Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში უცხოურ საინტერნეტო გამოცემებში რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ არსებულ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ შეკითხვებზე.

„Jane’s Inteligence Review”- ში გამოქვეყნებული ანალიტიკური მასალა შეეხება იმ საფრთხეს, რასაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარშემო სასაზღვრო ბარიერებისა და მავთულხლართების აგება უქადის ბაქო-სუფსის ნავთობსადენს, რომლითაც, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანის გადაუმუშავებელი ნავთობის ევროპაში ექსპორტი ხდება.

ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კრემლის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის საზღვრის დემარკაცია დაიწყეს, შესაძლოა 829 კილომეტრის სიგრძის ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ერთი მონაკვეთი საქართველოს ხელისუფლების კონტროლს მიღმა აღმოჩნდეს. საუბარია კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ყარაფილასთან გამავალ ნავთობსადენის სექტორზე, რომლის გარშემოც რუსეთის საოკუპაციო ჯარებისა და სეპარატისტული ცხინვალის სამხედრო ძალების წარმომადგენლები პატრულირებენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კვლავ განაახლეს გასულ თვეში მავთულხლართების ინსტალაცია, როგორც გაირკვა, საფრთხის არსებობის გამო, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მმართველმა კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმმა“ დროებით შეწყვიტა მაღალი დონის პატრულირება სოფელ ყარაფალასთან გამავალი ნავთობსადენის სექტორზე.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ზეწოლისა და საქართველოს ხელისუფლების პროტესტის შემდეგ რუსეთმა დროებით შეაჩერა მავთულხლართიანი სასაზღვრო ზოლის მშენებლობა, „ბრიტიშ პეტროლიუმი“, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სარისკო სექტორის გადატანის საკითხს განიხილავს, რაც, კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, საიმედოდ დაიცავს მილსადენს გარე ზემოქმედებისაგან.

აქვე ანალიტიკური სტატიის ავტორი იხსენებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს, რომლის დროსაც სწორედ დასავლეთის ინვესტიციით შექმნილმა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალმა საექსპორტო ნავთობის დასავლეთის მარშრუტმა ითამაშა, ნაწილობრივ, რუსეთის აგრესიის შემკავებლის როლი.

დღევანდელ რეალობაში, როდესაც რუსეთი კვლავ მძლავრად არის დამოკიდებული ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე და საქართველოშიც პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება სტაბილურია, კრემლი არ უნდა იყოს დაინტერესებული დასავლეთთან პირდაპირ კონფრონტაციით. თუმცა, საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციის შემთხვევაში, რუსეთის მოქმედება, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი გახდესო, - ვკითხულობთ „Jane’s Inteligence Review”-ში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ წერილში.

ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტულობაზეა საუბარია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის ხიუ ვილიამსონის სტატიაში, რომელშიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ ექვსივე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ შექმნილი მდგომარეობის ანალიზია მოცემული.

„საქართველოში ჩატარებული 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც დაასრულა ქვეყანაში ხელისუფლების გადაცემის მშვიდობიანი პროცესი, საერთაშორისო დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს. ამასთან, საპატიმროებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება ძალიან ნელა მიმდინარეობს. შემაშფოთებელია და შერჩევითი სამართლის ნიშნებს ატარებს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან იმ 20 ათასამდე საჩივრის გამოძიება, რომლებიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადმინისტრაციის წევრების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას შეეხება. საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ყოფილი ხელისუფლების 35 წევრს, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, თაღლითობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით საპატიმროში იმყოფება 14 პირი“, - ვკითხულობთ ხიუ ვილიამსონის სტატიაში.

მიმოხილვაში საგანგებო ადგილი უჭირავს რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევას საქართველოში. ავტორს, კერძოდ, ნახსენები აქვს მართლმადიდებელი ქრისტიანების მხრიდან განხორციელებული ზეწოლა რამდენიმე მუსლიმანურ სოფელში, რაც მიზნად ისახავდა მუსლიმი მრევლისათვის რელიგიური თავისუფლების გამოხატვის ხელშეშლას. საქართველოს პოლიცია არაადეკვატურად მოქმედებდა ლგბტ აქტივისტებზე მომხდარი ძალადობის აღსაკვეთად. პოლიციამ 17 მაისის ინციდენტის დროს, მართალია, მოახდინა ლგბტ აქტივისტების ევაკუაცია, მაგრამ ვერ მოახერხა შეეჩერებინა აგრესიულად განწყობილი სასულიერო პირებისა და მათი მომხრეების ძალადობა.

„არა ბუნდოვანი დაპირებები, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის არსებითი გაუმჯობესება შეიძლება იყოს გარანტი ევროკავშირთან მისი აღმოსავლელი პარტნიორების უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დასამყარებლადო“, - ვკითხულობთ „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის ხიუ ვილიამსონის სტატიაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG