Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ინახავს საქართველოს ეკონომიკას?


ფოთი
ფოთი

საქართველოში ხშირად ხდება სპეკულირება თემაზე - ვინ ინახავს საქართველოს ეკონომიკას და რამდენად მნიშვნელოვანია ცალკეული ბაზრები მისთვის. ცხადია, ერთია საექსპორტო პოტენციალი და ის, თუ სად უკეთ და უფრო დიდი რაოდენობით იყიდება ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პირდაპირი ფინანსური დახმარებები, რომელსაც ქვეყანა კრიტიკულად მნიშვნელოვან სიტუაციებში იღებს ხოლმე საერთაშორისო დონორებისგან. IDFI-ს კვლევა საინტერესო პასუხს იძლევა იმაზე, თუ რომელი ქვეყანა დაეხმარა და რა მასშტაბით საქართველოს მისი დამოუკიდებლობის წლებში.

ამ კვლევის პირველი და ყველაზე საინტერესო მიგნებაა, რომ რუსეთის ფედერაციას ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ეტაპზე მას საკმაოდ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსა და მის ხელისუფლებებთან, საქართველოსთვის ფინანსური დახმარება არ გაუწევია.

სამაგიეროდ, სხვადასხვა ქვეყნიდან თუ საერთაშორისო ორგანიზაციიდან უსასყიდლო ფინანსური დახმარების ტრანზაქცია საქართველოში არაერთხელ განხორციელებულა. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტაციის მიხედვით, 1995-2015 წლებში საქართველოსთვის გაცემული გრანტების საერთო ოდენობა 2 მილიარდ 71 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ​

IDFI-ს კვლევის თანახმად, აღნიშნული თანხიდან საქართველოს ყველაზე დიდი თანხა - 392,3 მლნ აშშ დოლარი - უსასყიდლოდ 2008 წელს გადმოეცა. მიღებული გრანტების სიდიდის თვალსაზრისით, გამორჩეულია აგრეთვე 2010 წელი - ამ პერიოდში ქვეყანამ 272,8 მლნ აშშ დოლარის უსასყიდლო ფინანსური დახმარება მიიღო. 2014 წელს კი ამ მაჩვენებელმა 182 მილიონზე მეტი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება გასულ წელს, 2015 წლის 31 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოსთვის 129,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის უსასყიდლო ფინანსური დახმარება გამოიყო.

1995-2015 წლებში, უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები - 912 მლნ აშშ დოლარი, გერმანია - 118 მლნ აშშ დოლარი, ნიდერლანდების სამეფო - 65,8 მლნ აშშ დოლარი, იაპონია - 40,9 მლნ აშშ დოლარი, ჩინეთი - 38 მლნ აშშ დოლარი და უკრაინაც კი - 12, 6 მლნ აშშ დოლარი.

1995-2015 წლებში საერთაშორისო გაერთიანებებისა და ორგანიზაციების მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებებს შორის აღსანიშნავია ევროპის კავშირი, კერძოდ, ევროკომისია (EC)- 550 მლნ დოლარი, გლობალური ფონდი (GlobalFund) – 56 მლნ აშშ დოლარი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კომპანია (BTC Co) – 45 320 000 აშშ დოლარი, მსოფლიო ბანკი (WorldBank) – 22,3 მილიონი აშშ დოლარი.

სამაგიეროდ, რუსეთის ფედერაციის ფინანსურ დახმარებებს აუცილებლად ნახავთ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მთავრობების საბიუჯეტო უწყებების მიერ გავრცელებულ მონაცემებში. თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემა გახლავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG