Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში ქალები წინააღმდეგობის მოძრაობის წინა ხაზზე დგანან


შარშან ბელარუსელი ოპოზიციონერი ქალები 9 აგვისტოს სადავო საპარლამენტო არჩევნების გამო წამოწყებული საპროტესტო გამოსვლების ავანგარდში იდგნენ.

როგორც ლონდონის Control Risks Group-ის დირექტორი, ოქსანა ანტონენკო ამბობს, ბელარუსელმა ქალებმა მსოფლიო ტენდენციის განვითარებასაც კი მისცეს ბიძგი.

„ქალები მთელ მსოფლოში თამაშობენ სულ უფრო დიდ როლს პოლიტიკურ აქტივიზმში და ბელარუსის მაგალითი დიდი ინსპირაცია იყო სხვა რეგიონებისთვის, მათ შორის საპროტესტო გამოსვლებისთვის რუსეთში, ტაილანში და მიანმარში [ბირმა], სადაც მრავალი მონაწილე ქალია.“ უთხრა ანტონენკომ რადიო თავისუფლებას. „უფრო დიდია ალბათობა, რომ საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, მშვიდობიანად ჩაივლის და მოიცავს მთელს საზოგადოებას, მათ შიშებსა და მისწრაფებებს. ასევე შესანიშნავია, როცა ვხედავთ, რომ ამ საპროტესტო გამოსვლებისას ყალიბდებიან ქალი ლიდერები და პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ აღადგინონ დემოკრატული ინსტიტუტების ნდობა.“

ექვსმა ქალმა, რომლებზეც აქ მოგითხრობთ, არა მხოლოდ კვალი დაამჩნია მოვლენებს, არამედ მაღალი საფასურიც გაიღო საამისოდ.

სვიატლანა ციხანოუსკაია

2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალიაქსანდრ ლუკაშენკას მეტოქე სვიატლანა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ მისი ქმარი სიარჰეი, რომელსაც ათასობით მიმდევარი ჰყავს YouTube-ის არხზე.
მაგრამ მას შემდეგ, რაც სიარჰეი დაპატიმრეს, მისი ადგილი დაიკავა მისმა ცოლმა - ინგლისურის მასწავლებელმა და მთარგმნელმა სვიატლანამ.

სვიატლანა ციხანოუსკაია წინასაარჩევნო მიტინგზე ბრესტში. 2020 წ. 2 აგვისტო.
სვიატლანა ციხანოუსკაია წინასაარჩევნო მიტინგზე ბრესტში. 2020 წ. 2 აგვისტო.

ეს არ ყოფილა იოლი გადაწყვეტილება. 2020 წლის ვიდეოში მან თქვა, რომ ფეხს ითრევს ლუკაშენკასთან დაპირისპირებაში მას შემდეგ, რაც მას დაემუქრნენ, რომ ორ შვილს წაართმევდნენ, თუკი ლუკაშენკას გაუწევდა მეტოქეობას. (საბოლოოდ ბავშვები მშვიდობით გაიყვანეს ქვეყნიდან.)

2020 წლის ივლისში გამართულ ერთ-ერთ დემონსტრაციაზე 38 წლის დამწყებმა პოლიტიკოსმა გაჭირვებით მიმართა მონაწილეებს და თავი გაიმართლა, რომ ამდენი ხალხი ჯერ არასოდეს ენახა.

მაგრამ ციხანოუსკაია მით უფრო თავდაჯერებული ხდებოდა, რაც უფრო იზრდებოდა დემონსტრანტთა რაოდენობა. ის თავიდანვე მკაფიოდ აღნიშნავდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა იმისთვის, რომ გაემარჯვა და განმეორებითი სამართლიანი არჩევნები დაენიშნა.

არჩევნების მეორე დღეს, როცა მისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის ცხადი გახდა, რომ მან გაიმარჯვა, ციხანოუსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც ხელახლა დაემუქრნენ მის ბავშვებს.
იქიდან მან კავშირი დაამყარა დასავლელ ლიდერებთან, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინა ბელარუსის პროდემოკრატიული მოძრაობისთვის ლუკაშენკას წინააღმდეგ, რომელსაც დღეს დასავლეთი ბელარუსის არალეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს.

ციხანოუსკაიას ინიციატივით შეიქმნა ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მიზნად დაისახა დემოკრატიისკენ ქვეყნის წაყვანა. მაგრამ მისი წევრების უდიდესი ნაწილი დააპატიმრეს ან მათ ბელარუსი დატოვეს. ციხანოუსკაიას კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდა ოქტომბერში, როცა საყოველთაო გაფიცვისკენ მის მოწოდებას მცირე გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილობრივ ამის მიზეზი იყო ხელისუფლების მიერ სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა დაშინება და იმათი დაკავება, ვინც არ შეუშინდა ამ მუქარას.

სვიატლანა ციხანოუსკაია ინტერვიუს დროს. ჰელსინკი, 2021 წ. 1 მარტი.
სვიატლანა ციხანოუსკაია ინტერვიუს დროს. ჰელსინკი, 2021 წ. 1 მარტი.

18 იანვარს ციხანოუსკაიამ გამოაცხადა, რომ ეუთოს მიმართა თხოვნით, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება, როცა ის ბელარუსში ჩავა და გამოვიდა მოწოდებით, კრიზისის გადასაჭრელად ეუთოს შუამავლობით გაიმართოს მოლაპარაკებები ევროკავშირს, ლუკაშენკასა და ოპოზიციას შორის.

მართალია, ზამთრის სუსხისა და სამართალდამცველთა სასტიკი მეთოდების გამო საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რიცხვმა იკლო, მაგრამ 3 მარტს ჰელსინკიში ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ გაზაფხულზე უფრო დიდ და უფრო ორგანიზებულ საპროტესტო დემონსტრაციებს მოელის ლუკაშენკას წინააღმდეგ.
ციხანოუსკაია ერთ-ერთია 300-ზე მეტ ადამიანს შორის, რომლებიც მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

მარია კალესნიკავა

კალესნიკავა ხელმძღვანელობდა „ბელგაზპრომბანკის“ მმართველთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის, ვიქტარ ბაბარიკას საარჩევნო კამპანიას. მაგრამ 2020 წლის ივნისში ბაბარიკა გაფლანგვისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ბაბარიკა და მისი მომხრეები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მისი დაკავების მთავარი მიზანი იყო, ლუკაშენკასთვის მეტოქე ჩამოეშორებინათ.

ამის შემდეგ 38 წლის კალესნიკავა გაერთიანდა ციხანოუსკაიასთან და ვერანიკა ცაპკალასთან ერთად. ეს უკანასკნელი თავისი ქმირის, ვალერი ცაპკალას კამპანიას ედგა სათავეში.

ქალთა ტრიომ დიდ წარმატებას მიაღწია. მათი მომხრეების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. ციხანოუსკაიას აღმართული მუშტი, კალესნიკავას მიერ გაკეთებული გულის ნიშანი და ცაპკალას ზეაწეული ორი თითი, რაც გამარჯვებას აღნიშნავს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ცნობილ სიმბოლოდ იქცა.

სვიატლანა ციხანოუსკაია (ცენტრში), ვერანიკა ციპკალა (მარცხნივ) და მარია კალესნიკავა დემონსტრაციაზე მინსკში. 2020 წ. 30 ივლისი.
სვიატლანა ციხანოუსკაია (ცენტრში), ვერანიკა ციპკალა (მარცხნივ) და მარია კალესნიკავა დემონსტრაციაზე მინსკში. 2020 წ. 30 ივლისი.

„ბელარუსში ამომრჩეველთა 55%-ს - ნახევარზე მეტს - ქალები შეადგენენ. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენს ხმას ყური უნდა დაუგდონ. ისინი პოლიტიკური პროცესიდან ჩვენს გამოთიშვას ცდილობენ,“ უთხრა კალესნიკავამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხ Current Time-ს.

არჩევნების შემდეგ, რომელსაც ბელარუსისთვის უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, კალესნიკავა შეიყვანეს ციხანოუსკაიას მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმში.

მაგრამ ხელისუფლებამ გააძლიერა ოპოზიციაზე ზეწოლა და სექტემბერში კალესნიკავა დააპატიმრეს ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მომტანი მოქმედებებისკენ მოწოდების ბრალდებით. 8 სექტემბერს კალესნიკავა უკრაინის საზღვარზე მიიყვანეს და უკრაინაში გაგდებას უპირებდნენ. მაგრამ მან თავისი პასპორტი დახია და ხელისუფლების გეგმები ჩაშალა. 6 იანვარს ხელისუფლებამ კალესნიკავას წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა.

გაწეული ღვაწლისთვის კალესნიკავას მიენიჭა 2021 წელს „მსოფლიოს ყველაზე მამაცი ქალების“ პრემია. ჯილდოს უკვე 15 წლის განმავლობაში გასცემს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ციხანოუსკაიასთან და ცაპკალასთან ერთად კალესნიკავაც იყო ბელარუსის ოპოზიციის იმ წარმომადგენელთა შორის, რომლებსაც ევროპის პარლამენტმა 16 დეკემბერს სახაროვის პრემია გადასცა აზროვნების თავისუფლებისთვის.

ნინა ბაჰინსკაია

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ბაჰინსკაია ათწლეულების განმავლობაში იყო ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების საყრდენი.

„მე მოტივირებული ვიყავი მთელი ამ უსამართლობით - სოციალურით, პოლიტიკურით, ეროვნულით - და ვთქვი: ‘თუ არ ხარ მხდალი, მონა, შენი ქვეყანა და შენი სამშობლო უნდა დაიცვა’“, თქვა მან Current Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

73 წლის ბაჰინსკაია დემონსტრაციებზე იშვიათად ჩნდება თავისი დროშის გარეშე, თეთრ-წითელ-თეთრი დროშის, რომელიც ბელარუსის ეროვნული რესპუბლიკის დროშა იყო 1918-1919 წლებში და მოგვიანებით ბელარუსის ოპოზიციის სიმბოლოდ იქცა. დროშა ფაქტობრივად აკრძალა ლუკაშენკამ, მაგრამ ის მაინც ყველგან ჩანს.

ბაჰინსკაია, რომელიც უკვე დიდი ბებიაა, სუსტი მაგრამ მტკიცე გარეგნობით გამოირჩევა საპროტესტო მოძრაობის წევრთა შორის.

2020 წლის აგვისტოს ბოლოს გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იბრძვის ის დროშისთვის, რომელიც მას „ომონის“ წევრებმა გამოჰგლიჯეს.

Belarusian Pensioner Fights Police For Flag
please wait

No media source currently available

0:00 0:00:22 0:00

სექტემბერში ბაჰინსკაია ასეულობით სხვა ადამიანთან ერთად დააკავეს მინსკში, ძირითადად ქალების მიერ გამართულ დემონსტრაციაზე. „მხოლოდ მხდალები ურტყამენ ქალებს!“ - გაჰყვიროდნენ ისინი.

კაციარინა ბარისევიჩი

ბარისევიჩი - თანამშრომელი ბელარუსის დამოუკიდებელი საინფორმაციო ვებსაიტ Tut.by-ისა, რომელიც მიზანში ამოიღო ლუკაშენკას რეჟიმმა - ციხეში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სამთავრობო ვერსიას.

ბარისევიჩი 19 ნოემბერს დააკავეს, როცა მან სტატია დაწერა რამან ბანდარენკაზე, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მას ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და სცემეს.

ბარისევიჩი დაუპირისპირდა ხელისუფლების ვერსიას, თითქოს ბანდარენკა მთვრალი იყო. მტკიცებულებად მან მოიტანა სამედიცინო დასკვნა, რომ მის სისხლში არ აღმოუჩენიათ ალკოჰოლი.

ექიმი არციომ საროკინი, რომელმაც გასცა სამედიცინო დასკვნა, დააპატიმრეს და ბარისევიჩთან ერთად გაასამართლეს. მას ორი წლით პირობითი პატიმრობა და 555 დოლარის ეკვივალენტი ჯარიმა დააკისრეს მონაცემთა გასაჯაროებისთვის.

თავად ბარისევიჩს ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს და 1100 დოლარის ეკვივალენტი ჯარიმა დააკისრეს სამედიცინო ინფორმაციის გასაჯაროებისთვის და დანაშაულისკენ წაქეზებისთვის, როცა მან ინფორმაციის მოსაპოვებლად ზეწოლა განახორციელა ბანდარენკასთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისას.

კაციარინა ბარისევიჩის სასამართლო მინსკში. 2021 წ. 2 მარტი.
კაციარინა ბარისევიჩის სასამართლო მინსკში. 2021 წ. 2 მარტი.

2020 წლის ნოემბრის ბოლოს Amnesty International-მა ბარისევიჩი სინდისის პატიმრად აღიარა და მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვა.

კაციარინა ანდრეევა და დარია ჩულცოვა

ანდრეევა და ჩულცოვა ბელარუსში იმ ჟურნალისტებს შორის არიან, ვისაც დიდი საფასურის გადახდა მოუწია საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის.

ორი ჟურნალისტი, რომელიც პოლონურ სატელიტურ ტელეარხ Belsat-ში მუშაობს, 15 ნოემბერს დააპატიმრეს მინსკში ბანდარენკას ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გაშუქებისას.

ბელარუსის ხელისუფლებამ განსხვავებული კვალიფიკაცია გაუკეთა მათ იქ ყოფნას და მათ ბრალი დასდო „საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ისახავდა მიზნად.“

18 ნოემბერს მინსკის სასამართლომ ანდრეევა და ჩულცოვა დამნაშავედ ცნო და მათ ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა, რასაც საერთაშორისო დონეზე დაგმობა მოჰყვა. საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ მინსკის ამ ნაბიჯს „მედიაზე სამარცხვინო იერიში უწოდა“.

კაციარინა ანდრეევასა (მარჯვნივ) და დარია ჩულცოვას სასამართლო პროცესი მინსტში. 2021 წ. 18 თებერვალი.
კაციარინა ანდრეევასა (მარჯვნივ) და დარია ჩულცოვას სასამართლო პროცესი მინსტში. 2021 წ. 18 თებერვალი.

ანდრეევასა და ჩულცოვას დაპატიმრება ერთ-ერთია მრავალი შემთხვევიდან, როცა „ბელარუსის მთავრობამ სამაგიერო მიუზღო ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებდნენ მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებს,“ განაცხადა თებერვლის ანგარიშში ანასტასია ზლობინამ, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის კოორდინატორმა.

ზლობინას თქმით, მინიმუმ შვიდი სხვა ჟურნალისტი იმყოფება ციხეში და ელოდება სასამართლოს. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია უკანასკნელ ანგარიშში წერს, რომ 2020 წელს ბელარუსში 481 ჟურნალისტი დააპატიმრეს. ანგარიშის თანახმად, ეს უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში დაკავებულთა საერთო რაოდენობაზე ორჯერ მეტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG