Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უთქმელი ამბები


80 წლის მოხუცმა შვებით ამოისუნთქა, როცა თავისი ამბის თხრობა დაასრულა: გულზე მომეშვა - ეს ამბავი, დიდი ხანია, მინდოდა ვინმესთვის მომეყოლაო. ავთანდილ ასანიძე სოფელ ჭვრინისში ცხოვრობს. ბოლო წლების კონფლიქტებში მან ნათესავები და მეგობრები დაკარგა. მისი ისტორია გამორჩეულია. რუსეთის მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ოთხჯერ დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებისას ის მეზობელ ოსურ სოფელში მეგობრის გასვენებაში მიდიოდა. ჯიბეში 2 000 რუბლი ედო, მზად იყო მაშინვე ჯარიმა გადაეხადა, მაგრამ მესაზღვრეებთან მუდარამ არ გაჭრა. საბოლოოდ მან მეგობრის უკანასკნელ გზაზე გაცილება მაინც მოახერხა, მაგრამ ეს შეიარაღებული პირების მეთვალყურეობით მოხდა, გასვენებიდან კი იგი პირდაპირ ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

უთქმელი ამბები
please wait

No media source currently available

0:00 0:06:58 0:00
გადმოწერა

ავთანდილ ასანიძის ისტორია ერთ-ერთია იმ 16 ამბიდან, რომლებიც ახლახან ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ წიგნში შევიდა. “კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები - ქართულ-ოსური კონტექსტი” - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ამბებია მოთხრობილი. წიგნში 16 ისტორიაა შესული. 8 ისტორია ქართულ მხარეს, 8 კი ოსურ მხარეს ჩაიწერა. მავთულხლართებისა და ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერების სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანების ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თითოეულმა მათგანმა 90-იანი წლების კონფლიქტისა და 2008 წლის ომის დროს როგორც მატერიალური, ისე ფსიქოლოგიური საფასური გაიღო. ტრაგედია ბევრი ოჯახისთვის დღემდე გრძელდება. ლია ჩლაჩიძე ერგნეთში ცხოვრობს, კონფლიქტი და ტრაგედია მისი ოჯახისთვის განუყოფელ ნაწილად იქცა.

სარიბარი კასპის მუნიციპალიტეტის ოსური სოფელია, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ორჭოსანს ესაზღვრება. ამ სოფელში ცხოვრობს გელა ვალიშვილი. კონფლიქტის მიუხედავად, ბარიერების არსებობის პირობებში ორჭოსნელებთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ისეც ხდება ხოლმე, რომ გამყოფ ხაზთან ორივე მხრიდან ადამიანები მიდიან და ხელის გაწვდენით ეგრეთ წოდებულ საზღვარს არღვევენ, როცა წარმოთქმული სადღეგრძელოს დროს აქეთ-იქიდან ერთმანეთს ჭიქებს უჭახუნებენ.

რესპონდენტები, როგორც წესი, უარს ამბობდნენ ელაპარაკათ განცდილზე. ამჯერადაც მხოლოდ ყველაზე მამაცები, რომლებსაც არ ეთაკილებოდათ საკუთარი ემოციების გამოხატვა, თანხმდებოდნენ საუბარზე. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დაწყებიდან საკმაო დრო გავიდა, მათ ხელახლა უწევდათ ტკივილის განცდა.- ეს სიტყვები ოსური ამბების შესავალ ნაწილში ჟურნალისტმა ირინა ქელეხსაევამ დაწერა. ქართულ მხარეს კი, პირიქით, ადამიანებს უფრო მეტად უნდოდათ საკუთარი ისტორია მოეყოლათ.

ქართველებისა და ოსების მიერ კონფლიქტების ინტერპრეტაცია ერთმანეთისგან განსხვავებულია, იმისდა მიუხედავად, რომ ის უმძიმესი ამბები, რაც მათ თავს გადახდათ, ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ხანდახან მხოლოდ ამბის მონაწილეების ეთნიკური კუთვნილების შეცვლაა საკმარისი, რომ ერთის მიერ ნაამბობი ძნელად გასარჩევი გახდეს მეორის ნაამბობისაგან. როგორც სამხრეთოსური მხარის, ასევე ქართული მხარის მონათხრობში მკითხველი ამოიცნობს ცხინვალსა და თბილისში დღეისათვის არსებულ დიამეტრულად განსხვავებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ განწყობებს, რომლებიც უშუალო ზემოქმედებს ადამიანთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე. ხშირად სწორედ ადამიანებში დღემდე არსებული ნდობის აღდგენის პოტენციალი და შერიგების სურვილი ეწირება ამ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ტოტალურ კონტროლსა და წნეხს. შესაძლოა, სწორედ ამითაც არის განპირობებული ის, რომ სამხრეთოსური ისტორიები უფრო ტრაგიკულ წარსულსა და დღევანდელობაზეა ორიენტირებული, ქართული მხარის მიერ მოთხრობილი ამბები კი, იმის მიუხედავად, რომ მათი უმეტესობა დევნილ მოსახლეობას ეკუთვნის და დიდი ტკივილის გამომხატველია, უფრო მომავალზეა ორიენტირებული. დვანის მცხოვრები მურთაზ მამაგულაშვილი ფიქრობს, რომ მავთულხლართების აღების დროც დადგება.

დღეს ეს ადამიანები საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან. მათ უნდათ, რომ მოუსმინონ, გაუგონ, რომ მათი ცხოვრებისეული გაკვეთილები სხვებისთვის მაგალითი გახდეს და ის ტრაგედია არ განმეორდეს, რაც რვა წლის წინ დატრიალდა. ამ ადამიანებს პოლიტიკოსებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა მოუსმინონ, რადგან კონფლიქტების მოგვარება, ნდობის აღდგენა, მშვიდობის დამყარება მათი ნააზრევისა და მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება. ამ ადამიანებმა ნახეს ომი, იციან კონფლიქტის საფასური და ყველა სხვაზე უკეთ ესმით მშვიდობის ფასი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG