Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპის კონტრსამიტი“ და ულტრამემარჯვენეების სამზადისი


დონალდ ტრამპის გამარჯვებამ აშშ-ში უკიდურესი მემარჯვენე პარტიების გააქტიურება გამოიწვია ევროკავშირის მასშტაბით. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს, 21 იანვარს, პოპულისტური პარტიების ლიდერები გერმანიის ქალაქ კობლენცში შეიკრიბნენ, რათა განეცხადებინათ, რომ, აშკარა განსხვავების მიუხედავად, ისინი იმ ერთი დიდი მოძრაობის წევრები არიან, რომელიც სულ უფრო იკრებს ძალასაც და მომხრეებსაც.

გადმოწერა

„2016 წელს ანგლო-საქსების სამყარომ გაიღვიძა, 2017 წელი კი, დარწმუნებული ვარ, ევროპის კონტინენტზე მცხოვრები ხალხების გამოღვიძების წელი იქნება“, - მარინ ლე პენის, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის, ამ სიტყვებს მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა 21 იანვარს ქალაქ კობლენცში გამართულ „ევროპის კონტრსამიტზე“.

გასულ წელს ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა წარმატებითა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებით ფრთაშესხმული მარინ ლე პენი დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდი შემდეგი ევროპული ქვეყნები იქნებიან, რომლებიც უარს იტყვიან სტატუს-კვოზე. „სათუო აღარაფერია. საკითხავია მხოლოდ ის, თუ როდის მოხდება ეს“, - განაცხადა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა, რომელიც ჯერჯერობით ლიდერობს საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტებად დასახელებულ კანდიდატებს შორის.

და რაკი საფრანგეთში არჩევნებს ერთგვარი „ლაკმუსის ქაღალდის“ მნიშვნელობას ანიჭებენ ევროპელი პოპულისტები, ცხადია, მარინ ლე პენი ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი იყო „ევროპის კონტრსამიტზე“, რომელიც, ევროპარლამენტის „ევროპულ ერთა და ევროპის თავისუფლების ჯგუფის“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ კობლენცში გაიმართა 21 იანვარს. ეს ჯგუფი 2015 წელს სწორედ მარინ ლე პენმა დააარსა და მასში ევროპარლამენტში წარმოდგენილი 9 ქვეყნის 40 დეპუტატია გაერთიანებული.

გუშინ იყო ახალი ამერიკა, დღეს კობლენცია და ხვალ კი ახალი ევროპა იქნება. ჩვენ ევროპაში პატრიოტული გაზაფხულის სტარტის წინაშე ვიმყოფებით...
გეერტ ვილდერსი

მარინ ლე პენის გარდა, კობლენცში შეკრებილთა შორის იყო გერმანიის ულტრანაციონალისტური „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ფრაუკე პეტრი, ნიდერლანდის ანტიისლამური „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი გეერტ ვილდერსი, ასევე ავსტრიის „თავისუფლების პარტიისა“ და იტალიის ანტიევროპული „ჩრდილოური ლიგის“ გენერალური მდივნები ჰარალდ ვილიმსკი და მატეო სალვინი.

კობლენცის კონგრესის წარმომადგენლებს არ დაუმალავთ, რომ ისინი ეთაყვანებიან ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და იმედოვნებენ, რომ მარჯვედ გამოიყენებენ ანტიმიგრაციულ განწყობებს და ამით შეარყევენ ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტს.

„გუშინ იყო ახალი ამერიკა, დღეს კობლენცია და ხვალ კი ახალი ევროპა იქნება. ჩვენ ევროპაში პატრიოტული გაზაფხულის სტარტის წინაშე ვიმყოფებით“, - მიმართა ვილდერსმა 800-კაციან აუდიტორიას. ნიდერლანდის პარლამენტის წევრი და მისი პარტია, რომლებიც მოსახლეობას ევროკავშირიდან გამოსვლას და ყურანის აკრძალვას ჰპირდებიან, ყველა გამოკითხვით ლიდერობენ კარსმომდგარი მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ანტიიმიგრანტულ განწყობებზე პოლიტიკური კაპიტალის მოპოვებას სამარცხვინო საქციელი უწოდა კობლენცში შეკრებილი ულტრამემარჯვენე პარტიების წარმომადგენელთა ოპონენტმა და ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა, რომელიც გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია 2017 წლის სექტემბრისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში:

მარტინ შულცი
მარტინ შულცი

„ჩვენ მიგრაციასთან დაკავშირებით ყოველი მხრიდან გვესმოდა შეკითხვები. ჩვენი საზოგადოება, მთლიანობაში, ამ გამოწვევას აწყდება კუდიანებზე მონადირეთა მხრიდან, რომლებიც დევნილებზე საუბრით ცდილობენ პოლიტიკური კაპიტალის მოპოვებას. ეს სამარცხვინო და გულისამრევია“.

მარტინ შულცი დარწმუნებულია, რომ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსაგან“ დევნილი ადამიანები იმსახურებდნენ თავშესაფარს. შესაბამისად, ამ დევნილებში ეჭვის შეტანა სწორედ „ისლამური სახელმწიფოს“ გამარჯვება იქნებოდა.

კობლენცის კონგრესზე არაერთი ევროპელი ულტრამემარჯვენისგან დაიმსახურა კრიტიკა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთიდან ექსტრემისტების მიერ დევნილი ადამიანების ევროპაში განსახლების გეგმას, თუმცა მერკელი აცხადებს, რომ საიმიგრაციო სამსახურებმა მკაცრი კონტროლი და აღრიცხვა უნდა აწარმოონ და თუ პირი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მან დაუყოვნებლად უნდა დატოვოს გერმანია.

„ჩემი აზრით, წინ ვერ წავიწევთ, თუ პრობლემების მოგვარებას პოლარიზებითა და პოპულიზმით შევეცდებით. ეს პრობლემები კონკრეტული ზომებით უნდა გადაიჭრას, მაგრამ საჭიროა იმის დემონსტრირება... და, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ეს, შეგვიძლია დავანახვოთ ყველას, რომ დარწმუნებული ვართ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი პრინციპების სისწორეში და სიამოვნებით ვარწმუნებთ სხვებსაც, რომ ეს პრინციპები იძლევა კარგად და სტაბილურად თანამშრომლობისა და თანაცხოვრების შესაძლებლობას“, განაცხადა ანგელა მერკელმა 23 იანვარს ქალაქ ვიურცბურგის იმ კათოლიკე სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელ ადამიანებს ეხმარებიან.

ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

სწორედ ანგელა მერკელის ლიბერალურმა საიმიგრაციო პოლიტიკამ გაუღო კარი 2015 წელს მილიონამდე თავშესაფრის მაძიებელს. მერკელის პოლიტიკის საწინააღმდეგო გამოსვლებითა და ანტიიმიგრანტული განცხადებებით მიაღწია პოპულარობას ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელსაც 2017 წლის სექტემბრისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ გამოკითხულთა 11-15 % უჭერს მხარს.

თუმცა 21 იანვარს კობლენცში გამართულ „ევროპის კონტრსამიტზე“ გერმანელი ულტრანაციონალისტები დიდი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ფრაუკე პეტრის, მეუღლემ და ევროპარლამენტის წევრმა მარკუს პრეცელმა უარი უთხრეს აკრედიტაციაზე რამდენიმე გერმანულ მედიასაშუალებას, ვითომცდა, მათი მიკერძოებულობის გამო.

დაბოლოს, ძალიან ნიშანდობლივია, რომ იმ დროს, როდესაც ულტრანაციონალისტური ევროპული პარტიების ლიდერები „ბრიუსელის ტირანიისაგან“ ევროპის მოახლოებულ განთავისუფლებაზე საუბრობდნენ, კობლენცში 21 იანვარს, პარალელურად, მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მისი მონაწილეები მღეროდნენ „სიხარულის ოდას“, ევროპის ჰიმნს და ხელთ ეჭირათ ვეებერთელა ტრანსპარანტი წარწერით: “თუ დემოკრატიის პირობებში ძილს მიეცემი, დიქტატურაში გაიღვიძებ“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG