Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეკ მეტლოკი: პრორუსი სეპარატისტების მიღმა უკრაინას შიდა გამოწვევებიც აქვს


მხარეების შეთანხმებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხუთთვიანი ბრძოლები შეაჩერა უკრაინის სამთავრობო ჯარის დანაყოფებსა და პრო-რუს სეპარატისტებს შორის, რომლებსაც დასავლეთის თქმით, რუსეთი ეხმარებოდა. ამ ბრალდებას მოსკოვი უარყოფს.

ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო ელჩი საბჭოთა კავშირში ჯეკ მეტლოკი რუსეთს არ ეთანხმება:

„ცხადია, რომ რუსეთი ერევა უკრაინის საქმეებში. ალბათ ამბობენ - წადით, შეიჭერით სადაც გინდათ, დაიპყარით, როგორც ამერიკამ დაიპყრო ერაყი, რომელიც მას არც დასხმია თავს. ჩვენც ზუსტად იგივე მეთოდებს ვიყენებთ.“

ექსპერტები ამბობდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უფრო მეტი სურდა ვიდრე ერთ რეგიონზე გავლენის მოპოვება და რომ მას შედეგად აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია უნდა. მაგრამ მეტლოკი ამბობს, რომ ეს რუსეთს სახარბიელო მდგომარეობაში არ აყენებს.

„არ მგონია განზრახვა აღმოსავლეთ უკრაინის რუსეთისთვის მიერთება იყოს, ეს სრულიად არარაციონალური იქნებოდა. ეს ეკონომიკურად გაჭირვებული მხარეა. ყველასთვის, ვინც დახმარებას ცდილობს ეს გამოუვალი მდგომარეობა იქნება.“

მეტლოკი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინა მოსკოვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი გაგებით, მათ შორის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ემოციურად.

„ეს მხარე საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ნაწილი იყო, სადაც ადამიანებს ნათესაური კავშირები აქვთ საზღვრის ორივე მხარეს. მათ ერთ ქვეყანაში ცხოვრება უნდათ, ამ ადამიანებს ისტორიულ, ადამიანურ და ეკონომიკურ კავშირებს ვერ წაუშლი. შესაბამისად, ეს მხარე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ვიდე ნატოს წევრი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.“

ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ, როგორიცაა ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო, გამოთქვა შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრიანის შემდეგ, შესაძლოა, რუსეთი უფრო აგრესიულად მათკენ დაიძრას. ამ შიშს ყოფილი ელჩი არ იზიარებს.

„ისინი ნატოს წევრები არიან, თავდასხმის შემთხვევაში მათ დაიცავენ, მათ არავინ დაესხმება თავს, ეს ნერვიულობა უადგილოდ მეჩვენება."

მეტლოკის თქმით, პრო-რუსი სეპარატისტებისგან შექმნილი საფრთხეების მიღმა, უკრაინას შიდა გამოწვევებიც აქვს.

„უკრაინის მთავარი პრობლემები საშინაო საკითხებია, ქვეყანამ აქამდე ვერ შეძლო ჩამოყალიბებულიყო თუ რას ნიშნავს იყო უკრაინელი. ყოველი მთავრობა, იმის მიუხედავად დასავლეთიდან მოდიოდა თუ აღმოსავლეთიდან, მეორე მხარეზე გავლენის დამყარებას ცდილობდა.“

ელჩი მეტლოკი ამბობს, რომ ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია უკრაინაში ყველაფერმა ერთიანად, შეთანხმებულად იმუშაოს და ამით ქვეყანა, მთავარ პრობლემებს- პირველ რიგში ეკონომიკას, გაუმკლავდეს.

XS
SM
MD
LG