Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი ჰყავს


საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა დავით რაქვიაშვილი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს აქვს მდიდარი გამოცდილება, როგორც აშშ-ს, ასევე რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. დავით რაქვიაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს, ასევე, აკავშირებთ მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა.

უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი ჰყავს
please wait

No media source currently available

0:00 0:05:47 0:00
გადმოწერა

დავით რაქვიაშვილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როგორც საქართველოს რეინეტგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში. 2011-2013 წლებში კი მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტების ზედამხედველობა და კოორდინაცია ებარა. საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, დავით რაქვიაშვილის ეს გამოცდილება გახდა გადამწვეტი უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურის შერჩევისას:

„აქედან გამომდინარე, აქვს სერიოზული გამოცდილება. ასევე აქვს როგორც აშშ-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის სერიოზული გამოცდილება. აშშ-ში იყო ელჩის მოადგილე – დესპანი. მე და ბატონი დავითი, ფაქტობრივად, ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს. იყო გამგეობის წევრი. პიროვნულ კონტექსტში გეტყვით, რომ არის ჩემი თაობის ერთ-ერთი გამოჩენილი ალპინისტი. ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშაო და ქვეყნის გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობას ემსახურო. ბატონო დავითი, ამ თვალსაზრისით, მუშაობდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისა და დაფუძნების პროცესში. გვაქვს ახლო ურთიერთობის 30-წლიანი გამოცდილება. მას ჰყავს მეუღლე და 4 შვილი“.

შესაძლებელია ხელისუფლებაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს დანიშვნის ფაქტორმა, მაგრამ ამ უკმაყოფილების პასუხად, ალბათ, ითქმება, რომ ბევრი მაღალი თანამდებობის პირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ასევე იკავებდა გარკვეულ თანამდებობას წინა ხელისუფლებასა და სახელმწიფო სტრუქტურებში...
ნიკა ჩიტაძე

გიორგი მარგველაშვილს არჩევანი მოუწონა ჟენევის მოლაპარაკებებში დავით რაქვიაშვილის კოლეგამ და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სერგი კაპანაძემ, რომლის თქმითაც, უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი თავისი საქმის მცოდნე, კარგი პროფესიონალია. სერგი კაპანაძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანა საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაკნინება და უშიშროების საბჭოს როლის შესუსტებაა (რისთვისაც შეიქმნა პარალელური სტრუქტურა, კრიზისების მართვის საბჭოს სახით), დავით რაქვიაშვილს მოუწევს რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება. უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე კი ვარაუდობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა დავით რაქვიაშვილზე არჩევანი ამერიკული კავშირების გამო შეაჩერა.

„ეს კავშირები მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ პრეზიდენტი არ აპირებს დაემშვიდობოს პოლიტიკურ სცენას. მისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს პოლიტიკურ ელიტასთან აქტიური ურთიერთობები და მათი მხარდაჭერა. მით უფრო, იმ ფონზე, როცა პოლიტიკური ველი ცარიელია. გადამწვეტია ამერიკასთან კონტაქტები და არა გამოცდილება თავდაცვის სფეროში, რადგანაც, როგორც ჩანს, თავდაცვის სფეროში, ბატონ დავითს გამოცდილება არ აქვს“, – უთხრა ხათუნა ლაგაზიძემ „რადიო თავისუფლებას“.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი იმაზე ამახვილებს ყურაღებას, რომ უშიშროების საბჭო, პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმების მიუხედავად, მაინც რჩება უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციად ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაში. ნიკა ჩიტაძის თქმით, ის გარემოება, რომ დავით რაქვიაშვილს ეკავა თანამდებობა ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში, უშიშროების ახალი მდივნის დისკრედიტაციისთვის ვერ გამოდგება.

„შესაძლებელია ხელისუფლებაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს დანიშვნის ფაქტორმა, მაგრამ ამ უკმაყოფილების პასუხად, ალბათ, ითქმება, რომ ბევრი მაღალი თანამდებობის პირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ასევე იკავებდა გარკვეულ თანამდებობას წინა ხელისუფლებასა და სახელმწიფო სტრუქტურებში“, – აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ „რადიო თავისუფლებასთან“.

დავით რაქვიაშვილის ბიოგრაფიიდანაც ირკვევა, რომ მას არასოდეს ჰქონია პოლიტიკის განმსაზღვრელი თანამდებობა. წარგენის შემდეგ, უშიშროების მდივანმა ახალ თანამდებობაზე მუშაობის პრიორიტეტები დაასახელა:

„ისეთ დროს, როდესაც ქვეყანას არ ემუქრება მყისიერი საფრთხე, უშიშროების საბჭოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შესაძლო საფრთხეების გამოვლენასა და მათ პრევენციაზე, ხოლო მაშინ, როდესაც სასწორზე დევს მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უშიშროების საბჭო სწორედ ის პოლიტიკური სათათბიროა, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავ გადაწყვეტილებებს განიხილავს“.

დავით რაქვიაშვილმა ასევე ისაუბრა, გეოპოლიტიკურ კონტექსტსა და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესუსტების ფონზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე:

„ტერორიზმის გეოგრაფიის ზრდის, ევროპულ ღირებულებებთან დაპირისპირებული აქტორების მომრავლების ფონზე, ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები უდავოდ მოითხოვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას. ასეთ ცვალებად გარემოში შესაძლო გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებით, მხოლოდ მათი კოორდინირებული მოქმედებით, ქვეყნის უშიშროების და თავდაცვისუნარიანობის მიმართებაში პოლიტიკური ძალების კონსოლიდირებული პოზიციით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებით“.

დავით რაქვიაშვილის თქმით, ასეთია უშიშროების საბჭოს სამოქმედო გეგმა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG