Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესის მიმოხილვას დავიწყებთ აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, სადაც დონალდ ტრამპმა ორი დღე დაყო და საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, 14 ივლისს, მონაწილეობა მიიღო ბასტილიის აღების დღესასწაულისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ვერ შეძლებს დონალდ ტრამპს აზრი შეაცვლევინოს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, ეს ვიზიტი სასარგებლო იქნება მაკრონისათვის, წერდა ფრანგულენოვანი „ლა ტრიბუნ დე ჟენევე“, რომელიც მიიჩნევს, რომ მსოფლიო მედიის მიერ ბასტილიის დღის აღსანიშნავი დღესასწაულის ტრანსლირება მაკრონს მტკიცედ დაუმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს მნიშვნელოვან ლიდერებს შორის. „საფრანგეთის პრეზიდენტს ესმის, რომ სირიის საკითხზე მოლაპარაკებებში ვაშინგტონთან ახლოს ყოფნით იგი შეძლებს დაიბრუნოს საკუთარი ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან. პარიზს კონტრტერორიზმის საკითხშიც სჭირდება აშშ-ის ფინანსური დახმარება, რათა გააძლიეროს საფრანგეთის ლიდერობითა და ხუთი აფრიკული ქვეყნის მონაწილეობით შექმნილი „საჰელის ჯგუფი“ (G5 Sahel group), რომელშიც ბურკინა ფასო, ჩადი, მალი, მავრიტანია და ნიგერი არიან გაერთიანებულნი. ვერსალის სასახლეში ვლადიმირ პუტინის პომპეზური მიღების შემდეგ, მაკრონმა კიდევ უფრო მაღლ ასწია თამასა თავისი ამერიკელი მოკავშირისათვის. ელისეს მინდვრებზე დღეს ეს მისია აღსრულდა“, - წერს „ლა ტრიბუნ დე ჟენევე“.

ესპანური გამოცემა „პერიოდიკო დე კატალონიაც“ მიიჩნევს, რომ ემანუელ მაკრონი აძლიერებს დიპლომატიას. საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა უკვე მიიღო პუტინი, მერკელი და ტრამპი, რითაც მაკრონი ადასტურებს, რომ მას შეუძლია საერთო ენის გამონახვა სამი ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებთან, რომლებსაც ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. „საფრანგეთსა და აშშ-ს შორის მთავარი აზრთა სხვადასხვაობა შეეხება გლობალურ ვაჭრობასა და კლიმატის დაცვას, მაგრამ ისინი სულ მცირე ერთად იბრძვიან სირიის კონფლიქტში ტერორიზმის წინააღმდეგ. როგორც ახლახან დიდი ოცეულის სამიტმა აჩვენა, საეჭვოა, რომ მაკრონმა შეძლოს შეაცვლევინოს ტრამპს საკუთარი შეხედულება, მაგრამ იგი სულ მცირე საფრანგეთის როლს გააძლიერებს საერთაშორისო არენაზე“, - წერს „პერიოდიკო დე კატალონიაც“.

ფრანგული საინტერნეტო გამოცემა „კოზეღი“ (Causeur) საფრანგეთის პრეზიდენტს ვიზიტის წინ აფრთხილებდა, რომ არ გამოეჩინა მაამებლობა დონალდ ტრამპის წინაშე. „დიახ, სწორი იყო ამერიკელი ჯარისკაცების მოპატიჟება ბასტილიის აღების დღეს ფრანგ სამხედროებთან ერთად აღლუმში მონაწილეობის მისაღებად, რადგან ბევრი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ჩვენს მიწაზე ორივე მსოფლიო ომის დროს. სწორია პირისპირ საუბარიც იმათთან, ვინც არ იზიარებს ჩვენს შეხედულებებს, იქნება ეს პუტინი, ტრამპი თუ ვინმე სხვა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ მაამებლობა და თვალი არ უნდა დავხუჭოთ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების ლიდერების უპასუხისმგებლო საქციელზე, უპატივცემულობაზე, ვულგარულ დამოკიდებულებაზე, უგულებელყოფასა და დესტრუქციულ ქედმაღლობაზე“, - წერს ფრანგული საინტერნეტო გამოცემა „კოზეღი“.

გასულ კვირაში ევროპული გამოცემები ბევრს წერდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, რასაც საბაბი მისცა დასავლეთ ბალკანეთის ორდღიანმა, 11-12 ივლისის, სამიტმა, რომელშიც, ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მაკედონიის, ჩერნოგორიისა და სერბიის ლიდერების გარდა, მონაწილეობდა გერმანიის კანცლერიც. სამი წლის წინ, როდესაც მსგავსი კონფერენცია პირველად ჩატარდა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დარწმუნებით აცხადებდა, ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების ცხადი პერსპექტივა აქვთო, თუმცა, კომენტატორების შეფასებით, ახლა ეს ქვეყნები კიდევე უფრო შორს არიან ამ მიზნისაგან, ვიდრე სამი წლის წინ იყვნენ.

კონსერვატიული გამოცემა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ მიიჩნევს, რომ დასავლეთ ბალკანეთში თუ რაიმე ცვლილება განხორციელდა, ეს იყო მიმართული ავტორიტარიზმის და არა დემოკრატიისკენ. „ეკონომიკური და სოციალური სტაგნაციის ფონზე, კორუფციული პოლიტიკური ელიტები კიდევ უფრო მძლავრად იყენებენ ნაციონალისტურ რიტორიკას. დროა ევროკავშირმა დასავლეთ ბალკანეთის მნიშვნელოვანი სამიტის გარეშეც სერიოზულად იფიქროს რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. თუ ეს არ მოხდა, ევროკავშირი მომავალში იძულებული გახდება უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს რეგიონს, ვიდრე ეს მას სურს“, - წერს კონსერვატიული გამოცემა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“.

გერმანული მემარცხენე-ცენტრისტული გამოცემა „დერ სტანდარტი“ მიიჩნევს, რომ დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე არაფერი ახალი არ ყოფილა და რომ აქამდე არსებულმა სტრატეგიამ რეგიონი ვერანაირად ვერ დააახლოვა ევროკავშირთან. „ეს იმის ბრალია, რომ რეგიონის ქვეყნებს არ აქვთ სრულყოფილი ადმინისტრაციული სტრუქტურები, რომლებიც ეფექტურად განკარგავდნენ ევროკავშირის მიერ გამოყოფილ სახსრებს. იმისათვის, რომ ნამდვილი ცვლილებები განხორციელდეს, საჭიროა უკეთესი ანალიზი, მეტი ინვესტიციები და გაბედულება ახალი მიდგომებისათვის. 2014 წელს ანგელა მერკელის მიერ დაწყებულმა ბერლინის პროცესმა ვერ მიაღწია სასურველ შედეგს, რადგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წლების განმავლობაში არავითარი სერიოზული ნაბიჯი არ გადაუდგამთ კავშირის გაფართოების მიმართულებით. სამართლიანია ეს თუ არა, ხალხი ახლა მთელ იმედებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე ამყარებს“, - წერს „დერ სტანდარტი“.

ესპანური „ილ სოე 24 ორე“ მიიჩნევს, რომ მოსკოვის მცდელობა გააძლიეროს გავლენა დასავლეთ ბალკანეთზე, რეგიონის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ერთობ არარეალურს ხდის. „მაშინ როცა ევროპული პროექტი, წინააღმდეგობებისა და სოლიდარობისგან დასუსტებული, კარგავს მომხიბვლელ ძალას, ისეთ ქვეყნებზე, როგორიც სერბიაა, და ასევე ახლო აღმოსავლეთზე იზრდება რუსეთის გავლენა. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი განახლებული ენერგიით შეუდგა რეგიონის ქვეყნების თავის ორბიტაში მოქცევას. სწორედ ამ კონტექსტმა განაპირობა ჩერნოგორიის მიღება ნატოს რიგებში. ჩერნოგორია სრულიად არალევანტურია ნატოსთვის, მისი გაწევრიანება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ რუსეთის აღშფოთება გამოეწვია“, - წერს ესპანური „ილ სოე 24 ორე“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG