Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნის უბლოკო სტატუსის განხილვა გადაიდო


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც ორი საკონსტიტუციო ინიციატივა უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, განცხადებით, ბიუროს მომდევნო სხდომა 17 აგვისტოს ჩატარდება, 15 აგვისტოს სხდომაზე კი საქართველოს პარლამენტის ბიუროს უნდა განეხილა განაცხადი კონსტიტუციაში ქვეყნის უბლოკო სტატუსის ჩაწერის შესახებ. ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას აპირებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე. ამასთან, ბიუროს უნდა ემსჯელა თავად დავით უსუფაშვილის ინიციატივაზე, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც ქართველი ხალხის სურვილზეა საუბარი, დაემატოს ფრაზა: ”დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.

ქვეყნის უბლოკო სტატუსის განხილვა გადაიდო
please wait

No media source currently available

0:00 0:05:44 0:00
გადმოწერა

პარლამენტის ბიუროს სხდომას სულ 9 დეპუტატი ესწრებოდა, სხდომის დასაწყებად კი მინიმუმ 17 დეპუტატის ყოფნა იყოს საჭირო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა სხდომის დასრულებამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ გია ვოლსკისთან, წინასწარი შეთანხმება არსებობდა, რომ სხდომას „ქართული ოცნება“ დაესწრებოდა. პარლამენტის სხდომებს ბოიკოტის გამო რამდენიმე თვეა არ ესწრება „ნაციონალური მოძრაობა“:

„მე გადავამოწმებ ჩემს კოლეგებთან, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებთან, თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა პარლამენტის ისტორიაში, რომ უმცირესობასთან ერთად უმრავლესობაც გარკვეული ბოიკოტის რეჟიმში იყოს, მაგრამ შეტყობინება იმის თაობაზე, თუ ვინ რატომ არ ესწრება, არ შემოსულა“.

ქართველი ხალხი ითხოვს ევროპულ უსაფრთხოებას, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ არის ბედნიერი და კმაყოფილი ამით, არის რუსეთი და არის საქართველოში პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სწორედ რუსეთის ინტერესებს გამოხატავენ...
ლევან ბერძენიშვილი

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ორი საკანონმდებლო ინიციატივა უნდა განხილულიყო. ერთ ინიციატივას, რომელიც საქართველოსთვის ე. წ. უბლოკო სტატუსის მინიჭებას შეეხება, მხარს უჭერს და მის დასაცავად ხელმოწერების შეგროვებას აპირებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე. მან 15 აგვისტოს ბრიფინგზე ყველა პროდასავლურ ძალას მოუწოდა მონაწილეობა მიიღოს ღია დებატებში, სადაც ის წარმოადგენს არგუმენტებს, თუ რატომაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უბლოკო სტატუსი:

„მოიყვანეთ თქვენი არგუმენტები, რომლითაც მოსახლეობას მისცემთ მყარ საფუძველს იფიქროს, რომ თქვენ ხართ მართლები, რომ ნატო და ამერიკა არის საქართველოს ერთადერთი გადარჩენის საშუალება. მე და ჩემი მეგობრები მოვიყვანთ ჩვენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, მაგრამ საქართველოს გადარჩენა არის არც ამერიკის შტატობა, არც რუსეთის გუბერნიობა, საქართველოს გადარჩენა არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების შესაფერისი პოლიტიკის წარმოება“.

„რესპუბლიკური პარტია“ მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძის ეს ინიციატივა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. სწორედ პროდასავლური ორიენტაციის დაცვის კონსტიტუციური გარანტიების შექმნას ითვალისწინებს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის, ინიციატივა, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც ქართველი ხალხის სურვილზეა საუბარი, დაემატოს ფრაზა: ”დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.

პარტიის წარმომადგენელ ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, უბლოკო სტატუსის ინიციატივა ღიად რუსეთის ინტერესების გამზიარებელი პოლიტიკური ძალის შემოთავაზებაა:

„ქართველი ხალხი ითხოვს ევროპულ უსაფრთხოებას, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ არის ბედნიერი და კმაყოფილი ამით, არის რუსეთი და არის საქართველოში პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სწორედ რუსეთის ინტერესებს გამოხატავენ. ამიტომ სრულიად ნათელია, რომ ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ შემოიტანა წინადადება, რომ კონსტიტუციურად გავაფორმოთ ეს ამბავი“.

„რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივას ღია მხარდაჭერას უცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები“, ეწინააღმდეგებიან მრეწველები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროდასავლურ კურსს უჭერენ მხარს, დაუჭერენ თუ არა მხარს ქვეყნის კონსტიტუციის პრეამბულაში სპეციალური ჩანართის გაკეთებას, ღიად არ უთქვამთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. პარტიის წევრთა განმარტებით, ეს ინიციატივა მათ ეკუთვნოდათ ჯერ კიდევ 2013 წელს და ამას არჩევნების შემდეგ, 2016 წელს, თვითონვე გაიტანენ პარლამენტში. თუმცა პარტია ქვეყნის უბლოკო სტატუსის წინააღმდეგია, ვინაიდან, როგორც პარტიის საარჩევნო სიის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე განმარტავს, საქართველოს ნეიტრალიტეტი ნიშნავს რუსული აგრესიისთვის გაღებულ კარს:

სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

„ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველო იყოს ნეიტრალური, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ კარს ვუღებთ რუსეთს მომავალი ოკუპაციისთვის, ანექსიისთვის და, ზოგადად, საქართველოში შემოსვლისთვის. ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ვიყოთ უსაფრთხოდ, - პირველ რიგში, უსაფრთხოდ რუსეთისგან, - ეს არის ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება და დამოუკიდებელი ძლიერი საგარეო პოლიტიკის ქონა“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა სიტყვებით, მათი პოლიტიკური საქმიანობა ისედაც ადასტურებს პოლიტიკური ძალის პროდასავლურ ღირებულებებს. ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, განაცხადა, ჟურნალისტებთან საუბარში:

„დავით უსუფაშვილი ცდილობს, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ მოუპოვოს დივიდენდები და ეს ნიშა დაიკავოს, რომ დასავლეთის პოლიტიკის გამტარებელი და ერთადერთი ფლაგმანია, რაც რეალობას არ შეესაბამება და ძალიან შორს არის რეალობისგან. რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, მე მგონი, საკმარისი და თვალსაჩინოა“.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის, სიტყვებით, დღეს მსოფლიოში არსებულ სამხედრო ბლოკთაგან, გადაწყვეტილების მიღების პრინციპის თვალსაზრისით, ყველაზე დემოკრატიული არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. საქართველოს სხვა არჩევანი თავის დასაცავად, გარდა ასეთი ტიპის ალიანსში გაწევრიანებისა, არა აქვს. საქართველოსთვის უბლოკო სტატუსი ნიშნავს იმას, რომ თავისი ბედი ჩააბაროს თავის გეოპოლიტიკურ გარემოს, სადაც ბევრი მიზეზი მოიძებნება საქართველოზე იერიშის მისატანად. უბლოკო სტატუსის პირობებში საქართველოს დაცვის ინტერესს არ გამოიჩენს არც ერთი სამხედრო ალიანსი. შესაბამისად, კახა გოგოლაშვილის აზრით, ეს არის რუსეთის მიმართ კაპიტულანტური პოზიცია. ამასთან, მისი თქმით, პროდასავლური ძალები ცდილობენ ევროატლანტიკური არჩევანი კონსტიტუციური ნორმით გაამყარონ და ამით შექმნან საკანონმდებლო გარანტიები, მათი არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ხელი შეეშალოს საქართველოს სხვა არადასავლურ ალიანსებში გაწევრიანებას. თუმცა, მისი თქმით, საქართველოს მსგავსი ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყანაში საკონსტიტუციო გარანტიები, სამწუხაროდ, არც ისე მყარია ხოლმე.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG