ექსპერტების თქმით, რუსეთის სამხედრო ტექნიკას მყვირალა ფერის ზოლებით ღებავენ, რათა დააბნიონ უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული სისტემები. „შენიღბვის“ ეს ტაქტიკა, როგორც ჩანს, დამალობანას სარისკო თამაშს უხსნის გზას რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე მდებარე ავტომაგისტრალებზე.
უკანასკნელ დღეებში გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს „თვალისმომჭრელი კამუფლაჟით“ გადაღებილი რუსეთის სამხედრო ტექნიკა მაშინ, როცა უკრაინამ გაააქტიურა თავისი დრონებით „საშუალო დარტყმის“ კამპანია, რომლის სამიზნეა რუსეთის ლოგისტიკური ტექნიკა ფრონტის ხაზიდან 200 კილომეტრამდე მანძილზე.
უკრაინა კამიკაძე დრონებს, მათ შორის ამერიკული წარმოების Hornet-ებს, იყენებს საშუალო სიშორეზე იერიშებში. ამ დარტყმების მიზანია, სხვათა შორის, სატვირთო მანქანების განადგურება გზებზე, რომლებსაც იყენებენ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები.
ავტონომიური სისტემების სპეციალისტი, ბელგიის სამხედრო აკადემიის თანამშრომელი გეერტ დე კუბერი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის სამხედრო სისტემებს საბრძოლოდ გაგზავნამდე რეალური სამიზნეების გამოსახულებებით წვრთნიან.
„ალგორითმს აძლევთ ძალიან დიდი რაოდენობით მონიშნულ სურათებს და ალგორითმი დამოუკიდებლად სწავლობს ამ გამოსახულებების ისეთი მახასიათებლების ერთმანეთთან დაკავშირებას, როგორებიცაა ფერები, მოხატულობა, ტექსტურა და ფერთა გრადაცია აღნიშნულ სურათებში,“ უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
უკრაინის კონტექსტში ვიზუალური სიგნალები, როგორებიცაა ტყის მწვანე ფერი და სიმბოლო „Z“, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან არის დაკავშირებული, ალგორითმისთვის მკაფიო მონაცემები იქნებოდა ვიზუალური ამოცნობისთვის.
„ზებრასებრმა მოხატულობამ, რაც უკანასკნელ დღეებში გაჩნდა სატვირთო მანქანებზე, შეიძლება დააბნიოს აღმოჩენის ზოგიერთი ოპტიკური სისტემა,“ ხსნის დე კუბერი. „ეს თვალისმომჭრელი მოხატულობა თუ არ არის [დრონის] მონაცემთა ბაზაში, მაშინ ის უთოუდ იმოქმედებს დეტექტორის მუშაობაზე,“ ამბობს ის.
რობოტების ექსპერტის თქმით, სამხედრო აპლიკაციებში ხელოვნური ინტელექტის დამიზნებისთვის მითითებები მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული.
„თუკი ალგორითმს სამხედრო ავტობუსებზე წვრთნით, არ მოისურვებთ, რომ მან ამოცნობა სასკოლო ავტობუსებზეც გაავრცელოს“.
აეროკოსმოსური ტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი ოსტინიდან, ტეხასის უნივერსიტეტიდან, ტოდ ე. ჰამფრისი, ეთანხმება მოსაზრებას, რომ გადაღებვის ტაქტიკა შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს, ვიდრე ბევრს ჰგონია.
„თვალისმომჭრელი საღებავი სატრანსპორტო საშუალებებს „აქრობს“, ხელოვნური ინტელექტის კლასიფიკატორისთვის ისინი ისე აღარ გამოიყურებიან, როგორც სურათებზე, რომელთა მიხედვითაც გაწვრთნეს ის,“ უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
მაგრამ ნებისმიერი სახის გადაღებვა მოკლევადიანი შეიძლება იყოს, დასძენს ჰამფრისი.
„ადამიანს იოლად შეუძლია შენიღბვის აღმოჩენა, მაგრამ საჭირო იქნება ხელოვნური ინტელექტის ხელახლა გაწვრთნა თვალისმომჭრელი ფერების სატრანსპორტო საშუალებების ათასობით გამოსახულებით, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საღებავის სქემის შეცვლა და ციკლი ხელახლა დაიწყება“.
მოხატულობის ეს ევოლუცია შესაძლოა უკვე მიმდინარეობდეს. ახლახან გადაღებულ ფოტოებზე ვხედავთ რუსეთის სატვირთო მანქანას შავ-თეთრი ტალღოვანი მოხატულობით, რომელიც განსხვავდება უფრო ადრეული „ზებრასებრი“ მოხატულობისგან, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ბრძოლის ველზე მრავალი სიახლის უკან მდგარი უკრაინული ინიციატივა Brave1-ის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის ჯარები „განუწყვეტლივ ცდიან კამუფლაჟის ახალ სახეობებს და ჩვენც გამუდმებით ვახდენთ ადაპტირებას, რათა უზრუნველვყოთ საბრძოლო მოქმედებების ეფექტიანობა“, მაგრამ დეტალებზე კომენტარებისგან მან თავი შეიკავა.
ექსპერტების თქმით, უპილოტო საფრენ აპარატ Hornet-ს, რომელსაც უკრაინა იყენებს, სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია სამიზნეების დადგენა და მათი განადგურება.
Brave1-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ დრონების დარტყმები „ყოველთვის სანქცირებულია ადამიანის მიერ“, და დასძენს, რომ „ხელოვნურ ინტელექტს პროცესის გარკვეულ ეტაპებზე შეუძლია დახმარება, მაგრამ ადამიანი ყოველთვის სრულად აკონტროლებს სიტუაციას“.
უკრაინა ამერიკულ დრონ Hornet-ს მიმდინარე წლის გაზაფხულიდან იყენებს და ერთი ასეთი დრონი 6000 დოლარი ღირს. როგორც იტყობინებიან, პოლისტიროლისგან დამზადებული ასეთი დრონი მოქმედებს პრინციპით „შეარჩიე და დაივიწყე“, რომლის დროსაც ოპერატორი ირჩევს კონკრეტულ ობიექტს, რომელიც შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა შეამჩნია და შემდეგ დრონი დაბლა ეშვება დარტყმის განსახორციელებლად. ასეთ უნარს შეუძლია ერთ ადამიანს საშუალება მისცეს, ერთდროულად გააკონტროლოს რამდენიმე დრონი, რომლებიც სამიზნეებს უთვალთვალებენ.
ადრე რუსეთის სამხედროები უკრაინაში მოხატულობის შეფარვის მეთოდებს იყენებდნენ. თავის დროზე მნახველები გააკვირვა 2023 წელს გამოჩენილმა სურათებმა, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ძვირადღირებული რუსული თვითმფრინავები ფრთებზე მანქანის საბურავებით.
მომდევნო წელს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ტექნოლოგიის სფეროს მთავარმა ოფიცერმა სკაილერ მურმა ეს საკითხი წამოაყენა დისკუსიაზე, რომელზეც განიხილებოდა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამიზნება როგორც შენიღბვის „კლასიკური არასაიდუმლო მეთოდი“.
„ეძებთ თვითმფრინავს და თუ ფრთებზე საბურავებს დააწყობთ, კომპიუტერული ხედვის უამრავ მოდელს გაუჭირდება იმის ამოცნობა, რომ ეს თვითმფრინავია,“ თქვა მან.
შორსმსროლელი რაკეტების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება დაპროგრამებულ იქნენ დამოუკიდებლად აღმოჩენაზე და ასაფრენ ბილიკზე მყოფ თვითმფრინავზე დამიზნებაზე, ასეთმა მარტივმა ტყუილმა შეიძლება შეიარაღების მოწინავე სისტემებიც კი დააბნიოს.
ადრე რუსეთი წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო თვითმფრინავების კონტურებს ხატავდა თავიანთ ბაზებზე, რათა პოტენციური მოწინააღმდეგე ცარიელ ბეტონზე დარტყმისთვის მიეტყუებინა.