Accessibility links

გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის კუთხით ზუგდიდში არ არის განსხვავებული ვითარება და ის ემთხვევა ქვეყნის მასშტაბით არსებულ რეალობას. ამ მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ბოლო კვლევები უჩვენებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის 37 თვითმმართველ ერთეულში საკვანძო თანამდებობებზე ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი.

ქალაქ ზუგდიდის მერიაში 10 სამსახურიდან ოთხის უფროსია ქალი, 32 განყოფილებიდან კი 10-ის; მუნიციპალიტეტის გამგეობის 10 სამსახურიდან ორის ხელმძღვანელი ქალია, 31 განყოფილებიდან კი 9-ის. ქალაქის საკრებულოს 15 დეპუტატიდან მხოლოდ სამია ქალი, თუმცა მათგან ერთი, ნატალია შეროზია, საკრებულოს თავმჯდომარეა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 45 დეპუტატიდან მხოლოდ 4-ია ქალი.

არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ მცირეა, მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ პოლიტიკური პარტიების პროპორციულ სიებში ქალები ძირითადად ბოლოს არიან მოქცეული, რაც მათ შანსს არ უტოვებს მოხვდნენ გამარჯვებულთა რიგებში.

ამ აზრს იზიარებს „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ციცინო შენგელია, რომელიც 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ამბობს, რომ მაშინ საკუთარ თავზე გამოსცადა ყველა ის სირთულე, რასაც ქალი კანდიდატები აწყდებიან.

„პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში აგებულია იმაზე, თუ ვის უფრო მეტი რესურსი აქვს. სწორედ ამის შესაბამისად იმარჯვებს. ამ უთანასწორო ბრძოლაში ქალებს ყოველთვის ნაკლები რესურსი აქვთ - როგორც ფინანსური, ასევე დროის თვალსაზრისით. ქალებს ვკიდებთ ჩვენ ძალიან დიდ ვალდებულებას - ოჯახი, შვილები... ანუ არ ვუტოვებთ შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ“, - აცხადებს ციცინო შენგელია.

მისგან განსხვავებით, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა შეძლო მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ აბასთუმნის მაჟორიტარმა ედიტა კოდუამ. როგორც მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, თანასოფლელები სხვადასხვა პროექტით და კერძო ბიზნესის დახმარებით მანამდე კარგად იცნობდნენ და წინასაარჩევნო პერიოდში აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადეს:

„როდესაც მე ვაპირებდი მაჟორიტარი გავმხდარიყავი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რატომღაც აღმოვჩნდი პროპორციული სიის მიღმა და არ დამასახელეს მაჟორიტარად. მე არ შევშინებულვარ, დავრეგისტრირდი საინიციატივო ჯგუფიდან. მე მინდოდა დამემტკიცებინა კაცებისთვის, რომ ქალებს შესწევთ ძალა უთანასწორო ბრძოლაშიც მიაღწიონ გამარჯვებას. მე ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვე“, - განაცხადა ედიტა კოდუამ.

მისი თქმით, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ამჯერად უკვე აქვს შემოთავაზებები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან. საკრებულოს წევრის განმარტებით, მართალია, მძიმე შრომის ფასად, მაგრამ პარალელურად ახერხებს იყოს ჩართული ბიზნესსაქმიანობასა და სხვადასხვა პროექტში.

იმ აზრს, რომ წარმატების მისაღწევად ქალს ორმაგი შრომა უწევს, იზიარებს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი ეკა მინჯორაია. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით, კიდევ მეტია გასაკეთებელი, რომ საბოლოოდ კარგი შედეგი მივიღოთ.

„სოციალური უთანასწორობაა. ოჯახი ქალისგან მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, შრომას. დიდი შრომა უწვეს სადაც დასაქმებულია, იქაც. ანუ გარდა პროდუქციული შრომისა, ის ეწევა დიდ რეპროდუქციულ შრომას. ეს უკვე უთანასწორობაა“, - აცხადებს ეკა მინჯორაია.

რესპონდენტები თანხმდებიან, რომ კვოტირების სისტემა ამ ეტაპზე იქნება გამოსავალი. ამბობენ, რომ ეს არ არის იდეალური ფორმა, მაგრამ იქნება ხელის შემწყობი, რათა ქალებსაც ჰქონდეთ მეტი მოტივაცია პოლიტიკაში ჩართვისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG