Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ ბრძოლა ტერიტორიებისთვის


ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ისლამური ხალიფათის შესაქმნელად დაკავებული ტერიტორიების დაახლოებით მეოთხედი დაკარგეს. შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს კოალიციის საჰაერო იერიშის და ერაყის შეიარაღებული ძალების ერთობლივი შედეგია.

პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული ახალი რუკა აჩვენებს, რომ ერაყის სამხედრო დანაყოფებმა კონტროლი აღადგინეს ჩრდილოეთში მთავარ ტერიტორიებზე - ტიკრიტზე, სინჯარის მთაზე და მოსულის კაშხალზე.

პენტაგონის სპიკერმა სტივ უორენმა ალჰურას ტელევიზიას უთხრა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მითვისებული ტერიტორიიდან 15 ათასი კვადრატული კილომეტრი დაკარგა.

„ტიკრიტში, როგორც იცით, „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქის გასათავისუფლებლად ძალიან წარმატებულ ოპერაციას ვასრულებთ, ეს ოპერაცია დიდწილად წარმატებულია. ტიკრიტის მცირე ნაწილებისთვის ისევ მიდის ბრძოლა, მეტწილად იქ დატოვებული ხაფნგების გამო, ბევრი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, მებრძოლი და სნაიპერი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ისევ რჩება,“ ამბობს უორენი.

მისი თქმით „ისლამური სახელმწიფოს“ უკან დახევის მცდელობა ნაკლებ წარმატებულია სირიაში: „რაც შეეხება სირიას, “ისლამურ სახელმწიფოს“ მცირედი წინსვლა ჰქონდა დამასკოში, ასევე სამხრეთსა და ალეპოში, მაგრამ ჯგუფმა ასევე დაკარგა მიწები, განსაკუთრებით ქობანიში. განსხვავება ისაა, რომ ერაყში კოალიციის საჰაერო ძალას ერაყის ჯარების მამაცი სამხედროები აძლიერებენ.“

პენტაგონის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ კოალიციის სტრატეგია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიაში სამოთხის შექმნის პრევენცია და ჯგუფის ერაყიდან განდევნაა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას ნამდვილი გამოცდა მოსულსა და ანბარის პროვინციებშის ელის.

„ვინ იცის ეს როდის მოხდება, ის რომ ერაყს ამის სწორად გაკეთება უნდა არ ნიშნავს, რომ ამას შიიტი მებრძოლებით შეძლებს. ის ვერ წავა უბანში, რომელიც მეტწილად სუნიტი მუსლიმებითაა დასახლებული,“ ამბობს ბრაიან კატულისი ამერიკის განვითარების ცენტრიდან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეთაური ბან კი-მუნი ტიკრიტის გათავისუფლებას მიესალმა, მაგრამ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის და ერაყელი მეომრების მიერ საკუთრების განადგურების გამო შეშფოთება გამოხატა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ განთავისუფლებულ რაიონებში ეთნიკურ საფუძველზე ძალადობის თავიდან აცილების ერთი გზა ადგილობრივი სამხედრო ჯგუფების შექმნაა, რომლებიც საკუთარ ეთნიკურ და რელიგიურ თემებს დაიცავენ.

„ერაყში მრავალეთნიკური არმიის შექმნა იგეგმება, რომელიც ჭეშმარიტად ეროვნული ძალა იქნება და ქვეყნის ნებისმიერ წერტილში შეძლებს ოპერირებას,“ ამბობს მაიქლ ო’ჰანლონი, ბრუკინგსის ინსტიტუტიდან.

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ჯერ ისევ აკონტროლებენ ჩრდილოეთ ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიებს, მათ შორის ნავთობის მწარმოებელ ქარხნებს, რაც მათ კამპანიის დაფინანსებაში ეხმარება.

XS
SM
MD
LG