Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ კორცხელის ინციდენტის საქმეზე პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები წარადგინა


კორცხელის ინციდენტი. 24 მაისი, 2016 წ.
კორცხელის ინციდენტი. 24 მაისი, 2016 წ.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირთა საქმის არსებითი განხილვა, რომლის დროსაც მოწმეების დაკითხვა უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. მიზეზი პროკურორის მიერ ახალი მტკიცებულებების წარდგენა გახდა:

„ბრალდების მხარემ მთელი ტომი წარმოადგინა ახალი მტკიცებულებების. ამიტომ დაცვის მხარეს სჭირდება დრო, რომ გაეცნოს მტკიცებულებებს, არის თუ არა ის კანონიერად მოპოვებული. ეს სამართლებრივი პროცედურაა, რომ მოგვეცეს ვადა და მოგვეცა კიდევაც სასამართლოს მიერ. შემდეგ უკვე დავაყენებთ საკითხს, დაერთოს თუ არა ეს მტკიცებულებები საქმეს“, - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ.

ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ მიმდინარეობს პროკურატურასთან მოლაპარაკება საპროცესო გარიგებაზე, ადვოკატმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე უწყებისთვის არ მიუმართავთ.

„საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი საშუალება არის. ეს ნიშნავს შეთანხმებას ბრალზე, შეთანხმებას კონკრეტულ პირობებზე. ყოველ შემთხვევაში, ამის სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს ჯერ დღის წესრიგში არ დგას“, - განუცხადა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ ზურაბ ბელთაძემ.

იმაზე, თუ რა სახის ახალი მტკიცებულებები წარადგინა ბრალდების მხარემ, პროკურორმა ნუგზარ ჯიქიძემ ამჯერად ჟურნალისტებთან სუბარი არ ისურვა.

„ამ ეტაპზე ამ საკითხის კომენტარისგან თავს შევიკავებ და სხვა დროს გავაკეთებ“, - თქვა მან.

ზუგდიდის სასამართლოში პროცესის მონაწილე ყველა მხარე იყო გამოცხადებული, მათ შორის, ბრალდებულები: გიორგი ტყემალაძე, გიორგი გოგიძე, კობა ტყეშელაშვილი, ნოშრევან წურწუმია, გიორგი გიგაური და ვლადიმერ გეგეშიძე. როგორც მათ წინა სხდომებზე აღნიშნეს, წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

სპორტსმენებს ბრალი წარგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე (ხულიგნობა) მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გეგეშიძეს - ამავე მუხლის მესამე ნაწილით.

22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის - გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის - ორი პოლიციელი.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინციდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენ ვლადიმერ გეგეშიძეს - 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს - კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურსა და გიგა ტყემალაძეს - 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

მომდევნო პროცესი 17 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG