Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჩუმად და საჯაროდ გახსნილი მაჟორიტართა ბიუროები ზუგდიდში


ზუგდიდი
ზუგდიდი

თითქმის ერთი წელი სრულდება, რაც ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლები, მაჟოროტარი დეპუტატები ჰყავს. ორივე მათგანი პარლამენტის უმრავლესობის წევრია. მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ედიშერ თოლორაიაა, ხოლო ქალაქისა – საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ქვარაია.

ამ დრომდე ზუგდიდელებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ერთი, ქალაქის მაჟორიტარის ბიუროს არსებობა, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ ედიშერ თოლორაიას ბიუროს გახსნის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა, არც მედიას აუწყა ვინმემ. მხოლოდ პარლამენტის ვებ-გვერდზე მითითებული მისამართით ირკვევა, რომ მას ზუგდიდში ბიურო აქვს, გამსახურდიას ქუჩა # 32-ში.

გადმოწერა

თუ რატომ მოხდა ამ ფორმით ბიუროს ამოქმედება ან როგორ მიაწოდეს ინფორმაცია მოქალაქეებს, კითხვა ღიად რჩება, რადგან თავად ედიშერ თოლორაიასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მედიისთვის ცნობილი მისი ტელეფონები გათიშულია. არავინ პასუხობს პარლამენტის ვებ-გვერდზე მაჟორიტართან საკონტაქტო ნომრებზეც.

ზუგდიდში, როგორც მითითებულია, ბიუროს საკონტაქტო პირი ბესიკ ჭეჟიაა, რომელიც „რადიო თავისუფლებასთან“ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. ამბობს, რომ ბიურო უკვე ორი თვეა ფუნქციონირებს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს:

„ბიურო დიდი ხანია უკვე ფუნქციონირებს და მომართვიანობაც არის ჩვეულებრივად. მოგვმართავენ, ზოგიერთი წერილობით, ზოგიერთი ზეპირად. არის კორესპონდენციები, რომელზეც რეაგირება უკვე მოახდინა მაჟორიტარმა“, – განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ, რომელმაც მაჟორიტართან დაკავშირების პირობა მოგვცა.

ის, რომ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარს თურმე ორი თვეა ბიურო აქვს ზუგდიდში, „რადიო თავისუფლებისგან“ შეიტყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა. არჩილ თოდუა აცხადებს, რომ ეს ძალიან უცნაურია იმ ფონზე, როცა მაჟორიტარის ბიუროს ფუნქცია სწორედ ღიაობაა:

„ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თემის მაჟორიტარ დეპუტატს ზუგდიდში ბიურო ჰქონდა გახსნილი, ჩვენ არ ვფლობდით. საჯარო სივრცეში ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ მიგვიღია და არც მედიის საშუალებით. ზოგადად მაჟორიტარის ბიუროს ერთ-ერთი დანიშნულება გახლავთ ის, რომ მან შეისწავლოს მის ტერიტორიაზე მცხოვრებთა პრობლემატური საკითხები და, შესაბამისად, ძალიან ღია და საჯარო უნდა იყოს ბიუროს საქმიანობა და უცნაურია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდა“, – განაცხადა არჩილ თოდუამ.

მისი თქმით, განსხვავებული მდგომარეობაა ამ მხრივ ქალაქის მაჟორიტარის ბიუროში, რომლის გახსნის შესახებ ინფორმაციაც გავრცელდა და მოქალაქეების მიმართვიანობის თუ შეხვედრების შესახებ ცნობები ვრცელდება, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე მედიის საშუალებით.

რაც შეეხება ქალაქის მაჟორიტარს, მერაბ ქვარაიამ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში საკუთარი ბიურო აპრილში გახსნა. მას „ქართული ოცნების“ წევრი ჯონი ჯიქია ხელმძღვანელობს. ბიუროში ოთხი ადამიანი მუშაობს.

„ბიურო არის აქტიური და მოტივირებული, რაც შეიძლება მეტ ხალხს გაუწიოს დახმარება და, შესაბამისად, ეს მეხმარება მე, როგორც დეპუტატს, მაჟორიტარს და, მეორეს მხრივ, ძალიან ეხმარება კომუნიკაციაში და პრობლემების გადაჭრაში საზოგადოებას. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ, დაახლოებით, 700-მდე მოქალაქეს გაეწია კონსულტაცია, 70-ზე მეტი ოფიციალური მიმართვის წერილი გაიგზავნა სხვადასხვა უწყებაში“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ივლისში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა საქმიანობის შესახებ ანგარიშიც წარადგინა, თუმცა მას ამ შეხვედრაზე ოპოზიციამ უსაყვედურა იმის გამო, რომ ანგარიშს, მეტწილად, მისი თანაპარტიელები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ და არა მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG