Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდი შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას


„დაიცავი ჩვენი შრომა“, „სტერეოტიპი კლავს“, „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „ნუ გაჩუმდები“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გააპროტესტეს არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობა. ქალაქის მთავარ ბულვარში მათ აქცია გამართეს და შეუერთდნენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას. წლევანდელი კამპანიის სლოგანია - „ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ძალადობა“.

„ის მასშტაბები, რასაც ქვეყნის სტატისტიკა ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით იღებს, საგანგაშოა. უკვე წლებია არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორი ამაზე საუბრობს. მნიშვნელოვანია კანონპროექტი, რომელზეც ახლა მუშაობენ. ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი იმისთვის, რომ ჩვენ თავი ვიგრძნოთ მეტად დაცულად ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ, რომლის ორგანიზებითაც მოეწყო აქცია.

საპროტესტო აქცია ზუგდიდში
საპროტესტო აქცია ზუგდიდში

აქციას შეუერთდა „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ემზარ კვარაცხელიაც. მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით ქალთა მიმართ.

„კიდევ უფრო ყურადსაღებია იმ უჩინარი ქალების პრობლემები, შევიწროების შემთხვევები, რომლებიც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენენ. ვგულისხმობ ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ქალებს. მათი პრობლემები გადაუჭრელია. საზოგადოება საერთოდ არ საუბრობს ამ თემებზე. ამ პრობლემებზე საუბარი უნდა დავიწყოთ აქტიურად“, - განმარტა ემზარ კვარაცხელიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობა უერთდება ამ აქციას. ადგილობრივი თვითმმართველობა გეგმავს საკრებულოში შექმნას გენდერული თანასწორობის საბჭო...
ეკა კიფაია

ზუგდიდის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკა კიფაიამ კი აღნიშნა, რომ საკრებულოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობას გეგმავენ:

„ადგილობრივი თვითმმართველობა უერთდება ამ აქციას. ადგილობრივი თვითმმართველობა გეგმავს საკრებულოში შექმნას გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც იმუშავებს ამ პრობლემებზე“.

25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ათ დეკემბრამდე გაგრძელდება. ეს დღე 1999 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნდა და მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით და მსხვერპლთა მიმართ ქალთა სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიოს მასშტაბით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG