Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

უმუშევრობა, როგორც დაუძლეველი პრობლემა


ზუგდიდი
ზუგდიდი

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა. მეტწილად ახალი კადრებით დაკომპლექტებული მერიისა და გამგეობის სამსახურებისგან, ასევე განსხვავებული შემადგენლობის ქალაქისა და თემის საკრებულოებისგან მოქალაქეები წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. სოციალური ფონის გაუმჯობესებასთან ერთად, უმთავრესი მოთხოვნა უმუშევრობის დაძლევა იყო. როგორც განახლებული თვითმმართველობის დაკომპლექტებიდან ერთი წლის თავზე ირკვევა, მოსახლეობის მთავარი პრობლემა იყო და კვლავ რჩება უმუშევრობა:

„უმუშევრობის დონეა ძალიან მაღალი. რა მუშაობს? რაღაც ბანკები, პროკურატურა და რაღაც... სად უნდა იმუშაონ ახალგაზრდებმა?!“

„ჩემთვის პირადად არაფერი არ შეცვლილა, არ გაუმჯობესებულა და სხვისთვის არ ვიცი“.

„ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ოცდამეერთე საუკუნეში საქართველოში. აქ, ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ უმუშევარია 90%. კატასტროფული მდგომარეობაა ამ მხრივ“.

„სად არის, სად სამუშაო ადგილი?“

„ახლა გზა თუ დააგეს და ეს ბულვარი თუ გააკეთეს, ხალხი ვერ მივა იქ და ვერ იკვებება იმ ბულვარით. ხომ უნდა მისცენ ხალხს სამუშაო“, ამბობენ რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტები.

თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ ეტაპობრივად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. როგორც ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია განმარტავს, ამ პრობლემის დაძლევას ემსახურება ასევე ახალგაზრდების განვითარებისთვის, პროფესიული კადრების მოსამზადებლად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამებიც.

„ვცდილობთ ნელ-ნელა ინვესტორები მოვიყვანოთ, ვცდილობთ, რომ ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ. ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესმენებს, რომ ბარიერები არ შევუქმნათ, დააბანდონ და მათ უნდა შექმნან სამუშაო ადგილები. ჩვენ არ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ელემენტარულად ჩვენ ხელს ვუწყობთ“, განაცხადა ქალაქის მერმა.

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის” ჩაატარა კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მოქალაქეთა მთავარ პრობლემად რჩება უმუშევრობა. როგორც ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. ამასთან, ლევან ნატროშვილი აქვე დასძენს, რომ გამოკითხვის შედეგები არ არის ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია და ხანგრძლივი კვლევის შედეგი. მისი თქმით, ის თავიდან ბოლომდე აგებულია მოქალაქეთა მოსაზრებებზე:

„ამჟამად გაქვთ თუ არა სამსახური? - ასეთი კითხვა დავსვით და რესპონდენტების 30%-მა თქვა, რომ აქვს, 70%-მა თქვა, რომ არ აქვს. ასეთი გამოკითხვა ჩვენ ჩავატარეთ 2013-შიც და თუ წლების მიხედვით შევადარებთ, ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა. მაშინ თავს დაუსაქმებლად 66% მიიჩნევდა“.

გამოკითხვის მიხედვით, დასაქმებულთა თითქმის თანაბარი რაოდენობა კერძო სექტორში დაქირავებული მუშაკია ან საჯარო მოხელე, 13 % თვითდასაქმებულია, 5 %-ს საკუთარი ბიზნესი აქვს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წილი კი 3%-ია. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ უმუშევრობის ფონზე გარკვეული პრობლემების წინაშე დგანან დასაქმებულებიც. დაქირავებულ მუშაკთა 78 % აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაო არ შეუსრულებია, 7 % კი ამბობს, რომ თითქმის ყოველდღე უწევს ასეთი სამუშაოს შესრულება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ასეთ შემთხვევებში ზეგანაკვეთური შრომა 62 %-ს არ უნაზღაურდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG