Accessibility links

"არის პასუხები, რომლებიც საელჩოდან მისდით კონგრესის წევრებს და დარწმუნებული ვარ, მათ შორის არის პასუხები საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან"


ბონი გლიკი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე

გასულ კვირაში თბილისში იმყოფებოდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, ბონი გლიკი, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 31 იანვარს ბონი გლიკმა მონაწილეობა მიიღო USAID-ის პროგრამის "YES-Georgia 2.0"-პრეზენტაციაში, რომელიც "ფაბრიკაში" გაიმართა. ღონისძიების შემდეგ შედგა რადიო თავისუფლების ინტერვიუ ბონი გლიკთან:

რადიო თავისუფლება: მინდა დავიწყო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობით, ვაშინგტონიდან ძალიან ინტენსიურად მომდინარე ბოლოდროინდელი კორესპონდენციის კონტექსტში. წერილები არის კონგრესმენებისგან, რომლებიც აქვეყნებენ და გზავნიან წერილებს პრემიერ-მინისტრის სახელზე. ამ კორესპონდენციამ სხვადასხვა სახის კითხვები წარმოშვა ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის, აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე ზოგადად. რისი თქმა შეგიძლიათ თქვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის მთავრობის დამოკიდებულებაზე ამ ქვეყნის მიმართ და მის გამოწვევებზე?

"[კონგრესმენები] ძალიან აქტიურად არიან ჩართულები აშშ-სა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობებისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის მიერ კარგი, მყარი პოლიტიკის განხორციელების ადვოკატირებაში"

ბონი გლიკი: ეს ძალიან კარგი შეკითხვაა და დიდი მადლობა, რომ მკითხეთ. ვიცი, ქართველ ხალხში დიდ ინტერესს იწვევს ის, თუ რა ხდება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში, მაშინ, როცა არიან ადამიანები აშშ-ის კონგრესში, რომლებიც წერილებს უგზავნიან პრემიერ-მინისტრს. ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც განვითარებულ, ჩვენნაირ დემოკრატიას ახასიათებს ან დემოკრატიას საქართველოში, არის ის, რომ არსებობს უამრავი ადამიანი, ვისაც ძალიან აინტერესებს ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ. აშშ-სა და ჩვენს კონგრესში არის უზარმაზარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აქვს დიდი წინსვლა დემოკრატიის მიმართულებით, რომ იქცეს განვითარებულ დემოკრატიად, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი მონაწილე მთავრობის პოლიტიკის შექმნაში. აშშ-ში გვაქვს განვითარებული დემოკრატია და ხელისუფლების სამი თვალსაჩინო შტო: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოები. ჩვენი საკანონმდებლო შტო წარმოდგენილია კონგრესმენებისა და სენატორების მიერ, რომლებიც თქვენ ახსენეთ. ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართულები აშშ-სა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობებისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის მიერ კარგი, მყარი პოლიტიკის განხორციელების ადვოკატირებაში.

"არის პასუხები, რომლებიც საელჩოდან მისდით კონგრესის წევრებს და დარწმუნებული ვარ, მათ შორის არის პასუხები საქართველოს პრემიერმინისტრისგან აშშ-ის კონგრესის ძალიან დაინტერესებული წევრებისთვის"


ისინი მოქმედებენ დამოუკიდებლად და განცალკევებით აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, რომელსაც მე წარმოვადგენ, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში“. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კონგრესის წარმომადგენლებს აწუხებთ საქართველოში მიმდინარე პროცესების ბუნება. მათი ეს ინტერესი კი გაპირობებულია მათი და მათი ამომრჩევლების ინტერესით. აღმასრულებელი შტო დამოუკიდებლად მოქმედებს და ჩვენ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის ჩვენი გზები გვაქვს, რომელთაც დიდწილად წარმართავს ჩვენი საელჩო თბილისში და ჩვენი ახალი ელჩი, რომელიც მიმდინარე კვირაში შეუდგა მუშაობას.

"არის პასუხები, რომლებიც საელჩოდან მისდით კონგრესის წევრებს და დარწმუნებული ვარ, მათ შორის არის პასუხები საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან"

რადიო თავისუფლება: თქვენ მას შეხვდით, როგორც ვიცი.

ბონი გლიკი: დიახ, შევხვდი.

რადიო თავისუფლება: სად გაიმართა ეს შეხვედრა?

ბონი გლიკი: მას შევხვდი, ვიდრე თბილისში ჩამოვიდოდა. ის ჩემთან მოვიდა, ოფისში. გუშინ კი, როცა ჩამოვედი, შევხვდი მას მის ოფისში. კარგი გაცვლა გამოგვივიდა შეხვედრების „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ და სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. ჩვენი ელჩი არის პასუხისმგებელი აღმასრულებელი შტოს ურთიერთობაზე. არის პასუხები, რომლებიც საელჩოდან მისდით კონგრესის წევრებს და დარწმუნებული ვარ, მათ შორის არის პასუხები საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან აშშ-ის კონგრესის ძალიან დაინტერესებული წევრებისთვის.

რადიო თავისუფლება: ზოგჯერ, ზოგიერთი ადამიანი და პარტია აშშ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში განიხილავს NDI-სა და IRI-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს და თვლის მათ აშშ-ის მთავრობის ინსტრუმენტად საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის. რას იტყოდით ამ ორგანიზაციების აშშ-ის მთავრობასთან ურთიერთობაზე?

"აშშ-საქართველოს ურთიერთობა უკიდურესად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, იმდენად, რომ გვსურს უზრუნველვყოთ იმ პროგრესის მდგრადობა, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიისკენ სწრაფვის გზაზე"

ბონი გლიკი: NDI – „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ და IRI – „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ არასამთავრობო ორგანიზაციებია. ისინი დამოუკიდებლად და აშშ-ის მთავრობისგან იზოლირებულად და განსხვავებულად მოქმედებენ. ისინი ხანდახან, ნაწილობრივ ფინანსდებიან „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მიერ. თუმცა, მათი დაფინანსების უდიდესი ნაწილი მოდის აშშ-ში არსებული „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაა. მესმის, რომ NDI და IRI აღმოჩნდნენ კრიტიკის სამიზნეები საქართველოში, მაგრამ ვთვლი, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლოა. ამასთან, მესმის, რომ ეს შეიძლება ზოგიერთისთვის დამაბნეველი იყოს. ასე რომ, ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რას ვთვლი მნიშვნელოვნად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობასა და ჩართულობაში საქართველოში დემოკრატიული ინიციატივების ხელშწყობაში. აშშ-საქართველოს ურთიერთობა უკიდურესად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, იმდენად, რომ გვსურს უზრუნველვყოთ იმ პროგრესის მდგრადობა, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიისკენ სწრაფვის გზაზე. ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა დემოკრატიული არჩევნები. ვიცი, რომ საქართველოში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ეს ეხება აგრეთვე ინფორმაციას, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის თავისუფლებას, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩართულობას.

"ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები განახორციელებენ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათივე მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით"


ორგანიზაციები, როგორებიცაა NDI, IRI, აგრეთვე „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ (IFES) არიან აშშ-ის მთავრობის მნიშვნელოვანი პარტნიორები ისევე, როგორც საქართველოს მთავრობისა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ იყოს გამჭვირვალება და კარგი მმართველობა საქართველოს დემოკრატიის გზაზე წინსვლის პროცესში. ისინი აქ არიან არა როგორც აშშ-ის მთავრობის აგენტები, არამედ პარტნიორები და მონაწილეები, რომლებსაც ჩვენს მსგავსად აქვთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების დიდი ინტერესი.

რადიო თავისუფლება: ახსენეთ საქართველოში მოსალოდნელი არჩევნები. გასული წლის ოქტომბერში USAID-მა წამოიწყო დიდი საარჩევნო პროგრამა, რომლის განხორციელებასაც რამდენიმე წელი დასჭირდება და მასში ბევრი მონაწილეა ჩართული. ამასთან, ძალიან კარგია, რომ მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი ორგანიზაციები არიან. თუმცა, კონტექსტი მაშინ განსხვავებული იყო.

"ჩანს, რომ ქართველები მოწყურებული არიან დემოკრატიასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. პროპორციული არჩევნების საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია"


იმ დროს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მყოფი პარტნიორები მოელოდნენ კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებსაც უნდა შეექმნა ერთგვარი საფუძველი საქართველოში არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებისთვის. თუმცა, ვითარება შეიცვალა. ეს მოლოდინი რეალობად არ ქცეულა. იქონიებს თუ არა ეს ზეგავლენას USAID-ის საარჩევნო პროგრამაზე საქართველოში?

ბონი გლიკი: არა მგონია, ამან ზეგავლენა მოახდინოს USAID-ის პროგრამაზე საქართველოში. ვფიქრობ, არავის სურს დემოკრატია საქართველოში იმაზე მეტად, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ ვერ გვენდომება ის ქართველებზე მეტად.

იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რასაც აქ ყოფნისას ვისმენ, ჩანს, რომ ქართველები მოწყურებული არიან დემოკრატიასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. პროპორციული არჩევნების საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია. მესმის, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო უკვე ზის მატარებელში და დანამდვილებით მიდის სრულად პროპორციული სისტემისკენ, 2024 წლისთვის. მესმის აგრეთვე, რომ არიან საერთაშორისო მრჩევლები, აშშ-ისა და ევროკავშირის ჩათვლით, იმისათვის, რომ ურჩიონ საქართველოს მთავრობას, როგორ მიაღწიოს წინადადებების უკეთეს ნაკრებს საქართველოს პარლამენტში პროპორციული წარმომადგენლობის მისაღებად. ეს არის ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც გადასადგმელია.

"ქალებზე ორიენტირებული პროგრამის ქონა არის სრულ შესაბამისობაში ტრამპის ადმინისტრაციის პროგრამასთან “ქალთა გლობალურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე”


მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საქართველოს ლიდერებს ესმოდეთ პროპორციული არჩევნების მნიშვნელობა იმდენად, რომ მათ ჰქონდეთ ამ საკითხის დემოკრატიული წინსვლის გეგმაში ჩართვის სურვილი, რომ ყველაზე გვიან, 2024 წელს ის განხორციელდეს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები განახორციელებენ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათივე მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. საერთაშორისო მონაწილეები - აშშ, ევროკავშირი არიან აქ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას მივიდნენ მიზნამდე, რომელიც საქართველოს ხალხს გამოადგება, რომელიც დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დგას.

"„YES-Georgia 2.0“, რომელიც დღეს დავიწყეთ, გათვლილია იმაზე, რომ მასში ჩავრთოთ არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ქალი მეწარმეები"

რადიო თავისუფლება: ერთმა "დემოკრატიის წყურვილით" შეპყრობილმა მოქალაქემ, ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელიც არის ლექტორი და აქტივისტი, რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ ყველაზე მტკივნეული მისთვის არის, როცა ხვდება თავის სტუდენტებს ან ყოფილ სტუდენტებს და ისინი ეუბნებიან, რომ ვერ ხედავენ ამ ქვეყანაში პერსპექტივას და ეძებენ გზებს ქვეყნის დასატოვებლად. როგორ დაეხმარება პროგრამა - „YES-Georgia“ ახალგაზრდებს ამ ხედვის შეცვლაში და ახალგაზრდებისა და ქალების რომელი ჯგუფებისთვის არის ეს პროგრამა, რა სავარაუდო შედეგებს მოიტანს ის?

ბონი გლიკი: შესანიშნავი შეკითხვაა. პროგრამა - „YES-Georgia“ დაიწყო 2015 წელს და ფოკუსირებული იყო ახალგაზრდა მეწარმეებზე, რომ მოეცვა ახალგაზრდების ფართო ჯგუფი მთელი საქართველოდან, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით. პროგრამა - „YES-Georgia 2.0“, რომელიც დღეს დავიწყეთ, გათვლილია იმაზე, რომ მასში ჩავრთოთ არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ქალი მეწარმეები. იდეა არის ის, რომ მხედველობაში მივიღოთ, რომ ქალები არიან ძლიერი ეკონომიკური მამოძრავებლები იმ საზოგადოებებში, სადაც მათ ამის შესაძლებლობა ეძლევათ. ზოგჯერ ამისთვის საჭიროა მხოლოდ მცირე ტრენინგი ან სასტარტო დაფინანსება მეწარმეობის დასაწყებად. ამის გამოცდილება გვაქვს აშშ-ში და ჩვენ ძალიან ძლიერი სამეწარმეო კულტურა გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. ვხედავთ, რომ ეკონომიკური განვითარებით აღფრთოვანება ნამდვილად ვრცელდება ახალგაზრდა მეწარმეებსა და მეწარმე ქალებზე საქართველოში. “YES-Georgia 2.0” პროგრამა განსაკუთრებით იქნება ფოკუსირებული ქალებზე, არა მხოლოდ - ახალგაზრდა ქალებზე, არამედ ქალ მეწარმეებზე, რომლებიც შედიან მეწარმეობის ფაზაში მას შემდეგ, რაც, შესაძლოა, ჰქონდათ პაუზა ბავშვების აღზრდის გამო, ან მათ სკოლაში წასვლამდე, რომ ცოტა მეტი დრო გამოთავისუფლებოდათ. ქალებზე ორიენტირებული პროგრამის ქონა არის სრულ შესაბამისობაში ტრამპის ადმინისტრაციის პროგრამასთან “ქალთა გლობალურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე”. ეს არის ინიციატივა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, რომელიც ივანკა ტრამპმა წამოიწყო 2017 წელს, მაშინვე, როგორც კი დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს.

"ბავშვებს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციების საბაზისო დონე იმისათვის, რომ წარმატებულები იყვნენ ზედა კლასებსა და მოგვიანებით საუნივერსიტეტო განათლების დონეზე"

რადიო თავისუფლება: ორი ქართველი ქალი ესწრებოდა ამ ინიციატივის გამოცხადებას.

ბონი გლიკი: დიახ, ქართველი ქალები ესწრებოდნენ მის დაწყებას, 2017 წელს და ახლა ვხედავთ როგორ შემოვიდა ის საქართველოში ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობისთვის. არის ფოკუსი რამდენიმე სფეროზე - მათ შორის იმაზე, რომ წავახალისოთ ქალები გახდნენ მეწარმეები, შეიქმნას ხელშემწყობი გარემო ქალებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა როგორც ფინანსებზე, ისე ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. მოუთმენლად ველით, რომ ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი გარემო, რომელიც იქნება იმგვარი, რომ წაახალისოს ახალგაზრდები, ახალგაზრდა ქალები, სხვა ქალები ჩაერთონ ეკონომიკაში. გვჯერა, რომ ეს შეაჩერებს ქვეყნის გარეთ მიგრაციის ნაკადს და ადამიანები დაინახავენ ეკონომიკურ შესაძლებლობებს თავიანთ სამშობლოში. ეს პროგრამა - “YES-Georgia 2.0“ იწყება 840 ათასი აშშ დოლარით, რომ ხელი შეუწყოს 2500 მეწარმეს, ქალ მეწარმეებს მოიპოვონ წვდომა ბაზრებზე, მიიღონ ცოდნა საკანონმდებლო და ფინანსურ გარემოზე, რაც დაეხმაარება მათ ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში, იქცნენ სამუშაო ადგილების შემქმნელებად საქართველოში, შექმნან შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ეკონომიკის აყვავებისთვის.

"ეს მთავარი ამბები დაახლოებით ასე შეიძლება გამოიყურებოდეს - „დემოკრატია საქართველოში დაკნინებულია“, „დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია“... ჩვენ არ გვსურს ვნახოთ ასეთი სათაურები"

რადიო თავისუფლება: ჩვენი ქვეყნის ცხოვრების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო განათლებაა. თითქმის ერთი კვირის წინ შევიტყეთ, რომ USAID-მა დაიწყო 7-მილიონდოლარიანი განათლების პროგრამა „მოსწავლეებზე ორიენტირებული განათლების სისტემისკენ - ახალი ხვალინდელი დღისთვის“. დაწყებითი განათლება თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემური ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანია არსებითი დახმარების მიღება ამ ნაწილშიც.

თქვენი ყურადღება მინდა აგრეთვე მივაპყრო ინიციატივას, რომელიც გასული წლის ზაფხულში დაიწყო და ეხება კრემლის მავნე ზეგავლენებთან გამკლავებას და რომელშიც საქართველოც არის ჩართული. ჩემი შეკითხვა ასეთი იქნება - რა არის აუცილებელი ამ ინიციატივის წარმატებულობისთვის?

"ვმუშაობთ საქართველოს ინსტიტუტებთან ერთად - სამოქალაქო საზოგადოებასთან და საქართველოს მთავრობასთან, რომ გამოვნახოთ გზები კრემლიდან მომდინარე დეზიფორმაციასთან გასამკლავებლად"

ბონი გლიკი: ძალიან მოკლედ შევეხები განათლებას და საბაზისო განათლებას და იმას, თუ რამდენად პრიორიტეტულია ის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციების საბაზისო დონე იმისათვის, რომ წარმატებულები იყვნენ ზედა კლასებსა და მოგვიანებით საუნივერსიტეტო განათლების დონეზე და ჩართულები იყვნენ საზოგადოების განვითარებაში. ეს, რაც ეხებოდა თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, მასზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ - როგორ უმკლავდები მავნე ზეგავლენას, რომელიც კრემლიდან მოდის, რასაც ასე მძლავრად ვხედავთ საქართველოში - საქართველოს ინსტიტუტების დაკნინების მცდელობაში, საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მოტანის მცდელობაში, საქართველოს დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნის მცდელობაში. ეს არის სფერო, სადაც აშშ-ს სურს იყოს პირდაპირი და ითანამშრომლოს ქართველ პარტნიორებთან კრემლიდან მომდინარე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არ არის სფერო, რომელსაც ადამიანებისთვის დიდად მიმზიდველად არ აღიქმება და არც რომელიც მთავარ ამბებში ხვდება, როცა ვლაპარაკობთ კარგ მმართველობასა და გამჭვირვალებაზე, მედიის გამჭვირვალებაზე. ასეთი საკითხები არ ხვდება მთავარ ამბებში. ჩვენთვის კი, თუკი ეს ყველაფერი არ არსებობს, თავად ვაქცევთ ამას მთავარ ამბებად და ეს არ იქნება კარგი, სასურველი მთავარი ამბები. ეს მთავარი ამბები დაახლოებით ასე შეიძლება გამოიყურებოდეს - „დემოკრატია საქართველოში დაკნინებულია“, „დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია“... ჩვენ არ გვსურს ვნახოთ ასეთი სათაურები.

"ვხარჯავთ დროს, თანხებს იმისათვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მთავრობა და დამოუკიდებელი მედია იყვნენ ძლიერები იმ ვითარებაში, როცა, ჩვენ და სხვა ქვეყნები ვხედავთ, რომ საქართველო არის კრემლის მავნე ზეგავლენების სამიზნე"


ასე რომ, ვმუშაობთ საქართველოს ინსტიტუტებთან ერთად - სამოქალაქო საზოგადოებასთან და საქართველოს მთავრობასთან, რომ გამოვნახოთ გზები კრემლიდან მომდინარე დეზიფორმაციასთან გასამკლავებლად, რომ დავძლიოთ, გავაუვნებელყოთ ის ზეგავლენა, რომელსაც შეიძლება კრემლის მოთამაშეები ახდენდნენ საქართველოში - იქნება ეს მედიასა თუ მთავრობაში. მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ეს მათი საზოგადოებაა. ისინი ოკუპირებული არიან რუსი ოკუპანტების მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არის ტერიტორიები, სადაც აშშ-ს ძალიან აშფოთებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ თავიანთი დემოკრატიული უფლებებით და რომ მათ თავს ესხმის რუსეთი. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ტერიტორიებზე ადამიანებმა იცოდნენ, რომ მათ აქვთ უფლებები და რომ ჩვენ არ გვეშინია მათთვის ამის თქმის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამაზე ვხარჯავთ დროს, თანხებს იმისათვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მთავრობა და დამოუკიდებელი მედია იყვნენ ძლიერები იმ ვითარებაში, როცა, ჩვენ და სხვა ქვეყნები ვხედავთ, რომ საქართველო არის კრემლის მავნე ზეგავლენების სამიზნე.

"ერთ-ერთი, რაც საქართველოს მიერ დემოკრატიის შექმნის პროცესში გამოიკვეთა, არის კერძო სექტორის მნიშვნელოვნება"

რადიო თავისუფლება: როცა USAID-ი ქმნის სტრატეგიას მომავალი რამდენიმე წლისთვის, რას ეფუძნება ხოლმე ის, როგორ განსაზღვრავთ პრიორიტეტებს? მესმის, ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ საქართველოსნაირ, განვითარებად ქვეყნებში რაღაცები იცვლება. იცვლება თუ არა ამის შესაბამისად სტრატეგია, თუ ის საკმარისად მოქნილია? როგორ მუშაობს ის? განსაკუთრებით რთულია საარჩევნო წლის განვითარების პროგნოზირება - რა მოხდება, როგორ შეიცვლება ვითარება, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება ჩვენი საზოგადოება?

ბონი გლიკი: დაფინანსების სტრატეგიის მრავალწლიანი დაგეგმვა უფრო რთულია ჩვენთვის - აშშ-ისთვის, ვიდრე ეს იყო საბჭოთა კავშირში, სადაც ხუთწლედის გეგმებს ადგენდნენ და რომელიც მკაცრად იყო გაწერილი. ჩვენი გეგმები გაცილებით მოქნილია, მასში გათვალისწინებულია რეალობა, ვინ იქნებიან მხარეები, მონაწილეები. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მიერ დემოკრატიის შექმნის პროცესში გამოიკვეთა, არის კერძო სექტორის მნიშვნელოვნება. საქართველოში არის მზარდი კერძო სექტორი, ძალიან წარმატებული კულტურის სექტორი, მზარდი ეკონომიკა, ტურიზმი. ყველა ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ, როცა ვგეგმავთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს. ვიცით, რომ არასდროს იქნება საკმარისი ფული ამა თუ იმ მთავრობისგან, განსაკუთრებით ჩემი მთავრობისგან, რომ დავაკმაყოფილოთ საქართველოს ან რომელიმე სხვა განვითარებადი ეკონომიკის ყველა საჭიროება. ერთადერთი გზა, რომლითაც ვაპირებთ პრობლემების გადაჭრას, ეს არის კერძო სექტორთან თანამშრომლობის გზა. კერძო სექტორს აქვს სტიმული, ის ეფუძნება საბაზრო ფაქტორებს, რაც საქართველოს მისცემს განვითარების, სამუშაო ძალების შექმნის, საგადასახადო შემოსავლების მიღებისა და იმის შესაძლებლობას, რომ იფუნქციოს პასუხისმგებლობით და თავისი მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისად. ასე რომ, კერძო სექტორთან თანამშრომლობა არის ის, რასაც ვხედავთ მომდევნო წლებში USAID-ის საქმიანობის გზად საქართველოში. მეორე კომპონენტი, რომელთან თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია, არის საქართველოს მთავრობა. სამთავრობო სააგენტო ვართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობაში ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობა. დაბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელიც ხშირად ჰგონიათ არასამთავრობო ორგანიზაციები. ის მოიცავს აგრეთვე ფონდებს, მედიასაშუალებებს. სამოქალაქო საზოგადოება არის მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელთანაც ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ. დროთა განმავლობაში იცვლება ხოლმე დაფინანსების მიმართულებები, რბილად და არა გაუთვლელად. USAID-ი იწყებს პროექტს და ჩვენ მას ვახორციელებთ მრავალწლიანი თანმიმდევრობით ისე, რომ არ იყოს ხოლმე უცაბედი შოკი დაფინანსების შეწყვეტის გამო. პროგრამების განხორციელებისას ვთანამშრომლობთ მონაწილეებთან იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში განვსაზღვროთ, საით უკეთესი იქნება დაფინანსების მიმართვა.

ჩვენ არ გვაქვს დამრიგებლური მიდგომა - USAID-ი არ მიუთითებს პროგრამების მონაწილეებს, რა მიმართულებით და როგორ იმუშაონ. პირიქით, USAID-ი ითვალისწინებს, რა შეიძლება შეიცვალოს პროექტის მიმდინარეობის პროცესში. ვერ გათვლი, რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს პროგრამამ მის მონაწილეებზე. გუშინ, მაგალითად, მქონდა შესაძლებლობა ვწვეოდი შშმ ბავშვების საოჯახო საცხოვრისს. ეს პროგრამა სულ რაღაც ერთი წლის წინ დავიწყეთ, დეკემბერში. წინასწარ ვერ განსაზღრავ, რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი შეიძლება აღმოჩნდეს პროგრამა, რომელიც შშმ ბავშვებისთვის ხორციელდება, ვიდრე არ ნახავ, როგორ ვითარდება ის დროთა განმავლობაში. უნდა ვთქვა, რომ შეზღუდული ფიზიკური და კოგნიტური შესაძლებლობების მქონე 7 ბავშვისთვის განკუთვნილ ამ საოჯახო საცხოვრისში ვიზიტი ნამდვილი სიამოვნება იყო. იმის ნახვა, როგორ ვითარდებიან ეს ბავშვები და როგორ აქტიურობენ, რამდენად აღფრთოვანებული არიან, როგორ თამაშობენ, როგორ იკვებებიან დამოუკიდებლად და აკეთებენ ისეთ რამეებს, რაც სულ რაღაც ერთი წლის წინ, როცა ამ სახლში მოვიდნენ, არ შეეძლოთ, ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. და ეს შესაძლებელი გახდა ყურადღების გამახვილებით ამ ბავშვებისთვის სტაბილური, ოჯახური გარემოს შექმნაზე მას შემდეგ, რაც მათი რეაბილიტაცია მოხდა და უკვე შეუძლიათ ურთიერთობა იმგვარად, როგორც ეს მსგავსი შეზღუდვების მქონე ბავშვებს შეუძლიათ. ეს ძალიან დამაიმედებელია. ერთი წლის წინ ჩვენ არ ვიცოდით, როგორ შეიძლებოდა ეს განხორციელებულიყო. წინ კიდევ რამდენიმეწლიანი პროგრამაა და შევეცდებით, გამოვნახოთ დაფინანსების გზები ამ პროგრამის გასაგრძელებლად. ასეთი ღონისძიებები უნდა დაგეგმო და უნდა იყო მზად მათი ადაპტირებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG