Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს უკრაინელი სეპარატისტების სამხედრო დახმარებაში ადანაშაულებს


აშშ-მა და ნატომ კიდევე ერთხელ დაადანაშაულეს რუსეთი უკრაინელი სეპარატისტებისათვის სამხედრო დახმარებაში და მტკიცებულებების სახით ახალი სამხილი წარმოადგინეს. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე გააფთრებული ბრძოლების ფონზე, ეუთომ გამოთქვა მზადყოფნა „უპილოტო თვითმფრინავები“ გამოიყენოს რუსეთ-უკრაინის საზღვრის მონიტორინგისათვის. რუსეთი კი, რომელიც კვლავ უარყოფს სეპარატისტების პირდაპირ სამხედრო დახმარებას, უკრაინას მოუწოდებს განაახლოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვერ მოიპოვა ვერავითარი მონაცემები იმაში დასარწმუნებლად, რომ რუსეთმა შეამცირა სეპარატისტებისადმი სამხედრო დახმარება. სამაგიეროდ, ვაშინგტონს უხვად მოეპოვება საპირისპირო ფაქტები, რომ, „საზღვრისპირა ტერიტორიებიდან გაყვანის ნაცვლად, ტექნიკისა და შეიარაღების ნაწილი მოსკოვმა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს გადასცა, რომლებიც, ასევე რუსეთის დახმარებითა და დაფინანსებით, იოლად ახერხებენ უკრაინაში თავისუფლად შესვლას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 14 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში, რასაც ნატოს სარდლობაც ადასტურებს. ალიანსის შტაბბინის თანახმად, რუსეთს სამხედრო ძალების რაოდენობა, სულ მცირე, ათასი ჯარისკაცით გაუზრდია უკრაინის საზღვართან, სადაც მოსკოვს ამჟამად 12 ათასი ჯარისკაცი უნდა ჰყავდეს. ძალთა ასეთ კონცენტრაციას კი ნატო „ესკალაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯს“ უწოდებს.

საკუთარი მტკიცებულებები მოეპოვება კიევსაც. უკრაინის არმიის წინააღმდეგ მიმდინარე ბევრ საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობას პროფესიონალი რუსი ოფიცრები ღებულობენ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 14 ივლისს, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ.

„უკრაინის სახელმწიფო საზღვართან მომხდარი ყველა ინციდენტი, - უკლებლივ ყველა, გამონაკლისის გარდა, - გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ მათ ყელში ვწვდით. ყველგან, სადაც ისინი უწინ თავისუფლად მოქმედებდნენ და კვეთდნენ საზღვარს და სადაც კვლავინდებურად ვხედავთ მათი რაზმების გადაადგილებას, გზას ვუჭრით და არტილერიისა და ავიაციის საშუალებით ვანადგურებთ“.

უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, სეპარატისტებისგან, რომლებსაც, რუსეთის წყალობით, შეიარაღებაში საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვთ, კვლავ მძიმე დანაკარგებს განიცდის უკრაინის არმია. 14 ივლისს რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა უკრაინის კუთვნილი ან-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. უკრაინას ეჭვი აქვს, რომ თვითმფრინავი, რომელიც 6 500 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, რუსეთის ტერიტორიიდან გაანადგურეს მძლავრი საზენიტო-სარაკეტო დანადგარით. სეპარატისტები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი სწორედ მათი ჩამოგდებულია.

ჯერჯერობით კიევი არ ავრცელებს ცნობას, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში. თუმცა, სააგენტო ფრანსპრესის თანახმად, კატასტროფის ადგილზე ადამიანის სხეულის ნაწილებიც ეყარა. სეპარატისტები იუწყებიან, რომ გადარჩენილი მფრინავები დაატყვევეს და შემდეგ დაკითხვაზე გადაიყვანეს. ამ ფონზე, რუსეთმა განაცხადა, რომ ნებას დართავს ეუთოს მისიას ჩავიდნენ და დააკვირდნენ საზღვარზე არსებულ საკონტროლო პუნქტებს. ამასთან, ეუთოს მორიგი თავმჯდომარე ქვეყნის - შვეიცარიის - პრეზიდენტ დიდიერ ბურკჰალტერთან სატელეფონო საუბრის დროს სერგეი ლავროვი ცეცხლის შეწყვეტის განახლების მოწოდებით გამოვიდა. რუსეთის მსგავსად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარს უჭერენ საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელთაც 14 ივლისს ერთმანეთთან სატელეფონო კონსულტაციები გამართეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ეუთოს მისია მზად არის გამოიყენოს უპილოტო ავიაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული რუსეთ-უკრაინის საზღვარზე იარაღისა და მებრძოლების უკანონო გადაადგილება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG