Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თრიალეთი” “ინფო-9”-ის წინააღმდეგ


ტელეკომპანია „თრიალეთის“ შენობა
ტელეკომპანია „თრიალეთის“ შენობა
ტელეკომპანია „თრიალეთი“ საინფორმაციო სააგენტო “ინფო-9”-ს კადრების გადაბირებაში ადანაშაულებს. 3 სექტემბერს ტელეკომპანიამ საინფორმაციო პროგრამა გააჩერა და ამის მიზეზად არასაკმარისი რესურსი დაასახელა. კომპანიის ხელმძღვანელობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაპირების მიუხედავად, რომ “ინფო-9” არ წაიყვანდა კადრებს „თრიალეთიდან“ და ამით არ დააზარალებდა ტელეკომპანიას, მოხდა პირიქით და საინფორმაციო სააგენტომ კომპანიის 9 თანამშრომელი გადაიბირა, რაც საინფორმაციო პროგრამის შეჩერების მიზეზი გახდა. “თრიალეთი” “ინფო-9“-ს არაკოლეგიალურ საქციელში ადანაშაულებს.

“ინფო-9”-ის ხელმძღვანელი მანანა ელიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში “თრიალეთიდან” ჟურნალისტების და ოპერატორების გადაბირების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მან მხოლოდ უმუშევრად დარჩენილები დაასაქმა, ტელეკომპანიამ კი, რომელმაც ცოტა ხნის წინ წილი მილიონ დოლარად გაყიდა, პრობლემები საკუთარ თავში უნდა ეძებოს.

„ჩვენი ჯგუფები გორში, ხაშურში, ქარელში, კასპსა და ბორჯომში სამ თვეზე მეტია მუშაობენ. რაც შეეხება ბოლო პერიოდს, გორში ნამდვილად დავამატეთ ერთი ჯგუფი. გორში სულ 5 ჯგუფი მყავს. აქედან 3 თბილისელია და 9 კაცს როგორ წამოვიყვანდი? ამ ადამიანებს როდესაც სამსახურში ვიღებდი, ნამდვილად უმუშევრები იყვნენ. არავინ არსაიდან არ გადმომიბირებია. ჩემთვის ცოტა უცნაურია, რომ “თრიალეთი” დღეს წყვეტს საინფორმაციო გამოშვებებს. მე მოვიკითხე და მითხრეს ჩემმა ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ იღებდნენ ხელფასს და მათი ხელფასი იყო ძალიან მიზერული. მე არავინ გადმომიბირებია. ჩემს ინტერესებში არ შედის, რომ ვიღაცას ვინმე წავართვა. როგორც ჩანს, ხელფასები რომ ვერ გადაუხადეს, ის თანამშრომლები იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ. გარდა ამისა, როგორც მითხრეს, წილი გაუყიდიათ სოლიდურ თანხად და, თუ თანხა არსებობდა, სახელფასო დავალიანება არ უნდა არსებულიყო. ჯობია საკუთარ თავში ეძებონ პრობლემები, ვიდრე სხვას გადააბრალონ“, – აცხადებს მანანა ელიაშვილი.

ტელეკომპანია “თრიალეთის” დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი აცხადებს, რომ მასთან დასაქმებულებს ხელფასი არასოდეს უგვიანდებოდათ, “ინფო-9” კი იმ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, რომელიც, კოლეგიალობიდან გამომდინარე, მათ შორის არსებობდა. ნანეტაშვილს პრეტენზია ჟურნალისტებთან არა აქვს. მისი აზრით, კადრების მასობრივი წაყვანით საინფორმაციო სააგენტო მას სხვა კადრებით ჩანაცვლების დროს არ უტოვებდა.

„ხელფასი არ იგვიანებდა, ხელფასი “ინფო-9”-თან შედარებით, რა თქმა უნდა, დაბალია. ვერ გავეჯიბრები “ინფო 9”-ს და არც ვეჯიბრებით არავის. ჩვენთან ჩვეულებრივი ხელფასია. სხვა რეგიონალურ ტელევიზიებთან შედარებით, ნორმალური ხელფასია. ამ ხელფასზე ვღებულობდით ხალხს, მოდიოდნენ, იწყებდნენ მუშაობას, მაგრამ შემდეგ “ინფო-9” შესთავაზებდა თუ თვითონ სთავაზობდნენ და ეძებდნენ მაღალ ხელფასს და გადადიოდნენ მაღალ ხელფასზე. ჩვენ არა გვაქვს პრეტენზია, თუ რატო ეძებს სხვა სამსახურს ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა უნდა მოძებნოს უფრო კარგი სამსახური, უფრო მაღალხელფასიანი, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ „ინფო-9“-ს ვთხოვეთ ასეთი რამე, რომ მოულოდნელად ხალხის წაყვანას როცა ახდენ, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვიფუჭდება, საინფორმაციო ვარდება. ამიტომ გთხოვთ, რომ ამის შემდეგ თუ ვინმეს წაიყვანთ, იქნებ 2–3 კვირის ვადა მოგვცეთ, რომ ეს ადამიანები სხვებით ჩავანაცვლოთ. დაგვპირდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე გამეორდა. ვურეკავდით და ზარებს არ პასუხობდნენ, წერილებს ვუგზავნიდით და ამის შემდეგ კიდევ გაიმეორეს ასეთი რაღაცა. ბოლოს და ბოლოს, აღარა გვაქვს საშუალება“, – აცხადებს ბადრი ნანეტაშვილი.

ბოლო ხანებში „თრიალეთი“ კადრების დენადობის პრობლემამ მართლაც შეაწუხა. ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლების ერთი ნაწილი „ინფო-9“-სა და ტელეკომპანია „მე-9 არხზე“ გადავიდა სამუშაოდ. რამდენი ხნით გაჩერდა საინფორმაციო გამოშვება, ამას ჯერჯერობით ვერავინ ამბობს. ტელევიზიამ ახალი კადრების მიღების შესახებ განცხადება უკვე გაავრცელა. ამ თემაზე სოციალურ ქსელში დაწყებულ დისკუსიაში სხვა ჟურნალისტებიც ჩაერთვნენ, რომლებიც აღნიშნავენ, რომ „მე-9 არხის“ მიერ მილიონ დოლარად ნაყიდი წილის სანაცვლოდ ადგილობრივი ტელევიზია უნდა განვითარებულიყო და ხელფასებიც უნდა გაზრდილიყო, რაც „თრიალეთს“ აღნიშნულ პრობლემას თავიდან ააცილებდა.
XS
SM
MD
LG