Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდში საარჩევნო სამზადისი დაიწყო


ზუგდიდი
ზუგდიდი

მას შემდეგ, რაც 8 ივნისს საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, ზუგდიდში პარლამენტის არჩევნებისთვის სამზადისი გააქტიურდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა და უკვე გამოყო ტერიტორია, სადაც დაშვებული იქნება საარჩევნო სააგიტაციო მასალების გაკვრა.

მუნიციპალიტეტისა და ქალაქის საკრებულოების მიერ 13 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, პარლამენტის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, სარეკლამო პლაკატების გაკვრა შენობა-ნაგებობების ფასადზე აეკრძალათ. საამისოდ სოფლებსა და ქალაქში სპეციალური სტენდები განთავსდება.

„თითოეულ პარტიას უკვე ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ აბსოლუტურად ცივილურ და ნორმალურ გარემოში ჩაატარონ საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუამ.

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო პლაკატები მაინც გამოიკვრება შენობების ფასადზე, სუბიექტები დაჯარიმდებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. მსგავსი ფაქტების გაკონტროლება მერიისა და გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა.

პარალელურად უკვე დაკომპლექტებულია და სამუშაოდ სრულ მზადყოფნას აცხადებს ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისია.

კომისიის ახალ თავმჯდომარედ მირანდა მესხი უკვე თებერვალში აირჩიეს ასევე ახალი წევრებით დაკომპლექტებულ პირველ სხდომაზე, მირანდა მესხის მოადგილედ კი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ნანა ოყუჯავა შეირჩა, რომელიც ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა.

„არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან მესამე დღეს უკვე კონკურსი გამოცხადდა კომისიის დროებითი წევრების შერჩევაზე. დანიშნულია დროებითი წევრი ცესკოს მიერ, ასევე არიან პარტიული სიიდანაც წევრები. მარტო არ გვყავს წევრი „მრეწველებიდან“. ბოლო ვადა არის ხვალ, 15 ივნისს, და, სავარაუდოდ, ხვალ შემოიტანენ. დანარჩენი 12-კაციანი შემადგენლობა უკვე ვართ“, - განუცხადა მირანდა მესხმა რადიო თავისუფლებას.

ჯერ კიდევ თებერვალში განახლებულ კომისიას პირველივე სხდომაზე უნდობლობა გამოუცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ბათლომე შელიამ, რომელიც სხდომაზე თავმჯდომარის არჩევის პროცესს დაესწრო. დეპუტატის განცხადებით, კომისია „ქართული ოცნების“ საახლობლო, სამეგობრო წრიდან დაკომპლექტდა:

„დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი ნეპოტიზმისკენ და მომავალი არჩევნების გაყალბებისკენ. მირანდა მესხი არის ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, ახლო მეგობარი და მათ აკავშირებთ ნათელმირონობა. მათ ძველი შემადგენლობიდან დატოვეს მხოლოდ ნანა ოყუჯავა“.

მაშინ დეპუტატის ბრალდებები უარყო საოლქო საარჩევნო კომისიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარე მირანდა მესხმა. ის ადასტურებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან ნათელმირონობა აკავშირებს და მისი შვილის ნათლიაა, თუმცა განმარტავს, რომ ამ თანამდებობაზე აირჩიეს არა ამ ფაქტის გამო, არამედ იმის გამო, რომ ყველა შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.

„მქონდა საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი. ეს იყო პრიორიტეტი და, გარდა ამისა, ფრიჯის სერტიფიკატი, რომელიც მხოლოდ ოლქის წევრებს ჰქონდათ. მაქვს ახალი, ტე-ტე-ეფის ელემენტებით, ფრიჯი, რომელიც დასავლეთში არც ერთ პირს არ გააჩნია“, - განმარტა მირანდა მესხმა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე პროფესიით სოციოლოგია. კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილიალში, იყო „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალური კოორდინატორი, ასევე ზუგდიდსა და ხობში შუალედურ ადგილობრივ არჩევნებზე ცესკოს მიერ არჩეული მეექვსე, როგორც თავად განმარტა, ნეიტრალური, წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG