Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის მმართველი პარტიის სერიოზული მარცხი


უნგრეთის დროშა
უნგრეთის დროშა

უნგრეთის მმართველმა “ფიდესის“ პარტიამ, რომელსაც სათავეში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უდგას, მოულოდნელი მარცხი განიცადა ქალაქ ჰოდმეზოვაშარჰეის მერის არჩევნებში. „ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ერა იწყება“, - განაცხადა შედეგების გამოცხადების შემდეგ გამარჯვებულმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა პეტერ მარკ-ზეიმ. 25 თებერვალს ბიულეტენების 92 პროცენტის დათვლის შედეგად მას წილად ხვდა ხმათა 57,5 %, მმართველი „ფიდესის“ პარტიის ფავორიტ ზოლტან ჰეგედუშს უპირატესობა მიანიჭა 41,6 %-მა.

მმართველი პარტიის ბასტიონად მიჩნეულ ქალაქში მიმდინარე საარჩევნო დაპირისპირება იმთავითვე დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. ვიქტორ ორბანის მემარჯვენე-ნაციონალისტური პარტია დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, რაც მას უპირატესობას მისცემდა 8 აპრილისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში - მით უფრო, რომ „ფიდესის“ პარტია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მართავდა ქალაქ ჰოდმეზოვაშარჰეის, სადაც 45 ათასი კაცი ცხოვრობს.

„ჩვენ ხმა ავიმაღლეთ და ვაჩვენეთ, რომ გვსურს თავიდან მოვიცილოთ ძველი ბიჭები, რომლებიც მთელ კლასზე ძალმომრეობენ“, - ასეთ მეტაფორას მიმართა პრესკონფერენციაზე გამარჯვებულმა კანდიდატმა, პეტერ მარკ-ზეიმ.

არჩევნების წინ მან ოპოზიციის მნიშვნელოვანი სპექტრის გაერთიანება მოახერხა. პეტერ მარკ-ზეის მხარი დაუჭირეს სოციალისტებმა, ნაციონალ-რადიკალებმა და LPM-მ, ასევე მცირე ლიბერალურმა პარტიამ.

უნგრეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჰოდმეზოვაშარჰეის მერის არჩევნებში ოპოზიციის წარმატებას „ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თავბრუდამხვევი“ უწოდა პოლიტიკურმა მიმომხილველმა რობერტ ლასლომ.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჰოდმეზოვაშარჰეის მერის არჩევნებში ძალიან მაღალი, 62,4 %, იყო ამომრჩეველთა აქტივობა. 58.8 % იყო 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მომავალი არჩევნების ფავორიტად კვლავ უნგრეთის მმართველი „ფიდესის“ პარტია სახელდება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უდგას სათავეში.მას მჭიდრო კავშირის აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ანტირუსული პოლიტიკისთვის მკაცრად აკრიტიკებს დასავლეთს. ორბანის მუდმივი კრიტიკის საგანია მიგრანტთა მოზღვავებისა და ევროპის ისლამიზაციის საფრთხე. 2017 წლის ყოველწლიურ მიმართვაში ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „ევროპის კონტინენტზე „შავი ღრუბლები იკრიბება“ და უნგრეთი ევროპის ისლამიზაციის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში უკანასკნელ ბასტიონად რჩება.

„ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ევროპის უკანასკნელი იმედი ქრისტიანობაა... თუ ასობით მილიონ ახალგაზრდას მიეცემა უფლება დაიძრას ჩრდილოეთისაკენ, ევროპა აღმოჩნდება უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა, ევროპის უდიდეს ქალაქებში მუსლიმები უმრავლესობაში იქნებიან“, - განაცხადა ორბანმა მოსახლეობისადმი მიმართვაში.

უნგრეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჰოდმეზოვაშარჰეის მერის არჩევნებში ოპოზიციის წარმატებას „ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თავბრუდამხვევი“ უწოდა პოლიტიკურმა მიმომხილველმა რობერტ ლასლომ.

დემოკრატიის სადარაჯოზე მყოფი ორგანიზაცია Freedom House-ის თანახმად, სხვადასხვა არჩევნებში პოპულისტი პოლიტიკოსების წარმატება დიდ საფრთხეს უქმნის პოსტკომუნისტურ ევროპასა და ევრაზიას. საერთაშორისო უფლებათა დამცველი ორგანიზაციის თანახმად, ევროპაში პოპულიზმის აღზევება 2010 წელს სწორედ ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებით იწყება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მტკივნეული დარტყმა მიაყენა ხელისუფლების კონტროლისა და ბალანსის სისტემას ევროპულ ქვეყანაში, მხარს უჭერს თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და პრესაზე და საზოგადოებაში ნერგავს აზრს, რომ მიგრაცია საფრთხეს უქმნის „ევროპის ღვიძლი მოსახლეობის ინტერესებს“.

სულ ბოლოს კი ორბანის მთავრობამ წამოიწყო ბრძოლა ბუდაპეშტში მდებარე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის წინააღმდეგ. უნგრეთის ხელისუფლება ამ სასწავლო დაწესებულებას, რომელიც აშშ-ში მცხოვრები უნგრული წარმომავლობის ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის მიერაა დაარსებული, ლიბერალური ოპოზიციის მთავარ ბასტიონად მიიჩნევს.

უნგრეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჰოდმეზოვაშარჰეის მერის არჩევნებში ოპოზიციის წარმატებას „ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თავბრუდამხვევი“ უწოდა პოლიტიკურმა მიმომხილველმა რობერტ ლასლომ. მისი კოლეგა გაბორ ტოროკი ფიქრობს, რომ ოპოზიციას მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანი შანსი გაუჩნდა. „იწყება ახალი მატჩი და თუ ოპოზიცია მოედანზე გონივრული ტაქტიკით გამოვა, მაშინ მათი მდგომარეობა არცთუ უიმედოა“, - ამბობს გაბორ ტოროკი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG