Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი რუსეთს: გაიყვანე ჯარები უკრაინიდან


იენს სტოლტენბერგი ნატოს ატლანტიკური საბჭოს სესიაზე, უკრაინაში
იენს სტოლტენბერგი ნატოს ატლანტიკური საბჭოს სესიაზე, უკრაინაში

უკრაინაში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს „თავისი ათასობით ჯარისკაცი“ უკრაინის ტერიტორიიდან. იენს სტოლტენბერგმა ალიანსის „უნიკალური პარტნიორი“ უწოდა უკრაინას, რომელიც 2020 წლისთვის ფიქრობს ნატოში გაწევრიანებისათვის აუცილებელი კრიტერიუმების მიღწევას.

გადმოწერა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შემდეგ, რუსეთს სწორედ უკრაინიდან მიმართა მკაცრი მესიჯით ნატოს გენერალურმა მდივანმა. ამასთან, თუ რექს ტილერსონი მიიჩნევს, რომ კრემლმა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას ყირიმში დაძაბულობის შესამცირებლად, იენს სტოლტენბერგი რუსეთს მოუწოდებს „გაიყვანოს თავისი ათასობით ჯარისკაცი“ უკრაინიდან, რომელსაც ნატოს გენერალურმა მდივანმა 10 ივლისს „უნიკალური პარტნიორი “ უწოდა.

უკრაინას ეფექტურ შეიარაღებაზე მეტად სჭირდება ძლიერი, ანგარიშვალდებული, დემოკრატიული ინსტიტუტები. მას სჭირდება ძლიერი, ანგარიშვალდებული და დემოკრატიული ლიდერები. უკრაინას სჭირდება, რომ თქვენ იყოთ საუკეთესო საუკეთესოებს შორის...
იენს სტოლტენბერგი

„ჩრდილოატლანტიკური საბჭო აქ, კიევში, ჩამოვიდა იმისათვის, რომ ვიზეიმოთ ჩვენი უნიკალური მეგობრობა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ უკრაინის მრავალმხრივ წვლილს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. უკრაინა ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ნატოს ყველა სამხედრო ოპერაციასა და მისიაში მონაწილეობს, მათ შორის, ავღანეთსა და კოსოვოში. ჩვენ აქ ვართ ასევე იმისათვის, რომ გამოვხატოთ ნატოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ და ჩვენი ურყევი მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა კიევში ნატოს ატლანტიკური საბჭოს სესიის დაწყების წინ.

იენს სტოლტენბერგმა კვლავ გაუსვა ხაზი უკრაინის სუვერენულ უფლებას აირჩიოს თავისი უსაფრთხოებისათვის მისაღები გაერთიანების წევრობა, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ჩერნოგორიამ, დასავლეთ ბალკანეთის პატარა სახელმწიფომ, რომელიც ივნისის დასაწყისში ოფიციალურად გახდა ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა.

იმავე დღეს კიევში, უკრაინის უმაღლესი რადის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, სტოლტენბერგმა დიპლომატიურად მიანიშნა უკრაინელ კანონმდებლებს, რომ ალიანსი არ აპირებს უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას.

„უკრაინას ეფექტურ შეიარაღებაზე მეტად სჭირდება ძლიერი, ანგარიშვალდებული, დემოკრატიული ინსტიტუტები. მას სჭირდება ძლიერი, ანგარიშვალდებული და დემოკრატიული ლიდერები. უკრაინას სჭირდება, რომ თქვენ იყოთ საუკეთესო საუკეთესოებს შორის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

2014 წლის შემდეგ, რაც ქვეყნიდან გააძევეს პრორუსულად განწყობილი ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორი იანუკოვიჩი, უკრაინამ „უკვე აირჩია ნატოში გაწევრიანების გზა. ახლა მთელ ყურადღებას ჩვენ ვუთმობთ რეფორმების განხორციელებას, რათა ქვეყანამ 2020 წლისათვის მიაღწიოს ნატოს სტანდარტებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ.

10 ივლისს კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოროშენკომ და სტოლტენბერგმა აღნიშნეს, რომ ალიანსი დაიწყებს მსჯელობას უკრაინასთან იმ სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც ნატოში ქვეყნის საბოლოო გაწევრიანებისათვის არის საჭირო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG