Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინა კულტურის დიპლომატიით ცდილობს იმიჯის გაუმჯობესებას


ე.წ. "სიყვარულის გვირაბი" უკრაინის სოფელ კლევანში.

მრავალ გამოწვევასთან ერთად, რომელთა შორისაა ომი, ოკუპაცია და პანდემია, უკრაინის წინაშე დგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა: როგორ გაიუმჯობესოს იმიჯი.

ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ცდილობს მიიზიდოს ინვესტიციები, ტურისტები, უცხოელი სტუდენტები და ზოგადად - კეთილგანწყობა.

მაგრამ ეს განსაკუთრებით რთული უნდა იყოს უკრაინისთვის, რომელმაც მსოფლიოს თავი დაამახსოვრა პირველ რიგში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფით და თანამედროვე პერიოდის ერთადერთი ომით ევროპის კონტინენტზე.

წელს კიევმა ახალი ინსტრუმენტი შექმნა ამ მიზნის მისაღწევად: ქვეყნის ოფიციალური ვებსაიტი, რომელიც უკრაინას წარმოადგენს „თანამედროვე, დინამიკურ, თავისუფალ და მრავალფეროვან“ ქვეყნად.

Ukraine Now - ასე ეწოდება ამ ვებსაიტს, რომელიც არ არის პირველი ასეთი ინიციატივა. დამოუკიდებლობის 30-წლიან პერიოდში უკრაინაში რამდენჯერმე ეცადნენ ვებსაიტის მეშვეობით შეექმნათ ქვეყნის ბრენდი. მაგრამ ეს ვებსაიტები აქტიურობით ვერ გამოირჩეოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე იცვლებოდა მთავრობები, რომლებიც ვერა და ვერ ახერხებდნენ ძირეული რეფორმებისა და სტრატეგიების გატარებას, რათა მიეპყროთ მსოფლიოს ყურადღება.

ყურადღება თავად იყო პრობლემის ნაწილი. დასავლეთის წინაშე უკრაინას შეუძლია იამაყოს ორი მოვლენით - 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციით“ და 2013-2014 წლების მაიდნის საპროტესტო გამოსვლებით, რამაც თანამდებობა დაატოვებინა პრომოსკოვური ორიენტაციის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს. ორივე ეს მოვლენა ქვეყანაში რუსეთის გავლენის შემცირებისკენ იყო მიმართული.

"უკრაინის ინსტიტუტის" დირექტორი ვოლოდიმირ შეიკო
"უკრაინის ინსტიტუტის" დირექტორი ვოლოდიმირ შეიკო

მაგრამ ამ მოვლენებს უკუქმედება მოჰყვა და უკრაინა კრიზისში აღმოჩნდა. რუსეთმა ხელში ჩაიგდო ყირიმის ნახევარკუნძული და მხარში ამოუდგა აღმოსავლეთ უკრაინელ სეპარატისტებს. დონბასში ომს 2014 წლის აპრილიდან დღემდე 14000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მართალია, რუსეთის აგრესიამ უკრაინას გარკვეული სიმპათია და მხარდაჭერა მოუპოვა უცხოეთში, მაგრამ ქვეყნის შიგნით ხელი შეუწყო დაპირისპირების გაღრმავებას. ამ პირობებში ბევრად უფრო გართულდა ქვეყნის წარმოჩენა უსაფრთხო, სტაბილურ, ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყნად.

მას მერე, რაც იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა, „ქვეყნის ბრენდინგი და კულტურის დიპლომატია სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცა“ უკრაინისთვის, ამბობს იარინა კლიუჩოვსკა, კიეველი დამოუკიდებელი კონსულტანტი სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში.

გარდა ყირიმის ანექსიისა და დონბასში სეპარატისტთა მხარდაჭერისა, რუსეთი დღემდე აწარმოებს „მილიარდობით დოლარის ღირებულების საინფორმაციო ომს“, რომელიც მსოფლიო არენაზე კიევის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

უკრაინის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა ასევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველ იმპიჩმენტთან დაკავშირებულმა საქმემაც.

„საინფორმაციო ომი“

ვებსაიტი Ukraine Now ნაწილობრივ დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით დაფინანსდა. პროექტს ახორციელებს „უკრაინის ინსტიტუტი“ - საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა კულტურის დიპლომატიის ერთეულის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ორი წლით ადრე ჩამოყალიბდა ქვეყნის ბრენდინგის მიზნებით.

პროექტის მთავარი მიზანია მსოფლიოს აუხსნას ქვეყანა და აამაღლოს მისი პროფილი „სხვადასხვა დისციპლინების“ ფარგლებში, ამბობს „უკრაინის ინსტიტუტის“ დირექტორი ვოლოდიმირ შეიკო.

2014 წელს რამდენიმე მსგავსი ინიციატივა გაჩნდა, როცა პოლიტიკური მოვლენების ქარცეცხლში მყოფ უკრაინას უცხოელმა ჟურნალისტებმა და სხვა სფეროთა წარმომადგენლებმა მიაშურეს მოვლენათა უშუალოდ ადგილზე გასაცნობად.

ქუჩის კაფე კიევის ცენტრში.
ქუჩის კაფე კიევის ცენტრში.

მათ შორის არის მულტიმედიური ვებსაიტი Ukraine World-ი. თუკი წერთ მხოლოდ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე და არა კულტურაზე, უკრაინას ვერ გააგებინებთ სხვებს,“ უთხრა რადიო თავისუფლებას Ukraine World-ის მთავარმა რედაქტორმა ვოლოდიმირ იარმოლენკომ.

ხოლო, შეიკოს თქმით, იმაზე, როგორ აღიქვამენ უცხოეთში უკრაინას, ძალიან დიდ გავლენას ახდენს რუსეთი.

საუკუნეების განმავლობაში უკრაინა გარეშე ძალების ხელში იყო ხოლმე და მისი იმიჯი ნაწილობრივ გარედან ყალიბდებოდა.

შეიკოს თქმით, მისი ინსტიტუტის შექმნის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები სულ უფრო მეტად ხედავენ, რომ „კულტურის დიპლომატია ეროვნული უსაფრთხოების პაკეტის სასარგებლო ნაწილია“.

შეიკოს სიტყვებით, იმისთვის, რომ ის მართლა სასარგებლო იყოს, საჭიროა უფრო მეტი, ვიდრე ცეკვა, დრამა და მუსიკა, კაზაკები, კონცერტები და ტრადიციული პერანგი „ვიშივანკა“.

ყირიმის ამბები

კიევი ცდილობს, კულტურის დიპლომატიის ფრონტზე რუსული ნარატივისგან დამოუკიდებელი ვერსია შესთავაზოს მსოფლიოს.

გასული წლის ბოლოს „უკრაინის ინსტიტუტმა“ დაიწყო პროექტი We Are Crimea, რომელშიც მოთხრობილია რამდენიმე ადამიანის პირადი ამბავი. მათ შორის არიან ყირიმელი თათარი ჯამალა, რომელმაც 2016 წელს ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა, და კინორეჟისორი ოლეჰ სენცოვი, რომელმაც ხუთი წელი გაატარა რუსეთის ციხეში მას შემდეგ, რაც მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიას აღუდგა წინ.

მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტურ ფილმზე მოქალაქე ჟურნალისტების შესახებ, რომლებიც ყირიმში დააკავა რუსეთის ხელისუფლებამ. მის შემქმნელთა შორის არის ნატალია ვოროჟბიტი, რომელიც Cyborgs-ის სცენარის თანაავტორია. Cyborgs-ი არის ფილმი უკრაინის არმიის ჯარისკაცებზე, რომლებიც 242 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლი სეპარატისტების ალყაში დონეცკის აეროპორტში.

ვინაიდან ინსტიტუტს მოკრძალებული დაფინანსება, წელიწადში დაახლოებით 1,4 მილიონი დოლარი აქვს, ის იძულებულია სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობაშიც ეძებოს გამოსავალი.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი ჰარვარდის უნივერსიტეტთან ერთად შექმნილი მონაცემთა ბანკი, რომელიც უკრაინის მკვლევართათვისაა განკუთვნილი, მბობს შეიკო.

კიდევ ერთი პროექტია თანამშრომლობა კიევის მოჰილას აკადემიასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ისინი ერთობლივად ატარებენ ინგლისურ ენაზე უკრაინის „ისტორიის, კულტურისა და იდენტობების“ ონლაინ კურსს.

„უკრაინის ინსტიტუტი“ ბიუჯეტის თვალსაზრისით ახლოსაც ვერ მივა მისი ტიპის დასავლურ ორგანიზაციებთან - „ამერიკის საბჭოებთან“, „ბრიტანეთის საბჭოსთან“, „გოეთეს ინსტიტუტთან“ და სხვ.

კედლის მხატვრობა კიევში.
კედლის მხატვრობა კიევში.

„უკრაინის ინსტიტუტს“ არ შეუძლია და არ აპირებს, ამ ორგანიზაციების მსგავსად უკრაინული ენის კურსები შესთავაზოს მსურველებს და ოფისები გახსნას სხვადასხვა ქვეყანაში.

ჯერ ერთი, შეიკოს თქმით, საქმეს აფერხებს უკრაინის ბიუროკრატია - მისაღებია უცხოელთათვის უკრაინული ენის სწავლების სტანდარტები.

მეორე მხრივ, მსოფლიოში უკრაინული ენის სწავლებაზე მოთხოვნილებასა და ინგლისურზე მოთხოვნილებას შორის შედარება ჰგავს „მზის სისტემისა და ირმის ნახტომის შედარებას“. ჯერჯერობით ინსტიტუტი კონცენტრირებულია ონლაინ ღონისძიებებზე ქვეყნების გარკვეული ჯგუფისთვის.

როგორც ბრენდინგის სპეციალისტი, ვასილ მიროშნიჩენკო ამბობს, უკრაინა პოპულარობით კონკურენციას ვერ გაუწევს ბრიტანეთს ან საფრანგეთს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს დასავლური ცივილიზაციის შექმნაში და მათთვის ბევრად იოლია საკუთარი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ვიდრე ეს პატარა ქვეყნებს ძალუძთ.

ამიტომ, მისი თქმით, სწორი პოლიტიკის გატარებისა და სათანადო დაფინანსების პირობებში ინსტიტუტი შეძლებდა კულტურის დიპლომატიის მეშვეობით იმაზე გავლენის მოხდენას, თუ როგორ აღიქვამენ უცხოეთში უკრაინას.

მეტამორფოზა

ამასობაში მუდმივი ცვლილების პროცესშია თავად უკრაინის მიერ საკუთარი თავის აღქმა, შენიშნავს კლიუჩოვსკა.

ის ამ პროცესს ადარებს მეტამორფოზას: XIX საუკუნის შუა წლები მუხლუხოს სტადიასავითაა, ჭუპრის სტადია იყო საბჭოთა პერიოდი, შემდეგ კი მოვიდა დამოუკიდებლობა, მაგრამ თუკი „პეპელას რამდენიმე წუთი სჭირდება მეტამორფოზისთვის, ქვეყანას ბევრად მეტი დრო ესაჭიროება“, ამბობს ის.

კლიუჩოვსკას თქმით, ეს მუდმივი ქმნადობის პროცესია და ის საშუალებას იძლევა მუდმივად გაფართოვდეს უკრაინული თვითშეგნების ან უკრაინელი ერის ცნებათა საზღვრები.

ამის ერთ-ერთი ასპექტი ისაა, რომ უკრაინულ თვითშეგნებაში, იდენტობაში, შეიძლება სხვა ეთნოსებისა და არამართლმადიდებელთა მოცვაც. მაგალითად, „უზარმაზარი ებრაული მემკვიდრეობისა“ და ყირიმელ თათართა კულტურისა, ასევე ბულგარელების, რუმინელების, უნგრელებისა.

გაზაფხული "სიყვარულის გვირაბში"
please wait

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00

იარმოლენკო ასევე ახსენებს კულტურის სფეროს გამოჩენილ პიროვნებებს, რომლებიც უცხო ქვეყნებთან ბევრად უფრო მეტად ასოცირდებიან, ვიდრე უკრაინასთან. მათ შორის არიან მწერლები ჯოზეფ კონრადი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე დაიბადა, და მიხაილ ბულგაკოვი, რომელიც კიეველი იყო.

ახალი პროექტები და ძველი პრობლემები

დაბალი ბიუჯეტი, ბიუროკრატიული წინაღობები და რუსეთის ინტერვენციაც კი შეიძლება არ იყოს უკრაინის პოპულარიზაციისთვის ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორები.

იმისთვის, რომ ქვეყანას წარმატებული ბრენდის რეპუტაცია ჰქონდეს, სხვა თვისებებთან ერთად, ის უნდა იყოს „საკუთარ თავში დარწმუნებული, გავლენიანი, პოლიტიკურად სტაბილური, ეკონომიკურად პროგრესირებადი, ინოვაციური, სანდო, ანგარიშგასაწევი, ტოლერანტული, უსაფრთხო, პატიოსანი“, წერდა ნოემბრის ანგარიშში ბრიტანული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია Future Brand-ი.

მართალია, უკრაინა ზოგიერთ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაგრამ ის „მოჯადოებულ წრეშია, ვინაიდან არ დაუმყარებია კანონის უზენაესობა, უმართავი სასამართლო სისტემა კი მთავარ წინაღობად მიიჩნევა,“ უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინაში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ენდი ჰანდერმა.

ინვესტორები „საუკეთესო ელჩები არიან“, მაგრამ „კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული გამოწვევები ყველაფერ ამას ძირს უთხრის,“ ამბობს ჰანდერი. ის შენიშნავს, რომ კომპანიები, რომლებსაც უცხოეთში აქვთ წარმომადგენლობები ან ექსპორტს ეწევიან უცხოეთში, ხშირად ორჭოფობენ, ღირს თუ არა იმის ხაზგასმა, რომ ისინი უკრაინიდან არიან.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რეფორმებს გაატარებს, მაგრამ იმიჯის შექმნას სერიოზულად უშლის ხელს კითხვები იმის თაობაზე, მართლაც სურს თუ არა მთავრობას კორუფციასთან ბრძოლა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესება.

კულტურის დიპლომატია „უთუოდ მნიშვნელოვანია“, ამბობს მენეჯმენტის ფირმა Strategia Worldwide-ის წამყვანი პარტნიორი ტონი ფრიდი. მაგრამ, მისი თქმით, „უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რათა საკუთარ მიმდევართა წრეს გასცდე და სხვებსაც მისწვდე.“

XS
SM
MD
LG