Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეზამტკუნსტვერკ მიშა


ვისაც ბორის გროისის წიგნი, "გეზამტკუნსტვერკ სტალინი" გაახსენდა, ვეტყვი, რომ არ ვაპირებ "მიშას" და "სოსოს" შედარებას. ვაგრძელებ აზრს, რომ საქართველოს პოლიტიკური პრობლემები კულტურული პრობლემებია. კულტურაში ვგულისხმობ საზოგადოების "მთავარ" საკითხებზე თავისებურ პასუხებს: მაგ. რა არის თავისუფლება? როგორ უნდა იცხოვრონ ადამანებმა ერთად? და ა.შ. "გეზამტკუნსტვერკ მიშა" ერთ-ერთი ასეთი პრობლემის გამოხატულებაა. ეს პრობლემა კი რეალობასთან ქართველების დამოკიდებულებაა.

რეალობის წარმოდგენა აუცილებლად ფიქციონალურია. მისი ნებისმიერი გაორება სიმბოლურ ენაზე (ყველა ენა სიმბოლურია) გულისხმობს აღსაწერი რეალობის სახის ცვლილებას. ამ ცვლილებას კი შემოაქვს მინიმალური, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელსაც "გამოგონილის" სფეროში გადავყავართ. ეს განსხვავება, მაგალითად, ისტორიკოსებისათვის, გახდა კამათის საგანი, შეგვიძლია თუ არა ვილაპარაკოთ ფაქტებზე თუ მხოლოდ ამ ფაქტების რეპრეზენტაციაზე? თავისი რადიკალური ფორმით ეს სხვაობა ჩანს მაგ. ფილმში "Matrix", სადაც რეპრეზენტაციის ფიქციონალურობა სრულ და გამიზნულ ტყუილადაა წარმოჩენილი, რეალობის უშუალოდ აღქმა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. "სინამდვილეში" ფიქციონალურობის, გამოგონილის ზღვარი რეალობას და მის რეპრეზენტაციას შორის არასოდესაა ასეთი მკაფიო.

ასიოდე წელია, რაც ქართულმა კულტრამ რეალობის აღქმის და მასთან მოპყრობის თავისებური ფორმა გამოიმუშავა.

ეს სხვაგან დაფარული, დამალული, შენიღბული ფორმა თავს აცხადებს ლადო ასათიანის ლექსში "საქართველოში". "რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ". რეალობა, რეალობის პრინციპის საფუძველი, ადამიანისთვის სიკვდილია. ამ სიკვდილს და მიმავალ ახალგაზრდობას ქართული კულტურა არ იღებს, არ აღიარებს, კარს ურაზავს და ისე იქცევა, თითქოს სიკვდილი საერთოდ არ არსებობდეს ("არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს"). ქართული კულტურა არ იღებს რეალობას და მის სანაცვლოდ (გადარაზულ კარს "აქეთ") ქმნის სიცოცხლის ზეიმის მითოსს. ეს მითოსი იყო საბჭოთა საქართველოს არსებობის პრინციპი, რომელიც დღემდე ცოცხალია.

ამ პრინციპს სხვადასხვა გამოხატულება აქვს. არაპოლიტიკური მაგალითით რომ დავიწყო, "ტუსოვკაზე" შევჩერდები. ჩემს, საბჭოთა კავშირში დაბადებულ თაობას, (მანიაკალური) ამბიცია ჰქონდა, ყოფილიყო ძალიან მაგარი (ყველაზე და ყველაფერზე უკეთესი). ოღონდ დიდი სურვილი არ გასჩენია, რამე გაეკეთებინა იმისათვის, რომ საკუთარი თავისათვის დაწესებულ კრიტერიუმებს შესაბამებოდა. რეალურსა და სასურველს შორის ხარვეზს ჩემი თაობის ქართველი იმით ავსებს, რომ თავისი თავის და სხვების დარწმუნებას ცდილობს: ყველაზე მაგარი მუსიკოსი, მხატვარი, ინტელექტუალი ვარ, ოღონდ მართლაო. დარწმუნების მექანიზმი არის "ტუსოვკა", სადაც მუსიკოსი მხატვარს, დიზაინერი ინტელექტუალს და ა.შ. გამუდმებით არწმუნებს იმაში, რომ ის ყველაზე მაგარია. გზა იოლია, მაგრამ არაპროდუქტიული. ანუ,
ჩემი თაობა... თავის რეალობას იგონებს, იმისათვის, რომ რეალობაში საკუთარი თავისთვის დაწესებული კრიტერიუმების არშესრულებაზე პასუხი არ აგოს.

. ("მამების" თაობას თუ ჰყავდა ოთარ იოსელიანი, რობერტ სტურუა, თამაზ გამყრელიძე, გია ყანჩელი - ასე თუ ისე, თავ-თავიანთ სფეროებში მსოფლიო რანგის ადამიანები, - ჩემს თაობას [თუნდაც] ამ მასშტაბის არცერთ სფეროში ჯერ არაფერი არ შეუქმნია). "ტუსოვკის" გარეთ ამ კოლექტიური მითოსის არავის სჯერა.

პოლიტიკაშიც რეალობის აღქმის იგივე მექანიზმი მუშაობს. როგორია რეალობა? ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო - წინამორბედ პარტიასთან შედარებით - მმართველობის რადიკალური გაუმჯობესება და მოსახლეობის წინაშე სახელმწიფოს საბაზისო ვალდებულებების შესრულება (შუქი, გაზი, ხელფასები, გზები). რამდენიმე სფეროში ჩაატარა რევოლუციური რეფორმები, რომლებიც მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც სამაგალითო გახდა და საქართველოს მართლა შესძინა "მოდელის" სტატუსი (რატომ და როგორ გამოუვიდა საქართველოს და არ გამოუვიდა სხვა ქვეყნებს). ეს წარმატება ნებისმიერი პარტიისათვის ძალიან დიდი იქნებოდა (საკმარისი იმისათვის, რომ პარტია უპრობლემოდ აერჩიათ მეორედ და, შესაძლოა, ინერციით, მესამედაც). ამ შემთხვევაში შეიძლებოდა საუბარი იმაზე რა არ გაკეთდა (მაგ. აგრარული რეფორმა), რა არ გაკეთდა ბოლომდე (მაგ. ჯანდაცვის სისტემის რეფორმა) და რა გაფუჭდა (მაგ. საშუალო განათლება). პრობლემა იმაშია, რომ ნაციონალური მოძრაობისათვის (ოპოზიციას ისევ გამოვტოვებ, იმიტომ, რომ ეს პრობლემა მმართველი პარტიის შემთხვევაში უფრო კარგად ჩანს, თუმცა ოპოზიციის შემთხვევაშიც სტრუქტურულად იგივეა) ეს წარმატებები საკმარისი არ არის. მისი ამბიცია განუზომლად უფრო დიდია.

ამ ამბიციის მასშტაბი საუკეთესოდ პარტიის და მთავრობის ერთ-ერთმა მენადამ აჩვენა, როდესაც ერთ-ერთი ფეისბუქური დისკუსიისას მითხრა, რომ "მიშამ შექმნა ქვეყანა" (სანამ მე თითებს ვიფხანდი ფეისბუქზე). აი, ეს "მიშამ შექმნა ქვეყანა" არის სწორედ "გეზამტკუნსტვერკ მიშა": მითოსით კომპენსირებული უკვდავების აუსრულებელი ოცნება. ნაციონალურ მოძრაობას (და მის თავმჯდომარეს) არ აკმაყოფილებს წარმატებული პარტიის "იმიჯი", მას დემიურგობა სწყურია: ძალითა მით ძლიერითა შექმნას ქვეყანა და მისცეს (თავის) კაცთ. ამ დემიურგულ მითოსს (როგორც თავის დროზე ვერგილიუსი - ავგუსტუსისთვის და ევსებიოს კესარიელი კონსტანტინტესათვის) აფორმებს სამთავიანი ტელევიზია რომელიც დღე და ღამე დაუღალავად ცდილობს იმ "რეალობის" შექმნას, რომელიც დემიურგობის მსურველს უნდა რომ დაინახოს. ჭაობში ქალაქის დაარსება (პეტრე პირველის იმიტაცია), ათათურქის მიბაძვა (სურვილი იყო "ერის მამა"), წმინდა გიორგი და შლიოპანცი (რომლებიც დემიურგის გამოსახულების სუბსტიტუტებია, რადგანაც მისი ძეგლის დადგმა "პირდაპირ" აკრძალულია) ამ მითოსის ნაწილებია, რომელსაც წარმოშობს რეალობის მიუღებლობა და აქედან გამომდინარე მისი ოცნებით ჩანაცვლების სურვილი. მითოსი, რომლისაც ნაციონალური მოძრაობის "ტუსოვკის" გარეთ არავის ჯერა და რომელიც, სხვათა შორის, ნიღბავს იმ "მთავარს", რაც არ გაკეთებულა.

ირონიულად, ნაციონალურმა მოძრაობამ, თავის თავმჯდომარესთან ერთად, სწორედ იმის გაკეთება ვერ შეძლო, რაც ყველაზე უფრო უნდოდა: რევოლუცია.

საქართველო დღეს ისევე ერთპარტიულად იმართება საოლქო (გუბერნატორების) და რაიკომის მდივნების (გამგებლების) მეშვეობით, როგორც ადრე. არ არსებობს ნამდვილი თვითმმართველობა. მიუხედავად ბევრი წარმატებისა, "იმედის" სერვილისტი ჟურნალისტების მიერ "სააკაშვილის ეპოქად" მონათლული ნაციონალური მოძრაობის მეორე ლეგისლატურის დასასრულს საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნად რჩება და ამ "პოსტსაბჭოთობის" ჩამოშორება ჯერ ვერ მოახერხა.

ნაციონალურმა მოძრაობამ, ახლის შენების ისტერიულ სურვილში, მაინც მოახერხა დაენგრია ძველი. ეს, მე თუ მკითხავთ, სულაც არ არის ცოტა, თუმცა არაფრით შეესაბამება მითოსს. ამიტომაც "გეზამტკუნსტვერკ მიშას" საუკეთესო სიმბოლოდ, ძეგლად და პოლიტიკურ კენოტაფად გამოდგება ძველი საბჭოთა უნივერმაღის გამოღრუტნული, ფოტოფასადაფარებული შენობა, რომელსაც გარედან აწერია: "აქ ორიათასრომელიღაც წელს აშენდება რაღაც (ძალიან მაგარი)".

რამდენად კარგი იქნება ის, რაც ცარიელ ადგილას აშენდება, პირდაპირ იქნება იმაზე დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ კულტურული პარადიგმის შეცვლას. მგონი დროა, დარაზული კარები გავხსნათ და რეალობა ვაღიაროთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG