Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში სამხედრო ძალთა წონასწორობა და საქართველო


სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) გამოაქვეყნა ახალი ანგარიში სახელწოდებით „2013 წლის სამხედრო ბალანსი“, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამხედრო დანახარჯები, თავდაცვითი შესაძლებლობები, ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მოცულობა.

ანგარიშის თანახმად, არამყარი გლობალური ეკონომიკური კლიმატის პირობებში, 2012 წლის მეორე ნახევარში სამხედრო დანახარჯები შემცირდა მსოფლიოს რამდენიმე მილიტარიზებულ რეგიონში, კერძოდ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. თუმცა, სამხედრო ძალთა ბალანსის მხრივ საპირისპირო სურათია ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევრაზიაში, რომელშიც მკვლევრებმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიც გააერთიანეს.


აშშ კვლავ უპირობო ლიდერია

შეიარაღებულ ძალთა წონასწორობის შესახებ ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ათეულში შარშან შესამჩნევი ცვლილება მოხდა.

გამოკვლევის თანახმად, 2012 წელს თავდაცვითი ხარჯების მოცულობის მხრივ, აშშ კვლავ პირველ ადგილზე იყო და მისი ლიდერობა შენარჩუნდება 2013 წელს. საბიუჯეტო სეკვესტრის, ერაყში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისა და ავღანეთიდან 30 ათასკაციანი ქვედანაყოფის გაყვანის მიუხედავად, პენტაგონის ბიუჯეტი 645 მილიარდ დოლარს შეადგენს და, შედარებისათვის, 6-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფი ჩინეთის სახალხო არმიის ბიუჯეტს. ახალი ანგარიშის თანახმად, მეექვსე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც შეიარაღებული ძალების მომსახურებისათვის შარშან 59.9 მილიარდი დოლარი დახარჯა და თითქმის გაუთანაბრდა მესამე ადგილზე მყოფ დიდ ბრიტანეთს.

რუსეთის ხელისუფლების მიერ სამხედრო ბიუჯეტის ზრდა, ძირითადად, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების მკვეთრმა მატებამ განაპირობა, თუმცა კრემლს სხვა პროგრამების დასაფინანსებლადაც მოუხდა არმიისათვის მეტი ასიგნებების გამოყოფაო, - უთხრა რუსმა სამხედრო მიმომხილველმა ალექსანდრ გოლცმა რადიო თავისუფლებას:

„რუსეთში გასულ წელს მკვეთრად - 2-3-ჯერ - გაეზარდათ ანაზღაურება სამხედრო მოსამსახურეებს, რაც სამართლიანია. ახლა ოფიცრის საშუალო ხელფასი რუსეთში თვეში 2000-დოლარზე მეტია. ეს ნიშნავს, რომ მატერიალური მდგომარეობით რუსი სამხედროები უახლოვდებიან თავიანთ კოლეგებს ევროპაში. ამას გარდა, რუსეთში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არმიის გადაიარაღების შესახებ. აქ არის პრობლემა და ვვარაუდობ, რომ ეს ფული წყალში გადაიყრება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 2020 წლამდე რუსეთის არმიისათვის გადაიარაღების პროგრამაზე 23 ტრილიონი რუბლის გამოყოფაა განზრახული, რაც ასევე ზრდის სამხედრო ბიუჯეტს“.


მთლიანი შიდა პროდუქტისა და სამხედრო ხარჯების თანაფარდობა

2013 წლის სამხედრო ბალანსის თანახმად, ყველაზე დიდბიუჯეტიანი ქვეყნების ათეულში სწრაფი ნახტომით დაწინაურდა ნავთობით მდიდარი საუდის არაბეთი, რომელიც, 52.5 მილიარდიანი ბიუჯეტით, წინ უსწრებს ინდოეთს, რომელსაც, თავის მხრივ, საუდის არაბეთზე ათჯერ დიდი არმია ჰყავს. თუმცა საყურადღებოა ფინანსური და თავდაცვითი შესაძლებლობების თანაფარდობის დადგენა.

სწორედ ამიტომ, სტრატეგიულ სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ (IISS) გამოქვეყნებული „2013 წლის სამხედრო ბალანსი“ ცალკეული ქვეყნების სამხედრო დანახარჯებს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტთან შეიარაღებულ ძალთა პირადი შემადგენლობისა და თავდაცვისუნარიანობის შეპირისპირების მეთოდით წარმოადგენს.

კვლევის ეს სექცია კიდევ უფრო საინტერესო სურათს გვიჩვენებს და, შესაბამისად, წამყვანი ათეულიც სხვანაირად გამოიყურება. თავდაცვის ბიუჯეტის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, მეორეზე საუდის არაბეთი, რომელიც 52 მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტიდან ერთ სულ მოსახლეზე იმაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი.

შემდეგი პარამეტრია არმიის ბიუჯეტის შედარება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან. ამ მხრივ, ზესახელმწიფოებიც კი ვერ შეედრებიან აზერბაიჯანს, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 7 %-ზე მეტს ხარჯავს თავდაცვით პროგრამებზე. შედარებისათვის, პირველ ადგილზე მყოფი აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 4.6 %-ს შეადგენს.

2013 წლის სამხედრო ბალანსის თანახმად, აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი 3.1 მილიარდ დოლარს შეადგენს და ზუსტად სამჯერ აღემატება სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყნის - საქართველოსა და სომხეთის - ერთად აღებულ წლიურ თავდაცვით ხარჯებს. აზერბაიჯანული სამსახურის მიმომხილველის ელხამ ნასიბოვის თანახმად, სამხედრო ბიუჯეტის ზრდა აზერბაიჯანის არმიის თანამედროვე საბრძოლო ტექნიკით აღჭურვას უკავშირდება:

„აზერბაიჯანი დიდი ხანია იარაღდება ყველაზე თანამედროვე შეიარაღებით და უკვე საკუთარი იარაღის წარმოება დაიწყო. შეიცვალა გამალებული შეიარაღების კონცეფციაც. თუ ადრე აქცენტი კეთდებოდა ჯავშანტექნიკასა და სახმელეთო საომარი მოქმედებისათვის საჭირო შეიარაღებაზე, ამჯერად აქცენტი კეთდება დისტანციურ ომზე. ანუ ძლიერდება სამხედრო-საჰაერო ძალები და სარაკეტო სისტემები, ასევე ზალპური ცეცხლის სისტემები - „გრადები“, „სმერჩები“ და ასე შემდეგ; ასევე ტაქტიკური რაკეტები და ავიაცია. უფრო ზუსტად, ეს ყველაფერი, რაც ჩვენთან ხდება, ასახვას პოვებს დოქტრინაში“.


თავის მხრივ, საქართველოს არმიაც ლიდერობს

სტრატეგიულ სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სახელწოდებით „2013 წლის სამხედრო ბალანსი“, საქართველოს სამხედრო ხარჯებსა და თავდაცვით შესაძლებლობებსაც მიმოიხილავს. თუმცა გადავწყვიტეთ, ინფორმაცია პირველი ხელიდან მიგვეღო. ირაკლი ალასანია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ამბობს, რომ ზოგიერთი ხარვეზის გამოსასწორებლად საქართველოს არმიის უკვე დამტკიცებული ბიუჯეტი 2013 წელს შესაძლოა რამდენიმე ათეული მილიონი ლარით კიდევ გაიზარდოს:

„2013 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია დაახლოებით 640 მილიონი ლარით. მაგრამ, - ჩვენ უკვე გქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან, - აუცილებლად დაგვჭირდება დამატებითი დაფინანსების მიღება იმ ინფრასტრუქტურის გამოსასწორებლად, რაც არმიაში დაგვხვდა ახალ ხელისუფლებას. ასე რომ, მე ვიმედოვნებ, რომ, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მოვახერხებთ თანხების გამოყოფას ამ გეგმების განსახორციელებლად“.

საბოლოო ჯამში, საქართველო თავდაცვის ბიუჯეტის მოცულობით 7- ჯერ ჩამორჩება აზერბაიჯანს და ორჯერ აღემატება სომხეთს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ, ამ თანაფარდობითაც, ქართველი ჯარისკაცები ფინანსური უზრუნველყოფით ცუდად არ გამოიყურებიან. იგულისხმება ის, რომ, არმიის პირადი შემადგენლობის მხრივ, 2013 წლის სამხედრო ბალანსის თანახმად, საქართველოს რეგიონში ყველაზე მცირერიცხოვანი არმია ჰყავს. ამ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ჯარში 21 ათასი ჯარისკაცი ირიცხება, მაშინ როცა აზერბაიჯანს 70 ათასიანი, სომხეთს კი 49 ათასიანი არმია ჰყავს.

თუმცა საქართველო სამხრეთკავკასიელ მეზობლებს უპირობოდ აღემატება საერთაშორისო სამხედრო მისიებში მყოფი ჯარისკაცების რაოდენობით. მიუხედავად არმიის სიმცირისა, საქართველო ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხრადამჭერ ოპერაციაში 1600 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი, მაშინ როცა სომხეთს - 126, ხოლო აზერბაიჯანს მხოლოდ 94 ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG