Accessibility links

ევროკავშირი და ნატო თანამშრომლობის „ახალ მნიშვნელოვან ეტაპზე“


ფედერიკა მოგერინი

ნატომ და ევროკავშირმა გამოაცხადეს, რომ იწყება მათი თანამშრომლობის „ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი“. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეთანხმდნენ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ბრძოლას კიბერიერიშებთან, ზომებს საინფორმაციო ომის დროს, საზღვაო ოპერაციებსა და მეზობელი ქვეყნების თავდაცვის გაუმჯობესებას.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ 6 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ევროკავშირი და ნატო თანამშრომლობის „ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს“ იწყებენ. თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ალიანსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას.

„შეხვედრაზე ყურადღების ცენტრში დგას ტრანსატლანტიკური კავშირის, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის კავშირის მნიშვნელობა. და ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის კავშირის გაძლიერების ერთ-ერთი გზაა ნატოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაძლიერება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი და მოგერინის განცხადებების ფონს ქმნის გაურკვევლობა, რომელიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გეგმებს უკავშირდება: ტრამპს, რომელიც იანვარში შეცვლის აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნათქვამი აქვს, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა არ დაიცვას თავდასხმებისაგან ნატოელი მოკავშირეები, თუ ისინი არ გაზრდიან თავიანთ წილს ალიანსის დაფინანსებაში. ვაშინგტონი, როგორც ცნობილია, დიდი ხანია ითხოვს ნატოელი მოკავშირეებისაგან მთლიანი შიდა პროდუქტის, სულ ცოტა, 2 %-ის გაღებას თავდაცვისათვის. არადა, ამ მოთხოვნას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა ასრულებს ალიანსის 28 წევრიდან.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო გამოსვლები შეშფოთებას იწვევს ნატოს აღმოსავლეთევროპელ წევრებში. ისინი არ გამორიცხავენ საფრთხეს რუსეთის მხრიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის დაწყების შემდეგ. ამ დროს, დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის პრეზიდენტის მისამართით და გამოუთქვამს სურვილი, გააუმჯობესოს მოსკოვთან ურთიერთობა.

შექმნილი ვითარება რომ არამარტო აღმოსავლეთევროპელების შეშფოთებას იწვევს, ჩანს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ ვალტერ შტინმაიერის, განცხადებითაც, რომელიც მან ბრიუსელში გააკეთა ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე. „ნატოს საბჭოს ბევრ სხდომას დავსწრებივარ - ბოლო წლებშიც და წელსაც - და ვერ ვიხსენებ წელს, რომელიც ისე დატვირთული ყოფილიყო დრამატული მოვლენებით, როგორც წლევანდელი. ეს ნატოსაც ეხება. შექმნილია რთული ვითარება, როგორიც დიდი ხანია არ გვინახვს არა მარტო ევროპის ცენტრიდანული ძალების გამო, რის შესახებაც სხვა შეხვედრის დროს ვიმსჯელებთ, არამედ იმის გამოც, რომ უკრაინის კონფლიქტით ევროპაში დაბრუნდა შეკითხვა: ომი თუ მშვიდობა? ვსაუბრობთ იმაზე, რაც ერთად უნდა გავაკეთოთ სამხრეთის სამეზობლოს სტაბილიზაციისათვის და, ბოლოს, რასაკვირველია, (ვსაუბრობთ) აშშ-ში არჩევნებზე, რომელთა გამოც გვიწევს ვარაუდების გამოთქმა, როგორი იქნება ამერიკის ახალი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა“, -განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გერმანია, როგორც ცნობილია, მიეკუთვნება როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის წევრთა რიცხვს.

ნატოს მინისტერიალის მონაწილეებმა 6 დეკემბრის შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი ესწრებოდა, მხარი დაუჭირეს 40-ზე მეტ წინადადებას კიბერუსაფრთხოების, საზღვაო ოპერაციების, მეზობელი ქვეყნების თავდაცვის მხარდაჭერისთვის თანამშრომლობის გასააქტიურებლად.

„იმ გამოწვევების, ისევე როგორც შანსების მასშტაბი და ხასიათი, რომელთა წინაშეც ამჟამად ვდგავართ, იმდენად ახალი და იმდენად დიდია, რომ ჩვენი ვერც ერთი წევრი სახელმწიფო ან მოკავშირე ვერ შეძლებს მათთან მარტო გამკლავებას. ამიტომ გვჭირდება ხიდებისა და ალიანსების შექმნა ამაზე სამუშაოდ. ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები სულ უფრო მეტად ითხოვენ უსაფრთხოებას. ამიტომ გვაქვს კოლექტიური ვალდებულება და პასუხისმგებლობა მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მოგერინიმ ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG