Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზადება უბლოკო სტატუსიის მომხრეთა შესაგროვებლად


საქართველოსთვის ე.წ. „უბლოკო სტატუსის“ მინიჭების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში შესული განცხადება, ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რეგისტრაციაში გასატარებლად საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცა. მხოლოდ კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ შეძლებს საინიციატივო ჯგუფი თავისი მხარდამჭერი მოქალაქეების ხელმოწერათა შეგროვების დაწყებას. ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ამ ინიციატივის პარალელურად პოლიტიკურ წრეებში რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის, ინიციატივაზეც აქტიურად მსჯელობენ. რესპუბლიკელთა ინიციატივა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საკონსტიტუციო გარანტიების შექმნას გულისხმობს, კონსტიტუციის პრეამბულაში სპეციალური განმარტების ჩამატების გზით.

გადმოწერა

პარლამენტის ბიუროს 17 აგვისტოს სხდომაზე კვორუმის შეგროვების პრობლემა აღარ წარმოშობილა. 2 დღით ადრე ამ მიზეზით ჩაიშალა სხდომა, რომელზეც კონსტიტუციაში ქვეყნის უბლოკო სტატუსის ჩაწერის შესახებ განაცხადის რეგისტრაციაზე უნდა ემსჯელათ, ამ მოთხოვნით „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ხელმოწერების შეგროვებას აპირებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხს საპროცედურო კომიტეტი განიხილავს.

ნინო ბურჯანაძის ინიციატივის საპირწონედ დავით უსუფაშვილის ინიციატივას, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც ქართველი ხალხის სურვილზეა საუბარი, დაემატოს ფრაზა: „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში“, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ. განმარტება ამ საკითხზე ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა:

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„უკვე მაოგნებს - აღარ მაოცებს, მაოგნებს - კომენტარები იმის შესახებ, რომ იცით, საარჩევნო კამპანიაა და უსუფაშვილი ამიტომ გამოვიდა ინიციატივითო, ყველას მინდა ამოცანები შევუმსუბუქო. თუ ამბობენ, რომ საარჩევნო კამპანიას უკავშირდება, კი, მეგობრებო, საარჩევნო კამპანიას უკავშირდება. დიახ, არჩევნებზე მიმავალი ვეუბნებით ხალხს, რომ აგვირჩიეთ, რომ ეს ჩავწეროთ კონსტიტუციაში-თქო. ამიტომ, ყველა პოლიტიკურ ძალას მივმართავ: საკითხის არსთან დაკავშირებით, თუ აქვთ სურვილი, მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი პოზიციები“.

დავით უსუფაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის, კომენტარი. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი სესიაშვილი „უბლოკო სტატუსს“ ოკუპაციის, ანუ არსებული სტატუს კვოს, აღიარებად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ამას ქართული სახელმწიფო არასოდეს შეეგუება, რესპუბლიკელების ინიციატივას წინასაარჩევნო სვლად აფასებს:

„თემა დაიწყო ბურჯანაძემ და საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას ახდენს და ეს მომენტი გამოიყენა უსუფაშვილმა. ერთი ცდილობს რუსეთის ორბიტისკენ მიმავალი სურვილის მქონე ამომრჩეველი მოიპოვოს, ბატონ უსუფაშვილს სურს ექსკლუზივი მოიპოვოს პროდასავლურ ორიენტაციაზე, რისი მცდელობებიც ბატონ უსუფაშვილს, რესპუბლიკელებს, ჰქონდათ კოალიციაში ყოფნისასაც“.

მართლა გაკვირვებას იწვევს საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციაში ჩაწერის საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება ისეთი ადამიანისგან, როგორიც დავით უსუფაშვილია...
მიხეილ მაჭავარიანი

აზრი ორივე საკონსტიტუციო ინიციატივასთან მიმართებით გამოთქმული აქვთ პარლამენტის უმცირესობის წევრებს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომლებიც კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობის გამო საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ, უბლოკო სტატუსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის ურყეობის თაობაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს, რესპუბლიკელების გვერდის ავლით, თავადვე გაიტანენ ახალი მოწვევის პარლამენტში. ამის შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა პარტიის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა:

„მართლა გაკვირვებას იწვევს საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციაში ჩაწერის საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება ისეთი ადამიანისგან, როგორიც დავით უსუფაშვილია. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი დავითი იყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. თუ მას ასეთი ინიციატივა ჰქონდა, ჯერ ერთი, შეეძლო მხარი დაეჭირა ამ ინიციატივისათვის, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დავაყენეთ იგი, ან მას დაეყენებინა ეს ინიციატივა დამოუკიდებლად და ამას არ დასჭირდებოდა 4 წელი და კოალიციიდან გაბრძანება, გაძევება თუ გაყრა“.

რესპუბლიკელების ინიციატივას ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს „თავისუფალი დემოკრატები“ .

უბლოკო სტატუსის ინიციატორ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიგლა ბარამიძის, თქმით, პარტიებს მათ მიერ წამოჭრილი ნოვატორული ინიციატივის ეშინიათ.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დადებით რეკომენდაციას მისცემს საინიციატივო ჯგუფს, მათ 7 დღის შემდეგ, მომდევნო 4 თვის განმავლობაში, შეეძლებათ შეაგროვონ 200 ათასი ხელმოწერა საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მხარდამჭერებისა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG