Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზრდასრულთა განათლება საქართველოში


ავტორი: ქრისტინე მაღლაკელიძე

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე პრობლემატურ ფაქტორებს შორის პირველი ადგილი უკავია არაკვალიფიციურ მუშახელს. *1

უჩვეულოა, ერთის მხრივ მოთხოვნაა კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე და მეორეს მხრივ საქართველოში უმუშევართა თითქმის ⅓ უმაღლესი განათლება აქვს.*2

რადგან, უმუშევრობის პრობლემა უმეტესად ზრდასრულებს შეეხება, განათლება კი ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს, გადავწყვიტე იმ გამოწვევების შესახებ დამეწერა, რაც საქართველოში, ზრდასრულთა განათლებას უკავშირდება.

დავიწყებ ტერმინთა განამარტებით:

1.ზრდასრული - ზრდასრულის გაგება სხვადასხვაგვარია. ეს შეიძლება იყოს როგორც ერთის მხირვ ბიოლოგიური ან ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მეორეს მხრივ სამართლებრივი სტატუსი, რომელიც ასაკის მიხედვით კონკრეტული სახელმწიფოს მიერ განისაზღვება, ასევე ზრდასრულის განმსაზღვრელია ქცევის ფორმა ან კიდევ სოციალური როლების კომპლექტი.

2. განათლება - განათლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება და ის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. თუმცა, თუ ერთ დღესაც აღარ იარსებებს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და ადამიანს მუშაობაც კი არ დასჭირდება, ის მაიც განაგრძობს შემეცნებას/განათლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვა - “რისთვისაა განათლება” განათლების ბუნებიდან გამომდინარე ძირშივე მცდარია. რადგან განათლება არ არის რაიმესთვის - ის თავისთავად სრულქმნილია.

ასე რომ, ყველაზე ზუსტად განათლება - ეს არის ცოდნა და შესაძლებლობა.

3.ზრდასრულთა განათლება - თვითგანვითარებაზე ორიენტირებული განათლება, რომელსაც ადამიანები მიმართავენ, რათა შეიძინონ ცოდნის ახალი ფორმები, უნარები, დამოკიდებულებები ან ღირებულებები. ზრდასრულთა განათლება, ძირითადად მოიცავს ცოდნას პიროვნების, როგორც მთელი ცხოვრების მანძილზე მსწავლელის სრულყოფაზე.

საქართველოში ზრდასრულების განათლების მიღებისკენ სწრაფვა ძლიერი არაა. ამას რამდენიმე ფაქტორი, (ზოგი უფრო მეტად და ზოგიც ნაკლებად) განაპირობებს, მათ შორისაა - სოციალური,ეკონომიკური და პიროვნულიც კი.

ალბათ, გსმენიათ ფრაზები “ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებ სწავლას”; “ნეტა, უნივერსიტეტს მალე მოვრჩებოდე ”, - ეს და მსგავსი შინაარსის დამოკიდებულებები სწავლის სასრულობის განცდითაა შთაგონებული. ადამიანების დიდ ნაწილს ჰგონიათ, რომ ერთ დღესაც, როცა სწავლას მოვრჩებით, კენწეროში აღვმოჩნდებით, დავტკბებით და მუდმივად იქ დავრჩებით. - ეს ზრდასრულთა განათლებაზე გავლენის სოციალურ-კულტურული ფაქტორია. ჩვენს საზოგადოებაში ღრმადაა გამჯდარი აზრი იმის შესახებ, რომ კონკრეტული საგანმანათლებლო საფეხურების გავლის შემდეგ, ნორმალურია, რომ ადამიანმა განათლების მიღება შეწყვიტოს.

პიროვნული ფაქტორიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია და ნებაა. ძალიან დიდია ცდუნება ზრდასრულმა სოციალური როლებისა და პასუხისმგებლობების აღების შემდეგ არჩევანი განათლების სასარგებლოდ არ გააკეთოს და უამრავი არგუმენტი აღმოჩნდეს სწავლის შეწყვეტისა და მისი დასრულების გამართლების მხარეს.

რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, ადამიანების ნაწილისთვის პრობლემაა საკუთარი განათლების დაფინანსება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ განათლების მიღების მოტივაცია მაღალია, ზრდასრულებს შეუძლიათ გამოიყენონ ონლაინ პლატფორმები, რომელიც უფასოდაა ხელმისაწვდომი. აი, რამდენიმე მათგანიც:

საქართველოს ზრადსრულთა განათლების ქსელი - აერთიანებს ათ ზრდასრულთა განათლების ცენტრს საქართველოს შვიდ რეგიონში.

ქართულენოვანი ონლაინ სასწავლო პროგრამები - საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის; ვისაც საზოგადოებრივი საქმიანობა აინტერესებს და სურს გაიღრმავოს ანალიტიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.​ მსოფლიოს ტოპ-20 რესურსი უფასო ონლაინ-სწავლებისათვის

ზემოთ შემოთავაზებულ რესურსებთან ერთად აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში ფუნქციონირებს უწყვეტი განათლების ცენტრები, რომლითაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ისარგებლოს, მაღალი პროფესიული გადამზადების, ან საერთოდ, ახალი პროფესიის ათვისების მიზნით.

განათლება, როგორც პიროვნული განვითარებისა და ზრდის ბუნებრივ მოთხოვნილებად რომ არ განვიხილოთ, პრაგმატული თვალსაზრისით - თანამედროვე დასაქმების ბაზარი არ აძლევს ადამიანს რომელიმე ერთი ცოდნით ხანგრძლივად დაკმაყოფილების საშუალებას. დედამიწაზე. ყოველი ახალი კვლევის, აღმოჩენისა და ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, რაღაც ახალი უნარის შეძენის საჭიროება დგება. ჩვენს საზოგადოებაში ადამიანების მცირე ნაწილი, ხან ინტუიტიურად, ხანაც კი ლოგიკურად ამ საჭიროებას წინასწარ ხედავს, აფასებს და მუშაობს მის განვითარებასა და შეძენაზე. თუმცა შემაშფოთებელია (განსაკუთრების საგანამანათლებლო სივრცეებში) იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც წლების წინ შეძენილი პროფესიით ცდილობენ სამუშაოს შენარჩუნებას ან მოპოვებას.

ისევე როგორც ყველა ზრდასრულის ცხოვრება განსხვავდება, განსხვავდება ზრდასრულთა სწავლებაც. საჭიროებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე ზრდასრულების მიერ სწავლა სხვადასხვა გზითა და მეთოდით ხდება. ზოგადად კი ზრდასრულებისთვის სწავლის მიღების პროცესში მთავარი მახასიათებელი ნების თავისუფლებაა. როდესაც ზრდასრული თავად წყვეტს რა ტიპის ცოდნა შეიძინოს, ძალიან პრაქტიკულია მისი დამოკიდებულება და ფიქრობს: “როგორ დამეხმარება ახლა ეს მე? - რელევანტურია? შეესაბამება ჩემს ახლანდელ მიზნებს?”

ალბათ, იმ საქართველოში, სადაც ზრდასრული ადამიანი კითხვას ისე კი არ დასვამს - უნდა მიიღოს თუ არა განათლება საერთოდ, არამედ, ამჯერად რომელი ცოდნის შეძენა იქნება მისთვის პრაქტიკული, კვალიფიციური მუშახელი ასეთი დეფიციტური აღარ იქნება და უმუშევრობის სტატისტისტიკური მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

გამოყენებული წყაროები:

https://elearningindustry.com/8-important-characteristics-of-adult-learners

http://www.independent.co.uk/voices/our-voices/battle-of-ideas/education-is-not-for-anything-it-is-an-end-in-itself-8198029.html

http://www.llcq.org.au/01_cms/details.asp?ID=12

1.მოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის შვეიცარიული არაკომერციული ფონდი, რომელიც 1979 წლიდან ყოველწლიურ ანგარიშებს აქვეყნებს. ანგარიშში ასახულია მსოფლიოს ქვეყნების ონკურენტუნარიანობა და ბიზნესგარემოს ანალიზი. თითოეული წლის რეიტინგი წინა წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით არის ედგენილი. მაგალითად, 2015-2016 წლების ანგარიში 2014 წლის შეფასებას ემყარება. აღნიშნული ორგანიზაციის ეთოდოლოგიით, თითოეული ქვეყანა 119 კრიტერიუმით ფასდება. (რადიო თავისუფლება - სექტემბერი, 2016)
2. ირაკლი ლექვინაძე Forbs.ge - მარტი, 2015)

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG