Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემო ბოშურის მიმდებარე ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია


სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტყეში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე ისევ რჩება, რომლებიც, პრევენციის მიზნით, მონიტორინგს ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ. ეს გადაწყვეტილება, ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ადგილზე მიიღო. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

გადმოწერა

სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ლოკალიზაციისსამუშაოებს აწარმოებდნენ, თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით იზოლირება, შემდეგ კი მეხანძრეების დახმარებით წყლის ჭავლით დამუშავება მოხდა.

თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის 250 ჯარისკაცის ადგილზე ჩასვლამდე, ბოშურის ტყეში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი მოსახლეობა, მოხალისეები, გორის გამგეობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის თანამშრომლები ებრძოდნენ. სტიქიის ზონიდან გამოსვლა მათ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ადგილზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები ჩავიდნენ.

გამთენიისას,მთის ფერდობზე ხანძრის ლოკალიზებულ კერებთან წყლის ჭავლის მიყვანა მოხერხდა და ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 2 ჰექტარი ტყის ფართობი, ეს ინფორმაცია რეგიონის გუბერნატორმა კახაბერ სამხარაძემ გაავრცელა.

ბოშურის მოსახლეობამ მიმდებარე ტყეში ხანძარი გუშინ, საღამოს საათებში შენიშნა. გორის სახანძრო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები ამ დროს ბორჯომის ხეობაში იმყოფებოდნენ და ბოშურის ტყეში ჩასვლა მხოლოდ 2 საათის შემდეგ, დაახლოებით, 8 საათისთვის შეძლეს. ღამის 11 საათისთვის კი მათ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეუერთდნენ და გამთენიისას უკვე ხანძრის ლიკვიდაცია მოხერხდა. ამის მიუხედავად, ბოშურის მიმდებარე ტყეში მონიტორინგი გრძელდება.

XS
SM
MD
LG