Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მერია კვლავ წავიდა დათმობაზე გარემოვაჭრეებთან


ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულმა გარემოვაჭრეებმა დილიდან დაწყებული საპროტესტო აქცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. მხარეებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა, რომლის თანახმადაც, ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეები მუშაობას გააგრძელებენ 27 აგვისტომდე.

„ხელისუფლება დათმობაზე წამოვიდა, დაგვაკმაყოფილა. ვიმუშავებთ 27-მდე. 27-ის შემდეგ წყლის კომპანია იმუშავებს ხუთი დღის ვადით და შემდეგ ჩვენ ისევ დავუბრუნდებით სამუშაო ადგილებს“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გარემოვაჭრე მარინა ფარულავამ.

გადმოწერა

შეხვედრას მოვაჭრეებთან ერთად ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები, გუბერნატორი და აქციის მონაწილენი. მოვაჭრეებს მხარდაჭერა გამოუცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.

ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა ვიცე-მერმა. გია გულორდავა ვერ აკონკრეტებს, საბოლოო ჯამში, რა ვადით მიეცათ გარემოვაჭრეებს მუშაობის უფლება. ამასთან, მან ასევე ისაუბრა, რომ აქციის მონაწილეებს შესთავაზეს ფართები ბაზრის სიახლოვეს, ახლადაშენებულ სავაჭრო ცენტრში, მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით კი, გაათავისუფლეს 3 თვით ფართის საგადასახადო ვალდებულებისგან, რაზეც აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ. ვიცე-მერმა პასუხი გასცა მოვაჭრეების ბრალდებასაც, თითქოს ზედამხედველობის სამსახურმა მათი დახლები და სავაჭრო საქონელი ნაგავსაყრელზე გადაყარა:

„რაღაც ნაგებობები, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, გატანილ იქნა სანაგვეზე იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნაგავი. დაახლოებით, 16 სატვირთო მანქანა ნაგავი იქნა გატანილი, საქონელი კი ჩაბარდა ადგილობრივ დაცვის პოლიციას. ეს ადამიანები არიან უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, მათ აქვთ ბანკიდან სესხები აღებული და კიდევ ერთხელ მივდივართ შემხვედრი ნაბიჯით – ვაძლევთ საშუალებას კიდევ ერთხელ, რომ მოაგვარონ ეს პრობლემები, უახლოეს მომავალში მაინც“, – განაცხადა ზუგდიდის ვიცე-მერმა.

მანამდე მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია ბაზართან გამართეს. მათი უკმაყოფილება დილიდან გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სამუშაოდ მისულებს ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოსაზღვრული დახვდათ. ადგილზე ასევე წყალგაყვანილობის სამუშაოებისთვის მზადება იყო დაწყებული და დაყრილი იყო სილა. მოგვიანებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მოთხოვნით, აქციამ მერიასთან გადაინაცვლა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძესა და მოვაჭრეებთან შესახვედრად მისულ გუბერნატორს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან შონიას უსაყვედურა გარემოვაჭრეების პრობლემებისადმი გულგრილობის გამო, რის საპასუხოდ გუბერნატორმა მას „პროვოკატორი“ უწოდა და დასძინა, რომ არ აპირებდა მასთან საუბარს.

„გარევაჭრობა იკრძალება ერთ კონკრეტულ ადგილას, სადაც გარემოვაჭრეები დგანან, მაგრამ გარევაჭრობა არ იკრძალება მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე, სადაც ასევე ექმნება პრობლემა ქალაქის იერსახეს. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ აქ არის მერიის მაღალჩინოსნების კორუფციული დაინტერესება“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ზუგდიდში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციებს მიმდინარე და გასული წლების მანძილზე დროდადრო მართავდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება პერიოდულად მათ უკრძალავდა ბაზრის გარე პერიმეტრზე მუშაობას, თუმცა აქციების შემდეგ ისინი ვაჭრობას აგრძელებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG