Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს რეზოლუცია და სირიაში სამხედრო ინტერვენციის საკითხი


სირია
სირია
მრავალკვირიანი დებატების შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სირიას ავალდებულებს საერთაშორისო ინსპექტორებს გასანადგურებლად გადასცეს მის ხელთ არსებული ქიმიური იარაღი. მაგრამ არსებობს რამდენიმე ღიად დარჩენილი შეკითხვა, რაც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ სამხედრო ინტერვენციის თავიდან აცილება, საბოლოო ჯამში, მაინც შეუძლებელი იქნება.

ვადების რეალობა და ასადის სანდოობა

პირველი და არსებითი კითხვაა, რამდენად შესაძლებელია შესრულდეს ხელშეკრულება სირიის რეჟიმის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის არსენალის განადგურების თაობაზე.

რეზოლუციის პროექტი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა, მიზნად ისახავს მკაფიო ამოცანას, რომელიც განსაზღვრულ ვადებში უნდა გადაიჭრას.

თავდაპირველად, დამასკმა უნდა განაცხადოს, თუ რა სახის ქიმიურ იარაღს ფლობს, რა რაოდენობით და სად არის ის განლაგებული. შემდეგ, უნდა განადგურდეს ქიმიური იარაღის წარმოება. ამის შემდეგ კი, 2014 წლის პირველ ნახევრამდე, ასევე სრულად უნდა მოხდეს ქიმიური იარაღის შესაქმნელად საჭირო მასალების ლიკვიდაცია.

თანაც, რეზოლუცია, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში არ ითვალისწინებს სირიის რეჟიმის სადამსჯელო ზომებს. ეს კი ნიშნავს, რომ დამასკის თანამშრომლობა სრულიად ნებაყოფლობითია. ასევე უცნობია, აპირებს თუ არა დამასკი ქიმიურ იარაღზე ბოლომდე უარი თქვას, როდესაც რეჟიმი ოპოზიციასთან სამოქალაქო ომშია ჩაბმული.

მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში კი, გაეროს უშიშროების საბჭოს დასჭირდება რეზოლუციის მიღება სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების გასატარებლად. როგორც ჰეიკო ვიმინი, ბერლინში მდებარე უსაფრთხოების საქმეების საერთაშორისო გერმანული ინსტიტუტის სირიის საკითხების მკვლევარი, ამბობს, თუკი სირია უარს იტყვის თანამშრომლობაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწევს იმ არგუმენტებთან დაბრუნება, რომლებიც ორგანიზაციას რეზოლუციის პროექტამდე ჰქონდა:

„თუკი თანამშრომლობა არ შედგა, მაშინ რამდენიმე თვეში აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როდესაც, ერთი მხარე, აშშ, იტყვის, „ახლა ჩვენ აბსოლუტურად დავრწმუნდით იმაში, რომ რეჟიმი პროცესის ჩაშლას ცდილობსო“, და იქნება რუსეთი, რომელიც მიუგებს: „ეს სრული სიცრუეა. სირიის მთავრობამ ყველაფერი იღონა, რაც შეეძლო, მაგრამ შექმნილი სიტუაცია არ იძლევა წარმატების საშუალებასო“.

ყველა გზა სამხედრო ინტერვენციისკენ მიდის?

ასეთ შემთხვევაში, იბადება კითხვა, რამდენად რეალურია და, საერთოდ, არის თუ არა შესაძლებელი მეორე რეზოლუციის მიღება. ამის თაობაზე ვაშინგტონი ხშირად გამოხატავდა შეშფოთებას და სამხედრო ძალის გამოყენებას უჭერდა მხარს, მაგრამ შემდგომ ამ განზრახვაზე უარი თქვა, უშიშროების საბჭოს მიერ ზემოხსენებული ახალი რეზოლუციის მიღების იმედით.
თუკი ვალდებულებას სრულად შეასრულებს, მაშინ ასადის რეჟიმს ჩამოერთმევა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა, მაგრამ ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ განკარგულებაში დარჩეს მცირე მოცულობის ქიმიური შეიარაღება...
პოლ შულტე
მოსკოვი ირწმუნება, რომ სირია, რომელიც 14 სექტემბერს ქიმიური იარაღის თაობაზე კონვენციას შეუერთდა, სრულად ითანამშრომლებს და შეასრულებს პირობას, გაანადგუროს მის ხელთ არსებული ქიმიური შეიარაღების მარაგი.

მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი, რომელთა შორის არის პოლ შულტეც, ლონდონის კინგს კოლეჯის და კარნეგის ფონდის განიარაღებისა და გაუვრცელებლობის ექსპერტი, შიშობს, რომ თუკი დამასკს არ ექნება ურყევი მორალური პასუხისმგებლობა, შესაძლოა კვლავ განმეორდეს ისეთივე ტრაგედია, როგორიც 21 აგვისტოს დამასკთან ახლოს, გუტაში მოხდა:

„თუკი ვალდებულებას სრულად შეასრულებს, მაშინ ასადის რეჟიმს ჩამოერთმევა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა, მაგრამ ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ განკარგულებაში დარჩეს მცირე მოცულობის ქიმიური შეიარაღება. ახლა არ ვლაპარაკობ სამხედრო სიმძლავრის თვალსაზრისით ტონობით შეიარაღებაზე, მაგრამ აშკარაა, რომ ისეთ, შედარებით მცირე მოცულობის, ქიმიურ იარაღსაც კი, რაც გუტაში (დამასკის რაიონი) იერიშის დროს გამოიყენეს, განუზომელი ეფექტი აქვს“.

კიდევ ერთი პრობლემაა ქიმიური იარაღის თაობაზე გაეროს რეზოლუციისადმი სირიის არაერთგვაროვანი ოპოზიციის დამოკიდებულება. დასავლეთის მხარდაჭერილ სირიის ოპოზიციას არ სჯერა, რომ სირიის რეჟიმი არ დაარღვევს შეთანხმებას და კვლავ არ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს. ეჭვის თვალით უყურებს გაეროს რეზოლუციას თავისუფალი სირიის არმიაც. ორივე ჯგუფს იმედი ჰქონდა სამხედრო ოპერაციისა, რომელსაც ვაშინგტონი აპირებდა ასადის რეჟიმის დასასჯელად.

ასადის ქიმიური განიარაღების გეგმის მიმართ ასეთი წინააღმდეგობის გამო, ახლა პრობლემა თავად ოპოზიციის დარწმუნებაა, რათა, სამხედრო ინტერვენციისადმი უპირობო მხარდაჭერის მიზეზით, არ ჩაშალოს შეთანხმება. თანაც, ამ კუთხით დიპლომატიურ ძალისხმევას ისიც აფერხებს, რომ სირიაში სწრაფად მზარდ ოპოზიციურ ჯგუფებში მრავლად არიან ისლამისტი ექსტრემისტები, რომლებსაც დასავლეთთან არანაირი კავშირი არა აქვთ.

სექტემბრის დასაწყისში ერთ-ერთი ისლამისტური დაჯგუფების - „ალეპოს ტავჰიდის ბრიგადის“ - უზენაესმა ლიდერმა გაავრცელა განკარგულება, რომელშიც აცხადებს, რომ იგი ლაპარაკობს 13 სხვადასხვა პარტიზანული დაჯგუფების სახელით. ამ ჯგუფში შედის გავლენიანი „ან ნუსრას ფრონტი“, რომელსაც ალ ყაიდასთან აქვს კავშირი. 13 დაჯგუფების გაერთიანება ეწინააღმდეგება სირიის მიმართ დასავლეთის გეგმებს და აცხადებს, რომ არ ცნობს არც სირიის საზღვარგარეთის ოპოზიციას.

თუკი ექსტრემისტული დაჯგუფებები თავიანთი მიზნების მისაღწევად ხელთ იგდებენ ქიმიურ შეიარაღებას ანდა გაეროს უშიშროების საბჭოს შეთანხების ჩაშლას შეეცდებიან, მაშინ საერთაშორისო საზოგადოება შესაძლოა კვლავ აღმოჩნდეს სირიის კონფლიქტში ჩართული, ქიმიური იარაღის გამანადგურებელი ზემოქმედებისაგან თავის დასაცავად.

სირიის კონფლიქტში ჩაბმა კი სწორედ ისაა, რის თავიდან აცილებასაც დღემდე გულმოდგინედ ცდილობენ მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG