტირებს გიორგი გიორგაძე ივანე ჩხარტიშვილის სიტყვებს.

თუ ვინ არის კონკრეტული სუბიექტი, ვისაც ივანე ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია ”მზე” გადაუფორმა, ეს გიორგი გიორგაძეს ჟურნალისტებისთვის არ უთქვამს. უპასუხოდ დარჩა ყველა კითხვა, რომლებიც ჟურნალისტებმა მას დაუსვეს. ერთ-ერთი კითხვა ტელეკომპანია „მზეში“ ივანე ჩხარტიშვილის წილსაც შეეხებოდა. მედიაში წლების განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წილს ფლობდა ივანე ჩხარტიშვილი ტელეკომპანიაში - ის ხან 10, ხან 15, ხან კი 100 პროცენტიანი წილის მფლობელად სახელდებოდა. ჟურნალისტებმა ვერც ამ კითხვაზე მიიღეს პასუხი. გიორგი გიორგაძის თქმით, ამ და სხვა კითხვებზე ლონდონში მყოფი ივანე ჩხარტიშვილი თავად გასცემს პასუხს.
მაშინ ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა ჩხარტიშვილზე. კარგად მახსოვს ის პერიოდი. მას მოუწია წილის დათმობა...
ზვიად ქორიძე

”ყველა შეკითხვა პასუხგაცემული იქნება ონლაინ პრესკონფერენციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიგეგმება”, - ამბობს გიორგი გიორგაძე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, 23 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი გიორგაძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ ვის გულისხმობდა ივანე ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ სუბიექტში, რომელზეც მას ტელეკომპანია ”მზის” გადაფორმება მოუხდა. თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მედიასაშუალებებით იმის თაობაზე, რომ ბიზნესმენმა ტელეკომპანია დავით ბეჟუაშვილს გადაუფორმა. ამის შესახებ ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, რომელიც 2004-2005 წლებში ტელეკომპანი ”მზეში” საინფორმაციო სამსახურის წინასწარი დაგეგმვის პროდიუსერად მუშაობდა. როგორც ის იხსენებს, სწორედ იმ პერიოდში მოუწია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს ტელეკომპანიის ჯერ 25 პროცენტიანი, შემდეგ 50 პროცენტიანი და, ბოლოს, მთლიანი წილის დათმობა. ზვიად ქორიძის სიტყვებით, ტელეკომპანია ”მზე” დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის მფლობელობაში გადავიდა:
ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

”მაშინ ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა ჩხარტიშვილზე. კარგად მახსოვს ის პერიოდი. მას მოუწია წილის დათმობა. თანდათანობით ეს წილი გაიზარდა, გახდა 50 პროცენტი და 2005 წლის შემოდგომიდან ვანო ჩხარტიშვილს მთლიანად მოუწია ტელევიზიის დათმობა.”

ტელეკომპანია ”მზე” ზვიად ქორიძემ დატოვა 2005 წლის სექტემბერში, როცა ტელეკომპანიის მენეჯმენტის განხორციელება მთლიანად ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” წარმომადგენლობამ იტვირთა, რომელიც, ზვიად ქორიძის თქმით, დავით ბეჟუაშვილის კომპანია იყო. მისივე სიტყვებით, კომპანია ხელახლა 2007 წელს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირდა. უცნობი იყო დამფუძნებლის ვინაობა, თუმცა, ზვიად ქორიძის თქმით, საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობით აღჭურვილი პირი დავით და გელა ბეჟუაშვილების მამა, რობერტ ბეჟუაშვილი იყო. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, მოგვიანებით ”საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” ტელეკომპანია ”მზის” საკუთარი წილი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიას ”ჩემექსიმ ინტერნეშენალს” მიჰყიდა. აღნიშნული კომპანიის დირექტორად მედიასივრცეში რობერტ ბეჟუაშვილი სახელდება.
XS
SM
MD
LG