Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერი უთანასწორობასთან ბრძოლის პირობას დებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, სამშაბათს პირობა დადო, რომ შეებრძოლება ქვეყანაში უთანასწორობას - გამოკვლევის გამოქვეყნების ფონზე, რომელიც აჩვენებს, რომ ბრიტანეთში კვლავაც მწვავეა სოციალური განსხვავება რასობრივი ნიშნით. სააგენტო „როიტერსის“ ანალიტიკოსების აზრით, ამ საკითხების აქცენტირებით მეი ცდილობს ლიდერის უნარების დემონსტრირებას - იმის ჩვენებას, რომ მას ბრექსიტის განხორციელებაზე მეტი შეუძლია.

უთანასწორობა დიდ ბრიტანეთში - აუდიტის კვლევის შედეგები

  • აუდიტის კვლევამ აჩვენა, რომ აზიელი, შავკანიანი და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ოჯახები უფრო ხშირად ცხოვრობენ მუდმივ სიღარიბეში
  • ეთნიკურ უმცირესობებში, თეთრკანიანებთან შედარებით, უფრო მაღალია უმუშევრობის დონე და ისინი არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი საჯარო სამსახურის მაღალ პოსტებზე.

აუდიტის კვლევამ აჩვენა, რომ აზიელი, შავკანიანი და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ოჯახები უფრო ხშირად ცხოვრობენ მუდმივ სიღარიბეში; ეთნიკურ უმცირესობებში, თეთრკანიანებთან შედარებით, უფრო მაღალია უმუშევრობის დონე და ისინი არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი საჯარო სამსახურის მაღალ პოსტებზე.

მეის პოლიტიკურ პრობლემებს უქმნის ბრექსიტის საკითხი, ისევე როგორც ის გარემოება, რომ მან ივნისში ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებზე საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. ასეთ ფონზე მეის სოციალური პოლიტიკის გატარებაც უჭირს საიმისოდ, რომ შემსუბუქდეს, მისივე სიტყვებით, „საგანგაშო უთანასწორობა“.

სწორედ ამ პოლიტიკის მიმართულებით ნაბიჯის გადასადგმელად გამოაქვეყნა მეიმ შედეგები აუდიტისა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სექტორში ჩატარებულ კვლევას - იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება თუ სასამართლო სისტემა.

„აუდიტის შედეგები მოწმობს, რომ საზოგადოებას, როგორც ასეთს, - მთავრობას, ჩვენს საჯარო სამსახურებს, - დასამალი არაფერი აქვთ. ეს საკითხები ახლა საჯაროაო“ – „როიტერსის“ განცხადებით, ეს სიტყვები მეიმ კერძო შეხვედრაზე წარმოთქვა.

პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ პრობლემები გააღრმავა. სავალალო უსამართლობასთან ბრძოლის ნაცვლად, მან ცეცხლზე ნავთი დაასხაო...
დაუნ ბატლერი

„საკითხი მარტივად დგას: თუ ამ უთანასწორობას ვერ ვხსნით, ის უნდა შეიცვალოს“, - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი.

მეის მემარჯვენე-ცენტრისტული კონსერვატიული პარტია ივნისში ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებზე მნიშვნელოვნად დაზარალდა მემარცხენე ოპოზიციის ლიდერის, ჯერემი კორბინის, მზარდი პოპულარობით. კორბინი გამოდის სახელმწიფო ხარჯების გაზრდის ინიციატივით - ის აცხადებს, რომ ეს შეამსუბუქებს მოქალაქეების მდგომარეობას, რაზეც ნეგატიურად აისახა წლების განმავლობაში მიმდინარე საჯარო მომსახურების შეკვეცის პოლიტიკა.

„პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ პრობლემები გააღრმავა. სავალალო უსამართლობასთან ბრძოლის ნაცვლად, მან ცეცხლზე ნავთი დაასხაო“, - განაცხადა თანასწორობის საკითხებში ლეიბორისტთა პრესმდივანმა, დაუნ ბატლერმა. მან მთავრობას მოუწოდა დაიწყონ გამოსავლის ძიება აუდიტში ასახულ პრობლემებთან საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG