Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

9 წლის წინ გაუქმებული ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის საკითხს სპეციალური საბჭო შეისწავლის


ზუგდიდი
ზუგდიდი

განათლებისა და მეცნიერების წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭო, რომლის მიზანიც პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობაა, აპირებს გაარკვიოს, რა მიზეზებით დაიხურა 9 წლის წინ ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯი, სადაც მსმენელებს პროფესიული განათლების მიღება შეეძლოთ.

როგორც ყოფილი კოლეჯის დირექტორმა იზოლდა ხასიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, ეს საკითხი აქტიური განხილვის საგანი გახდა 19 იანვარს თბილისში გამართულ საბჭოს შეხვედრაზე.

იზოლდა ხასიას თქმით, განათლებისა და მეცნიერების წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭოს მორიგ შეკრებას წევრებთან ერთად პარლამენტარები ზაქარია ქუცნაშვილი, მარიამ ჯაში და პროფესიული სასწავლებლების დირექტორები ესწრებოდნენ.

„აქ ვისაუბრეთ ჩვენ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ ორიენტაცია აიღოს პროფესიული განათლების განვითარებისკენ. ჩვენს სასწავლებელთან დაკავშირებით ყველანაირი მასალები გადავეცი მათ, თუ რა მიზეზებით მოხდა მისი დახურვა. ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული მასალები, თუ რატომ დაიხურა 80 წლის ისტორიის მქონე ზუგდიდის პროფესიული სასწავლებელი“, - განაცხადა იზოლდა ხასიამ.

ზუგდიდის ყოფილ პოლიტექნიკურ კოლეჯს პრობლემები 1996 წლიდან დაეწყო, მას შემდეგ, რაც შენობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ყოფილი ფილიალი გადავიდა. როგორც იზოლდა ხასია ამბობს, კოლეჯს უკანონოდ წაართვეს შენობა, შედეგად კი, სტუდენტები სხვადასხვა სასწავლებლებში გადანაწილდნენ. მოგვიანებით დაწესებულებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შესახლდნენ. მათი ნაწილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ახალი ბინით დააკმაყოფილა, ნაწილი კი ამ დრომდე ელოდება ფართის მიღებას.

კოლეჯის ყოფილი დირექტორის თქმით, მზად არიან იმუშაონ დაწესებულების აღდგენაზე იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხარდაჭერა იქნება. მისივე სიტყვებით, საამისოდ უკვე ჩამოყალიბებულია საინიციატივო ჯგუფი იმ ადამიანებისგან, ვისაც გული შესტკივა პოლიტექნიკურ კოლეჯზე.

ამჟამად სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით დიდი მოთხოვნაა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტზე, რომელიც მსმენელებს პროფესიული განათლების კურსებსა და გადამზადების მოკლევადიან პროგრამებს სთავაზობს.

უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ნებისმიერი ასაკის მსურველს სთავაზობენ პროგრამებს 35 მიმართულებით, მათ შორის, აგრარული, სამშენებლო, ტურიზმისა და ჯანდაცვის კუთხით.

ამასთან, უნივერსიტეტს სასწავლო ბაზა აქვს როგორც სენაკში, ასევე ზუგდიდში.

„სენაკში ძირითადად არის აგრარული მიმართულება და ცხრა სპეციალობაში გვაქვს გადამზადება. არის თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბაზა ემსახურება ამ პროგრამებს. ასევე, გვაქვს სადემონსტრაციო ველები. სენაკში ასევე არის ექსტენციის ცენტრი, რომელიც ემსახურება არა მარტო გადამზადებას, არამედ საკონსულტაციო ცენტრიცაა, სადაც ფერმერები მოდიან. დაახლოებით, 2 500 ბენეფიციარია ამ მხრივ გადამზადებული და ჩვენთან მიიღეს მოკლევადიანი ტრენინგები. ზუგდიდის სივრცეში გვაქვს სამშენებლო და ტურიზმის, ასევე ჯანდაცვის მიმართულებები“, - განაცხადა თეონა ხუფენიამ.

მისი თქმით, ძალიან დიდია მსმენელთა აქტივობა და მომართვიანობა. იმ ფონზე კი, როცა სხვადასხვა კუთხით მომუშავე კომპანიები პროფესიონალების დეფიციტს განიცდიან, უნივერსიტეტს თავად დამსაქმებლები მიმართავენ თანამშრომლების მოძიების მიზნით.

რაც შეეხება ყოფილ პოლიტექნიკურ კოლეჯ, მისი აღდგენის შემთხვევაში ყოფილი დირექტორი დარწმუნებულია, რომ მოთხოვნა მასზეც მაღალი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG