Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახლი აგურის ქუჩაზე და ზაქარია ფალიაშვილის ვალტორნა


ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, „აბესალომ და ეთერისა“ და „დაისის“ ავტორის, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ცოტა ხნის წინ გაიხსნა ახალი გამოფენა მისი კიდევ ერთი გახმაურებული ოპერის, „ლატავრას“, შესახებ. გამოიფინა აქამდე მუზეუმის ფონდში დაცული და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მასალა: აფიშები, ნოტები, ფოტოები და, რაც მთავარია, სწორედ ამ ოპერისთვის მხატვარ ივანე ასკურავას მიერ შექმნილი ესკიზები. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი ყოფილი აგურის ქუჩაზე, ახლანდელი ბაქრაძის ქუჩის 10 ნომერში, მდებარეობს. იქ დაცულ ნივთებს შორისაა ფალიაშვილის ლეგენდარული როიალი, ვალტორნა და ფონოგრაფი.

გადმოწერა

ზაქარია ფალიაშვილმა ბაქრაძის ქუჩის #10-ში მდებარე სახლში 1915 წლიდან 1933 წლამდე იცხოვრა. სახლ-მუზეუმად ეს ბინა მოგვიანებით გადაკეთდა, მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს.

„თქვენ ახლა ამოიარეთ კიბეები და მოხვდით სახლში, სადაც ძალიან ვცდილობთ იმ გარემოს შენარჩუნებას, რომელშიც დიდი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი ცხოვრობდა“, ამ სიტყვებით შეეგება სახლ-მუზეუმის ექსკურსიამძღოლი ვიქტორია სირაძე „ქართული სასწავლებლის“ მეოთხეკლასელებს, რომლებიც იქ ექსკურსიაზე მივიდნენ და პირველად მოისმინეს პირველი ქართული ოპერის დაბადების ამბავიც.

როცა ფალიაშვილის შემოქმედებაზე ჰყვებიან, პირველ რიგში, მის ორ ოპერას გამოყოფენ: „აბესალომ და ეთერს“, რომლის პრემიერაც 1919 წელს დამოუკიდებელ საქართველოში გაიმართა, და „დაისს“, რომელიც გასაბჭოებულ ქვეყანაში დაიდგა, 1923-ში. მუზეუმის ექსპოზიციაც ძირითადად ამ ორი ლეგენდარული ოპერის გარშემო ტრიალებს. თუმცა ცოტა ხნის წინ მათ ფალიაშვილის კიდევ ერთი ოპერის, „ლატავრას“, გამოფენაც მიემატა - ეს ფალიაშვილის სახლ-მუზეუმისთვის სიახლეა და, როგორც მუზეუმის კურატორი თამარ მარი გვეუბნება, მუზეუმის სტუმრები პირველად ნახავენ ამ ოპერისთვის შექმნილი ესკიზების გამოფენას. მისივე თქმით, უკვე მუზეუმის კუთვნილებაა „ლატავრას“ როლის შემსრულებლის, თამარ ლაპიაშვილის, პირადი არქივიც, რომელიც მუზეუმს საჩუქრად მისმა ვაჟმა გადასცა:

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

„მუზეუმის ფონდში მთელი ამ წლების განმავლობაში ინახებოდა მხატვარ ივანე ასკურავას მიერ სწორედ „ლატავრასთვის“ შექმნილი ესკიზები. ეს მასალა მუზეუმს 1971 წელს გადმოეცა, თუმცა აქამდე არ გამოფენილა. თბილისის მუზეუმების გაერთიანების იდეა იყო, რომ საზოგადოებისთვის შედარებით უცნობი მასალა გამოგვეფინა“.

„ლატავრა“, მართლაც, ცოტა დაგვეჩაგრაო, გვითხრა ექსპოზიციის მენეჯერმა, თამარ წულუკიძემაც. შესაძლოა, იმის გამოც, რომ მას მაინც არ ხვდა წილად იმხელა წარმატება, რამხელაც მის ორ წინამორბედ ოპერას ჰქონდა. „ლატავრა“ ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე სამჯერ დაიდგა. პირველი ლიბრეტოს ავტორი სანდრო შანშიაშვილი იყო, პირველი რეჟისორი - სანდრო ახმეტელი, ხოლო პირველი მხატვარი - ირაკლი გამრეკელი...

სანამ ზაქარია ფალიაშვილი თავის ორ ძმასთან, ივანესა და ნიკოლოზთან, და მათ მეუღლეებთან ერთად ამ სახლში დაიდებდა ბინას, მანამ ფალიაშვილები ქუთაისში ცხოვრობდნენ - დედა, მამა და 18 ბავშვი. ოჯახს ფინანსურად უჭირდა. ე.წ. „ფრანგების“ ან, სხვანაირად, კათოლიკების უბანში კათოლიკური ეკლესიის გვერდით მდებარე სახლის ორი ოთახი ეკავათ. სიმღერა ძალიან უყვარდათ. მამა ეკლესიის მნათე ყოფილა და თან ეკლესიის გუნდშიც გალობდა. მას არც დედა ჩამორჩებოდა ხალხური სიმღერების სიყვარულით. ზაქარიამ და მისმა ძმამ, ივანემ, რომელიც მოგვიანებით ასევე ცნობილი დირიჟორი გახდა, პირველი მუსიკალური განათლება მაშინ ცნობილ პიანისტ-ორღანისტთან, ფელიქს მიზანდართან, მიიღეს.

მერე იყო თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (მოგვიანებით კონსერვატორიად გადაკეთდა), ვალტორნის კლასი. მაშინდელი სასწავლებლის შენობის ფოტო დღეს ფალიაშვილის სახლ-მუზემის ერთ-ერთ კედელზე კიდია. სწორედ იქ დამეგობრდნენ ზაქარია ფალიაშვილი და ვანო სარაჯიშვილი.

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

1925 წლამდე იმეგობრეს, სარაჯიშვილის გარდაცვალებამდე, სარაჯიშვილი კი ფალიაშვილის ოპერების უბადლო შემსრულებლად ითვლებოდა. ორივე ხელოვანი ოპერის ბაღშია დაკრძალული. ვიქტორია სირაძე კი მოგვითხრობს, რომ სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ ოპერის თეატრში „აბესალომ და ეთერი“ რეპერტუარიდან მაინც არ მოხსნეს - ყველა ბილეთი გაყიდული იყო:

„კოტე მარჯანიშვილს უთქვამს, რომ ის სასწრაფოდ გაუკეთებდა ამ ოპერას რეჟისურას. იქ კი, სადაც ვანო სარაჯიშვილი უნდა მდგარიყო, შუქი ციმციმებდა, მის პარტიას კი ჩელისტი ასრულებდა. შემდეგ ამ სპექტაკლს უწოდეს „’აბესალომ და ეთერი’ აბესალომის გარეშე“.

„აბესალომ და ეთერის“ წერა ფალიაშვილმა 1910 წელს დაიწყო, სპექტაკლის პრემიერა კი 1919 წელს გაიმართა. ამ შუალედს ჰქონდა თავისი ტრაგიკული მიზეზი - ფალიაშვილს და მის მეუღლეს, იულია უტკინას, ერთადერთი ვაჟი, ირაკლი, დაეღუპათ.

„’აბესალომ და ეთერის’ პრემიერა ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა. ჯერ უდიდესი მოლოდინი უძღოდა ამ ოპერის შექმნას. პრემიერაზე სპექტაკლი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ღამის ორ საათზე დამთავრდა. მიუხედავად ამისა, ხალხი ისე აღელვებული იყო, რომ სახლში წასვლა არ სურდათ. პატრიოტული გრძნობების მოზღვავებას გრძნობდნენ და არა მხოლოდ იმას, რომ მათ იხილეს ახალი ქართული ოპერა, ეროვნული ოპერა. მუსიკათმცოდნე გულბათ ტორაძის სიტყვები მინდა გავიხსენო. მან თქვა, როგორც არ შეიქმნება ახალი სვეტიცხოველი, როგორც არც შეიქმნება მეორე, ახალი „ვეფხისტყაოსანი“, ისე არ დაიწერება მეორე, ახალი „აბესალომ და ეთერიო“. აი, ასეთ რანგში მოიაზრება ზაქარია ფალიაშვილი და მისი შემოქმედება ქართველი ხალხის კულტურულ ცხოვრებაში და, საერთოდ, საქართველოს ისტორიაში“.

ცოტა მოგვიანებით, 1923 წელს, ოპერის თეატრის სცენაზე „დაისი“ გამოჩნდა. რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი იყო. ყველა ბილეთი გაყიდულიაო, იმდროინდელი აფიშა იუწყებოდა.

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

„აბესალომ და ეთერიც“, „დაისიც“, „ლატავრაც“ და ფალიაშვილის სხვა თხზულებებიც იმ როიალთან იქმნებოდა, რომელიც ახლა მისი სახლის ერთ-ერთ ოთახში დგას. ამავე ოთახში იდგა თურმე მისი საწოლიც, რომელშიც უკანასკნელი დღეები გაატარა. როიალის პირდაპირ მისი სამუშაო მაგიდა დგას - ზედ დირიჟორის ჯოხებით, სამელნით და მისი კუთვნილი სხვა ნივთებით. ვიქტორია სირაძე მოგვითხრობს:

„ეს „შრედერის“ ფირმის როიალია. როდესაც 1903 წელს ფალიაშვილი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა, კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე მდებარე მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში შეიძინა ეს როიალი ვალის შემდგომი გადაფარვით, რადგან საკმაოდ ძვირი ღირდა, მას კი ამის ფული არ ჰქონდა. როგორც გადმოცემით არის ცნობილი, ამ ვალის გასტუმრებაში მას ძმები ზუბალაშვილები დაეხმარნენ“.

ფალიაშვილების ოჯახში ასეთი ტრადიცია ყოფილა: იმ მაგიდას, რომელიც დღესაც დგას სასტუმრო ოთახში, ოჯახი სადილად მანამ არ მიუსხდებოდა, სანამ საქართველოს მაშინდელ ჰიმნს, „სამშობლოს“, არ მოუსმენდა.

„ალბათ, როგორი ბედნიერი იქნებოდა ზაქარია, რომ იცოდეს, რომ საქართველოს დღევანდელი ჰიმნი სწორედ მის მუსიკაზე შეიქმნა, რომელიც ჰიმნად კომპოზიტორმა იოსებ კეჭაყმაძემ დაამუშავა“.

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი ამ როიალის გარდა კიდევ რამდენიმე ფასდაუდებელ მემორიალურ ნივთს ინახავს. მათ შორისაა ორღანის ხმოვანების მქონე ფისჰარმონია. მის თავზე ფალიაშვილის ხელში გამოვლილი ვალტორნა დევს. მის პოვნას კიდევ ცალკე ისტორია აქვს. როგორც თამრიკო წულუკიძე მოგვითხრობს, მისი ძებნა მუზეუმის პირველმა დირექტორმა, ვაჟა ჩინჩალაძემ, დაიწყო. იცოდნენ, რომ ფალიაშვილი ვალტორნის კლასში სწავლობდა, ცნობილი იყო საკრავის ფირმაც - ეს იყო „ციმერმანის“ ფირმის ვალტორნა. სად არ ეძებეს თბილიში, მაგრამ ვერსად მიაკვლიეს, სანამ ერთ დღეს ვაჟა ჩინჩალაძე სოხუმში არ ჩავიდა:

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

„სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელშიც მოიკითხა ვალტორნა. აღმოჩნდა, რომ, მართლაც, ჰქონდათ რამდენიმე და მათგან ერთ-ერთი სწორედ „ციმერმანის“ ფირმისა. იქვე უთხრეს, თბილისის კონსერვატორიამ გადმოგვცა დაშლილი ვალტორნები და ჩვენ ავაწყვეთო. კონსერვატორია კი, როგორც ვიცით, იმ სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა, სადაც ფალიაშვილი სწავლობდა სწორედ ვალტორნის კლასში და ასე მივედით დასკვნამდე, რომ ეს მუსიკალური ინსტრუმენტი ფალიაშვილის ხელშია გამოვლილი“.

სახლ-მუზეუმის კიდევ ერთი საინტერესო ექსპონატი, რომელიც ფალიაშვილის კიდევ ერთ საქმეს და გატაცებას უკავშირდება, მისი პირადი ფონოგრაფია. სწორედ მისი საშუალებით იწერდა კომპოზიტორი მთელი საქართველოს მასშტაბით იშვიათ სიმღერებს და მათ მეორე სიცოცხლეს შთაბერავდა.

„საქართველოს თითქმის ყველა კუთხე აქვს ამ ფონოგრაფით შემოვლილი ზაქარია ფალიაშვილს. დადიოდა და ადგილზე იწერდა სიმღერებს. მაგრამ ამ სიმღერების მოსმენა შეიძლებოდა ორჯერ-სამჯერ, მერე იშლებოდა. სამასზე მეტი ხალხური სიმღერა აქვს ამ ფონოგრაფით ჩაწერილი, შემდგომ კი ყველაფერი ნოტებზე გადმოჰქონდა. თუ მანამდე ეს ყველაფერი თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა, ფალიაშვილმა უდიდესი საქმე გააკეთა და ეს სიმღერები ნოტებზე გადაიტანა და ასე შემოგვინახა“, - გვითხრა ვიქტორია სირაძემ.

ზაქარია ფალიაშვილის სახლში ერთი კედელი მისი მეგობრების ფოტოებს უჭირავს. მათ შორის, ცენტრში, ივანე ჯავახიშვილის პორტრეტია. გადმოცემით ცნობილია, რომ შვილის დაღუპის შემდეგ ერთ-ერთი, ვინც ფალიაშვილს მუდამ გვერდზე ედგა და დასახევად გამზადებული „აბესალომ და ეთერის“ ნოტები ხელიდან გამოჰგლიჯა, სწორედ ივანე ჯავახიშვილი იყო:

„თავის მხრივ, ზაქარიაც ცდილობდა გვერდში სდგომოდა ივანე ჯავახიშვილს რთულ პერიოდში. მაგალითად, მაშინ, როდესაც მას შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ფალიაშვილი მიდიოდა ხოლმე მის სახლთან ახლოს მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში და ორღანზე უკრავდა ნაწყვეტებს „აბესალომ და ეთერიდან“. ჯავახიშვილი ხვდებოდა, რომ ეს ფალიაშვილი იყო და ამას მის გასამხნევებლად აკეთებდა“.

ზაქარია ფალიაშვილის სახლში დღესაც ინახება მისი კუთვნილი ფრაკი, რომელიც დირიჟორობის დროს ეცვა. იქვეა მისი საფულე, თმის საკრეჭი, სათვალე და სხვა პირადი ნივთები. მაგიდაზე ფალიაშვილების ოჯახის სამოვარი დგას, კარადაში კი მათი კუთვნილი ვერცხლის ჭურჭელია. ფალიაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი ამბავი, უფრო სწორად, სიყვარულის ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაფარული, ნადეჟდა ბუზოღლის უკავშირდება. „დაისი“ და „ლატავრა“ ფალიაშვილმა სწორედ ნადეჟდა ბუზოღლის მიუძღვნა. ზაქარიას და ნადიას სიყვარულის ამბავზე ნარგიზა გარდაფხაძის დოკუმენტური ფილმიც მოგვითხრობს. საარქივო მასალებს ახლაც სწავლობენ და თბილისის მუზეუმების გაერთიანება აპირებს მალე ფალიაშვილისა და ბუზოღლის პირადი წერილები და, ასევე, არქივში დაცული სხვა მიმოწერაც გამოფინოს.​

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG