Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციულ საზღვარზე დაწესებული გადასახადის გამო აფხაზეთიდან ზუგდიდში თხილი არ შემოდის


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

გასული წლებისგან განსხვავებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში თხილის შემოტანა რეალიზაციის მიზნით მკვეთრად შემცირდა. მიზეზი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. გამშვებ პუნქტებზე დაწესებული გადასახადია - 1 კგ თხილზე 1.30 ლარი. დღეის მონაცემებით, 1 კგ თხილის ჩაბარების ფასი ზუგდიდში 5. 80 ლარია, რაც 1 ლარით მეტია აფხაზეთში არსებულ ფასზე. მიუხედავად ამისა, პირობით საზღვარზე დაწესებული გადასახადის გამო გლეხებს თხილის გადმოტანა არ უღირთ და თითქმის მთლიანი მოსავალი, მცირე გამონაკლისის გარდა, რუსეთის ფედერაციაში გადის. როგორც რადიო თავისუფლებას გალის რაიონის სოფლის მცხოვრებლებმა უთხრეს, თხილის მიმღები პუნქტები რაიონში ბლომადაა, ისინი კაკლის დიდი რაოდენობით დაგროვების შემდეგ ბიზნესმენებს უკავშირდებიან, მათ კი მოსავალი რუსეთში მიაქვთ.

გალელი ბონდო ჯახია, რომელიცზუგდიდში ენგურის ხიდით გადმოდის, ჰყვება, რომ თხილს მესაზღვრის გვერდის ავლით ვერც ერთი მგზავრი ვეღარ გადმოიტანს:

„ერთ კილოზეც ახდევინებენ ფულს... სასწორი დგას ენგურის ხიდზე და ყველა საგუშაგოზე. აქ ხუთი ლარი, ხუთ-ნახევარი ღირს, იქ კი 160 მანეთი ღირს დღეს. აქ გადმოტანა, ფულის გადახდა, ხიდის გადმოსვლა, მერე ტაქსსაც მიეცი... არაფერი დაგრჩება. თხილი ჯერ 10%-ია გაყიდული, თუ ასე იქნა, ვერავინ ვერ გადმოიტანს, იქ ჩააბარებენ და მორჩა“.

გალის რაიონიდან რომ წელს თხილის შემოტანა მკვეთრად შემცირდა, ადასტურებენ ზუგდიდში თხილის მიმღებ პუნქტებში. მაგალითად, ზუგდიდის ცენტრში მდებარე თხილის მიმღები პუნქტის თანამშრომელი მამანტი შეროზია ამბობს, რომ წელს აფხაზეთის სოფლებიდან თხილი საერთოდ არ მიუღია:

„იქ დგანანო, თურმე, ისინი და ადგილზე იბარებენ ქარხნები. ჩვენამდე ვერ მოდის... წელს საერთოდ არ მიგვიღია“.

გარდა თხილის რეალიზაციისა, გალის სოფლებში მცხოვრებთ მის მოგროვებასთან დაკავშირებითაც ექმნებათ პრობლემები.მათ, ვისაც მოსავალი ტონობით აქვს, დამხმარე მუშახელის წაყვანა ზუგდიდიდან უწევს. გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები მანანა უბილავა ამბობს, რომ მათთან სოფელში 10-მდე ზუგდიდელი გადავიდა სამუშაოდ, რომელსაც ყოველდღიურად თხილის მოგროვების საფასურად 5-10 ლარით მეტს უხდიან, ვიდრე ზუგდიდშია:

„დღის განმავლობაში 30-35 ლარს უხდიან. საბუთებს უკეთებენ, პასპორტებს და ისე მიჰყავთ იქეთ. მოწვევასაც უკეთებენ იქედან. ჩვენთან ერთი ათი კაცი კი იქნება ჩამოსული“, განმარტავს მანანა უბილავა.

გალის რაიონიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ზუგდიდში გადატანაზე მკაცრი კონტროლის დაწესების აუცილებლობაზე საუბარი დე ფაქტო ხელისუფლებამ ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო. ინტერნეტგამოცემა „სპუტნიკ-აფხაზიას“ მაშინ გალის რაიონის დე ფაქტო გამგებელმა თემურ ნადარაიამ განუცხადა, რომ „გალი, ფაქტობრივად, საქართველოს დანამატად“ იქცა, სოფლის მეურნეობის წარმოებისა და მისი რეალიზაციის თვალსაზრისით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG