Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკურორტო ზონის სადავო მიწები


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მცხოვრები ომარ აქუბარდია სახელმწიფოს 47 ჰექტარი მიწის ჩამორთმევაში ადანაშაულებს. საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაში წარუმატებლობის შემდეგ, ახლა მის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილავენ.

ერგეტა, სადაც სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს, საკურორტო ზონას - ანაკლიას - ესაზღვრება. ომარ აქუბარდია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიწის ნაკვეთით დაინტერესება სწოედ ამ ფაქტმა განაპირობა. ომარ აქუბარდია გვეუბნება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მისმა შვილმა, სოსო აქუბარდიამ, 2007 წელს შპს „ალექსანდრესგან“ შეიძინა. იმავე წლიდან ის უძრავ ქონებას კანონიერად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფორმით ფლობდა. ნაკვეთის შეძენიდან 2 წელიწადში აქუბარდიებმა შემთხვევით შეიტყვეს, რომ მიწა მათ საკუთრებაში არ იყო. საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ამონაწერში ცვლილებები აღმოაჩინეს. შეცვლილი იყო ნაკვეთის საკადასტრო ნომრებიც. ომარ აქუბარდიამ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სადაც, ისევე როგორც საჯარო რეესტრში, პასუხობდნენ, რომ „პრობლემა უახლოეს მომავალში გამოსწორდება“.

„2010 წელს გამოვიდა ბრძანება, რომ საჭირო იყო მიწის ელექტრონულად დარეგისტრირება, მაგრამ მე ეს მიწა მანამდე წამართვეს. ჯერ წამართვეს და მერე რაღაც ახალი კანონი შემოიღეს, თუმცა არც ეს არ არის ჩემთვის მიწის წართმევის საფუძველი, რადგან საქართველოში 80 პროცენტს მიწა ელექტრონულად არ აქვს დარეგისტრირებული. საჯარო რეესტრში ყველა ამას გაიძახოდა, კომისია შედგება და ყველაფერს დაადგენსო. კინაღამ დავიჯერე ეს. გეუბნები, ისეთ რამეებს იტყვიან, გლეხს ასულელებენ“, – ამბობს ომარ აქუბარდია.

2012 წლის მარტში ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „მწვანე ალტერნატივამ“ და „საქართველოს რეგიონალურმა მედიაასოციაციამ“ - გამოაქვეყნა ანგარიში „საკუთრების დაუცველი უფლებები“, სადაც სხვა დაზარალებულებთან ერთად ომარ აქუბარდიას საქმეც იყო განხილული.
განცხადება მივეცით სამჯერ და ყურადღება არ მომაქციეს. რეესტრში მეუბნებიან, არ არის მოსული პასუხიო ...
გენადი სორდია

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ ანაკლიის მკვიდრთათვის მიწის ჩამორთმევა ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2009 წელს ანაკლიის საკურორტო ზონად გამოცხადებას უკავშირდება, რადგან პროექტის ფარგლებში კომპანია „ანაკლია-პორტს“ საერთო სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა უნდა დაეწყო.

ომარ აქუბარდიას მსგავსად, მიწის ნაკვეთების ელექტრონულად დარეგისტრირებას ვერც ანაკლიის მკვიდრთა ნაწილი ახერხებს, თუმცა ამ ეტაპზე ღიად არ ლაპარაკობენ. „სახელმწიფოსთან მოლაპარაკების იმედი გვაქვს. მგონი, რაღაც დადებითი ძვრებია და არ გვინდა საქმე გავიფუჭოთ“, –უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ–ერთმა რესპონდენტმა.

მათგან განსხვავებით, საკუთარ გასაჭირზე საუბრისგან თავს არ იკავებს ანაკლიის მკვიდრი გენადი სორდია. მისი თქმით, „მუხედავად რამდენიმე მცდელობისა“, რეესტრში კუთვნილი მიწის ნაკვეთების ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა ვერ მოახერხა.

აბსოლიტურად სუყველას გაეცა კომპენსაცია. ნაწილს რაღაც პრობლემები ჰქონდა საბუთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და დავეხმარეთ ...
შოთა იზორია

„განცხადება მივეცით სამჯერ და ყურადღება არ მომაქციეს. რეესტრში მეუბნებიან, არ არის მოსული პასუხიო“, – ამბობს გენადი სორდია.

„ ანაკლიაში ხელისუფლებისგან შევიწროებული ადამიანი მე არ შემხვედრია“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შოთა იზორიამ. მისი განმარტებით, სახელმწიფომ კომპენსაცია გასცა ყველა იმ პირზე, ვის კერძო საკუთრებასაც შეეხო.

„ აბსოლიტურად სუყველას გაეცა კომპენსაცია. ნაწილს რაღაც პრობლემები ჰქონდა საბუთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და დავეხმარეთ. რაც შეეხება ანაკლიაში მშენებლობასთან დაკავშირებულ მიწის ნაკვეთებს, ეს თემა ამოწურულია“, – განაცხადა შოთა იზორიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ წარმომადგენელი ეკა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ საკურორტო ზონაში 1 კვადრატული მეტრის მიწაზე 20 ლარი ძალიან დაბალი ფასია, რომ ის არ შეესაბამება მიწის საბაზრო ღირებულებას და, ბუნებრივია, კერძო საკუთრების მფლობელი უკმაყოფილო რჩება.

„სახელმწიფომ თვითნებურად დაირეგისტრირა მოსახლეობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მათ დღემდე არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ. ახლა, როგორც ვიცით, მიმდინარეობს საავტომობილო გზის მშენებლობა და ხდება ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის თანხების გაცემა, თუმცა პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობას არ აკმაყოფილებს შეთავაზებული თანხა“, – ამბობს ეკა ბოკუჩავა. მისივე განმარტებით, ანაკლია და ზოგადად სამეგრელო ყველაზე პრობლემური ზონაა, რადგან მოსახლეობა შიშის ფაქტორის გამო კომუნიკაციაზე არ გამოდის. ეკა ბოკუჩავას თქმით, ორგანიზაციას ასეთი მოქალაქეების დახმარება ძალიან უჭირს.
XS
SM
MD
LG