Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტაინმაიერი: უკრაინასთან ევროკავშირის შეთანხმების გამო კრემლის შეშფოთებას პრაგმატულად მივუდგეთ


ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

რადიო თავისუფლების კორესპონდენტს რიკარდ იოზვიაკს ხელში ჩაუვარდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წერილი, რომლის ადრესატი ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერია. გერმანელი მინისტრი აპრილის დასაწყისში გაგზავნილ ამ წერილში ბრიუსელს მოუწოდებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკრაინასთან ბლოკის შეთანხმების გამო რუსეთის შეშფოთებას ანგარიში გაუწიოს. დაპირისპირების მოგვარების, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, „პრაქტიკული გზების“ მოსანახად შტაინმაიერი საჭიროდ მიიჩნევს გაგრძელდეს სამმხრივი მოლაპარაკება ევროკავშირს, უკრაინასა და რუსეთს შორის. რუსეთი, შეგახსენებთ, წინააღმდეგი გამოვიდა უკრაინისა და ევროკავშირის მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნისა. ეს იყო ბირთვი იმ შეთანხმებისა, რომელიც ბრიუსელმა კიევთან გააფორმა 2014 წლის მარტში. რუსეთში ამ დოკუმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილები ფიქრობენ, რომ ის ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინა გააფრთხილა, ევროკავშირთან შეთანხმებისთვის მომზადების პერიოდში კანონმდებლობის შეცვლას დაუყოვნებლივ მოჰყვება მოსკოვის პასუხიო. თავის მხრივ, უკრაინა თვლის, რომ რაკი რუსეთი ამ შეთანხმების ნაწილი არ არის, მოსკოვს არა აქვს უფლება ჩაერიოს ამ საქმეში. რუსეთის წინააღმდეგობის გამო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა გადაიდო და ის ძალაში შევა პირველ იანვარს, გაისად. ამ წერილში, რომელიც 2 აპრილითაა დათარიღებული, შტაინმაიერი ევროკომისიას მოუწოდებს გამოიჩინოს ის მნიშვნელოვანი მოქნილობა, რომელსაც თვითონ ხელშეკრულება გვთავაზობს. მინისტრი გერმანიის პოზიციას გამოხატავს და წერს, ასეთი სავაჭრო ზონის სწრაფი შექმნის მომხრე ვართ, დრო არ იცდისო. შტაინმაიერი დასძენს: უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობა ძნელად თუ მიიღწევა რუსეთის მონაწილეობის გარეშე, ამიტომ საჭიროა გამოვიჩინოთ პრაგმატული, ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომა პირობების გარეშეო. 2014 წლის თებერვალში კიევში პროდასავლურად განწყობილი ძალების საპროტესტო გამოსვლებს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებისგან ჩამოშორება მოჰყვა. მანამდე იანუკოვიჩმა მკვეთრად შეცვალა პოზიცია - გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე - და გაზარდა მოსკოვთან ვაჭრობა. მოსკოვის ურთიერთობა კიევთან, ასევე ევროკავშირთან, კიდევ უფრო გაუარესდა მას მერე, რაც კრემლმა უკრაინის ტერიტორიის - ყირიმის - ანექსია მოახდინა და დახმარებას უწევს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს, რომლებიც შეიარაღებულ ბრძოლას ეწევიან კიევთან, სამთავრობო ჯართან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG