Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებაშეკვეცილი უშიშროების საბჭოს მდივნის ვინაობა ცნობილია


ირინე იმერლიშვილი
ირინე იმერლიშვილი
უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი იქნება. ეს ინფორმაცია თავად საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ამჟამად პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინე იმერლიშვილმაც დაადასტურა, თუმცა დანიშვნამდე ცვლილები შევა უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილების განმსაზღვრელ კანონში, რომლის მიხედვითაც, საბჭოს მდივანს პრეზიდენტთან მხოლოდ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფუნქცია დარჩება. რატომ იკვეცება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქციები და, შესაბამისად, როგორ აფასებენ ახალი მდივნის კანდიდატურასა და, ასევე, ცვლილებების მნიშვნელობას?

ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესიით ბიოლოგი და იურისტი, მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილე იყო, პრეზიდენტისგან მიღებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის წოდება, რაც გენერლის წოდების ეკვივალენტია, და არის ერთადერთი ქალი გენერალი საქართველოში. ირინე იმერლიშვილი ამბობს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე თანხდება, თუმცა მანამდე, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, კანონში, რომელიც მის ფუნქციებს განმარტავს, ცვლილებები უნდა შევიდეს:

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი შევა სრულ უფლებამოსილებაში კონსტიტუციურად, ანუ დადებს ფიცს და გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, ეს ხდება 17 ნოემბერს, შემდეგ უკვე დაინიშნება ახალი უშოშროების საბჭოს მდივანი და ეს ვიქნები მე. ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. მისაღებია კანონი უშიშროების საბჭოს შესახებ და პირველი ზუსტად ამ ცვლილებებზე იქნება მუშაობა და შემდგ უკვე გავაგრძელებთ ახლებურად უშიშროების საბჭოს ფორმირებას და მუშაობასაც“.

საფრთხეები სხვადასხვა ბუნების არის, სამხედროც შედის იქ და ეკოლოგიურიც და სხვა და სხვა და ამის განხილვა არ უნდათ და სურთ ამოგლიჯონ უშიშროების ფუნქციებიდან ყველა სხვა და დატოვონ მარტო თავდაცვა...
დავით დარჩიაშვილი
ცვლილება კანონში თავად ირინე იმერლიშვილის და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის მიერ იყო ინიცირებული სექტემბერში და ის ჯერ მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული, თუმცა, როგორც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს, მსგავსი დილეტანტური მიდგომა ამ თანამდებობის მიმართ მიუღებელია. მისთვის არც ირინე იმერლიშვილის გამოცდილების მქონე ადამიანის დანიშვნაა ამ თანამდებობაზე მისაღები. დავით დარჩიაშვილის სიტყვებით, თუ, კანონპროექტის მიხედვით, უშიშროების საბჭოს მდივანს, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველი უწყების ხელმძღვანელია, ჩამოერთმევა უშიშროების საკითხების კოორდინაციის ფუნქცია და დარჩება მხოლოდ თავდაცვის სფეროში მრჩევლის ფუნქცია, ეს ორგანო იქნება „მეხუთე ბორბალი, გაუგებარი ფუნქციით“:

„საფრთხეები სხვადასხვა ბუნების არის, სამხედროც შედის იქ და ეკოლოგიურიც და სხვა და სხვა და ამის განხილვა არ უნდათ და სურთ ამოგლიჯონ უშიშროების ფუნქციებიდან ყველა სხვა და დატოვონ მარტო თავდაცვა. თავდაცვისთვის აგერ თავდაცვის სამინისტრო არსებობს და მაშინ რა საჭიროა ცალკე რაღაც საბჭოს შექმნა? უნდათ, რომ ახლა ეს ყველაფერი მიანდონ ქალბატონ იმერლიშვილს, რომელმაც იუსტიციის გენერლობა რაში და როგორ მიიღო, არ ვიცი და ამის განსჯაში არ შევალ, მაგრამ შეხება თავდაცვა-უსაფრთხოების პოლიტიკასთან არასოდეს არ ჰქონია“.

ახალ კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი აღარ გაუწევს ერთგვარ კურირებას უსაფრთხოების სექტორს და ის მხოლოდ ორიენტირებული იქნება თავდაცვის სფეროზე. ის რჩება როგორც მთავარსარდალი და კურირებას უწევს თავდაცვის საკითხებში მთელ რიგ პროცედურებს...
ირაკლი სესიაშვილი
თავისი მოადგილის საპასუხოდ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქციების შეკვეცას იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანით ხსნის, რომლის მიხედვითაც, ახლად არჩეულ პრეზიდენტს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მართვის უფლებამოსილება ეზღუდება:

„ახალ კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი აღარ გაუწევს ერთგვარ კურირებას უსაფრთხოების სექტორს და ის მხოლოდ ორიენტირებული იქნება თავდაცვის სფეროზე. ის რჩება როგორც მთავარსარდალი და კურირებას უწევს თავდაცვის საკითხებში მთელ რიგ პროცედურებს. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით განგვეხორციელებინა ეს ცვლილებები, ვინაიდან ჰარმონიზაცია უნდა მოგვეხდინა შესაბამის კანონმდებლობასთან“.

კონსტიტუციონალისტთა აზრით, კონსტიტუციის ახალი მოდელით, პრეზიდენტს იმდენადაც არ ეზღუდებოდა საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვაში მონაწილეობის ფუნქცია, რომ მთავრობასა და პარლამენტს შორის საკოორდინაციო ფუნქციების მქონე საბჭოს მნიშვნელობა მხოლოდ თავდაცვის სფეროში მრჩევლის ფუნქციებამდე დაჰკნინებოდა. ახლა კი ირიბად, მაგრამ მაინც, უფრო ის იკვეთება, რომ თავად უშიშროების საბჭოს ფუნქციების შემცირებით უმცირდება პრეზიდენტს უფლებამოსილება.

რაღაც შერჩევითი პრინციპით მოხდა ფუნქციების გამოკლება, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის დავაცალკევოთ თავდაცვისუნარიანობა და, ვთქვათ, უცხოურ აგენტურასთან ბრძოლა...
ბესიკ ალადაშვილი
ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილს მიაჩნია, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ იჩქარა კანონში ცვლილების შეტანა, დანარჩენი დამოკიდებული იქნება ახალ პრეზიდენტზე. როგორც ბესიკ ალადაშვილი ამბობს, ვინაიდან ერთი გუნდია მთავრობაც და პრეზიდენტიც, ამ დროს ხშირად პიროვნული ურთიერთობების გათვალისწინება ხდება და ძალიან ცუდი იქნება, თუ ახალმა პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს ფუნქციები გარკვეულწილად შეკვეცა და გაითვალისწინა აღმასრულებელი ხელისუფლების ინტრესები ან მათთან პიროვნული ურთიერთობა:

„რაღაც შერჩევითი პრინციპით მოხდა ფუნქციების გამოკლება, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის დავაცალკევოთ თავდაცვისუნარიანობა და, ვთქვათ, უცხოურ აგენტურასთან ბრძოლა. ასე რომ, უშიშროების საბჭოს აპარატი და უშიშროების საბჭო უნდა იყოს პასუხისმგებელი როგორც პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე, ასევე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, კონკრეტულად, კონტრსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვაზე, ასევე თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. ამიტომ ვამბობ, რომ მე მართებულად არ მიმაჩნია კონტექსტიდან ეროვნული უსაფრთხოების სხვა საკითხების ამოგდება და მარტო თავდაცვის დატოვება“.

თუმცა ბესიკ ალადაშვილი იმედოვნებს, რომ ირინე იმერლიშვილი, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, იოლად გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან, უშიშროების ამჟამინდელი საბჭოს მუშაობის შეფასებისას ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ საბჭოს არ უმსჯელია და არ განუხორციელებია რაიმე მნიშვნელოვანი საქმიანობა თუნდაც ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და უშიშროების საბჭო, როგორც სათათბირო ორგანო, ქცეული იყო პოლიტიკური პიარის ორგანოდ.

ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია, ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა. საბჭოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მას ჯერ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება არ დაუწერია. მათივე თქმით, გიგა ბოკერია თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დაწერს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG