Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისინი, ვინც 2025 წელს გარდაიცვალნენ


ელდარ შენგელაია, მანანა მენაბდე, მახო ხარბედია - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ ცხოვრებიდან 2025 წელს წავიდნენ. რადიო თავისუფლება მათ კიდევ ერთხელ იხსენებს.

რისმაგ გორდეზიანი - მეცნიერი

13 აგვისტოს 85 წლის აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი გარდაიცვალა, 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 30-მდე წიგნის ავტორი.

რისმაგ გორდეზიანი
რისმაგ გორდეზიანი

მეცნიერი ბევრ სფეროს იკვლევდა: ანტიკური ლიტერატურის ისტორია, ბერძნული ცივილიზაცია, მითოლოგია, ჰომეროლოგია... ჰომეროსი განსაკუთრებით უყვარდა. ჰომეროლოგია მისი მიგნებები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამაც აღიარა. ამბობდა, რომ ჰომეროსის მერე სხვა ლიტერატურა შეიძლებოდა არც დაწერილიყოო.

იცოდა ძველი ბერძნული, იტალიური, ლათინური, რუსული, გერმანული. 90-იან წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა არასდროს არსად უმუშავია. შრომის წიგნაკში მხოლოდ თსუ ეწერა.

ის 16 აგვისტოს საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს.

მახო ხარბედია - ლიტერატურათმცოდნე

2 ივნისს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა ლიტერატურათმცოდნე მალხაზ ხარბედია. სხვადასხვა დროს მახო ხარბედია რედაქტორობდა ჟურნალ „ცხელ შოკოლადს“ , ლიტერატურულ ჟურნალ „არილს“, „მარანი-Weekend-ს“.

მალხაზ ხარბედია
მალხაზ ხარბედია

„თითქმის 30 წლის მანძილზე „არილის“ საშუალებით მალხაზ ხარბედია ქართული ლიტერატურის პულსს უსმენდა. ქმნიდა სივრცეს ლიტერატურული ექსპერიმენტებისთვის, აზროვნებისთვის, დისკუსიებისთვის, აღმოჩენებისთვის... მისი წვლილი განუზომელი და, ასევე უხილავია იმაში, თუ როგორი თანამედროვე ლიტერატურაც გვაქვს დღეს. ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ქართველი რედაქტორი, რომელიც, გარკვეულწილად, განსაზღვრავდა ესთეტიკურ ტენდენციებს და ფიქრისა და ძიების ტრაექტორიებს“, - ამბობს „არილის“ ახლანდელი რედაქტორი ლექსო დორეული.

დაახლოებით 15 წლის წინ მისი ინიციატივით დაარსდა „ღვინის კლუბი“, მანამდე კი საიტი vinoge.com. მახო ხარბედიამ საქართველოში დაამკვიდრა საქართველოში ღვინის ჟურნალისტიკა და ღვინის მწერლობა.

ვახტანგ მაჭავარიანი - მუსიკოსი

დირიჟორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი 5 მაისს 74 წლისა გარდაიცვალა.

ვახტანგ მაჭავარიანი
ვახტანგ მაჭავარიანი

1996 წლიდან საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი იყო, 2018 წლიდან კი ფესტივალ „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი. ასევე იყო თბილისის ოპერის მოწვეული დირიჟორიც.

ვახტანგ მაჭავარიანი ჯამში 80-ზე მეტ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობდა, მათ შორის ლონდონის, საფრანგეთის, ბელგიის, შტუტგარტის, ისრაელისა და პეტერბურგის სიმფონიურ ორკესტრებთან.

მუსიკოსს ლექსო თორაძესთან და ოპერის მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან ერთად ხშირად მონაწილეობდა საქველმოქმედო ღონისძიებებში.

2011 წელს დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით.

„რომ შემოდიოდა, ისეთი პეწი შემოჰქონდა, რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე ყოფილიყავი, კარგ ხასიათზე დგებოდი. უყვარდა ჯაზი, დაკვრა, ცოტა ვისკი. უღირსობის წინაშე უკომპრომისო იყო. ძალიან განიცდიდა იმ ყველაფერს, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, უკიდურესად განიცდიდა“, - იხსენებს სცენარისტი და პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე.

ვახტანგ მაჭავარიანი 18 მაისს დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით დაკრძალეს.

ზურაბ წერეთელი - მხატვარი

საქართველოში დაბადებული მოქანდაკე და მხატვარი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა და მთელ მსოფლიოში მიმოფანტული 5 ათასზე მეტი ნამუშევარი - სკულპტურები, მოზაიკები, ნახატები - დატოვა, 22 აპრილს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზურაბ წერეთელი
ზურაბ წერეთელი

მის ნამუშევრებს შორისაა დეკორაციები ბიჭვინთაში, მოზაიკები აფხაზეთში ავტობუსის გაჩერებებზე, პანო თბილისის პროფკავშირების სასახლეზე.

1980 წელს წერეთელი იყო ოლიმპიური თამაშების მთავარი მხატვარი მოსკოვში. 1983 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავად, მოსკოვში „საუკუნო მეგობრობის მონუმენტი“ დადგა.

თბილისში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თავისუფლების მოედანზე წერეთლის წმინდა გიორგის ქანდაკება აღიმართა.

მისი ნამუშევრები მონუმენტურია, სოცრეალიზმისა და აბსტრაქციონიზმის გავლენებით შექმნილი. წერეთელი რუსეთის ათობით პრემიის ლაურეატი და ჯილდოს მფლობელია. იყო სოციალისტური შრომის გმირიც.

ზურაბ წერეთელი 26 აპრილს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მანანა მენაბდე - მუსიკოსი

2 სექტემბერს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მუსიკოსი და მსახიობი მანანა მენაბდე.

მანანა მენაბდე
მანანა მენაბდე

მანანა მენაბდე 1948 წელს დაიბადა მომღერლების, ქართული ქალაქური რომანსის ჟანრის ფუძემდებლების, დები იშხნელების ოჯახში. არასდროს უტარებია პიონერის ყელსახვევი. კომუნისტური ნომენკლატურისგან შორს იდგა. მაშინდელი ინტელიგენციისგან ხასიათითაც გამოირჩეოდა და ჩაცმულობითაც, ეცვა შარვალი, მღეროდა ჯაზს.

თავიდან „რეროსთან“ თანამშრომლობდა, მისი მუსიკა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ გამოიყენა ფილმში „დღეს ღამე უთენებია“.

90-იან წლებში მანანა მენაბდე გერმანიაში გადასახლდა.

„მე ის ტიპი არ ვარ, ჩაძირული გემიდან რომ გარბის. მე რომ სხვა რაღაცა მეკეთებინა იქ და არ გამეგრძელებინა ჩემი ფესვების განვითარება, ეს არ მეცადა, მაშინ შეიძლება კიდევ რაღაცა გეთქვა, მაგრამ მე მთელი ჩემი არსებით ქართულ კულტურას ვემსახურებოდი“, - თქვა მან რადიო თავისუფლებასთან.

სიცოცხლის ბოლო წლებში მანანა მენაბდე ისევ საქართველოში ცხოვრობდა.

დაკრძალეს მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ელდარ შენგელაია - რეჟისორი

ელდარ შენგელაია
ელდარ შენგელაია

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.

„არაჩვეულებრივი გამოფენა", „შერეკილები", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", „თეთრი ქარავანი" - მისი ფილმები ქართული კინოს საუკეთესო ისტორიის ნაწილი და ქართული კულტურული მემკვიდრეობაა. ელდარ შენგელაიას კინო ხალხმა მთელი გულით შეიყვარა. მისი ფილმებიდან ფრაზებს დღემდე ციტირებენ.

ელდარ შენგელაია კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაიასა და მსახიობ ნატო ვაჩნაძეს შვილი იყო

ელდარ შენგელაია იყო საქართველოს მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი. ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

გოგი თოფაძე - პოლიტიკოსი

84 წლის ასაკში გარდაიცვალა გოგი თოფაძე, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, პარტიის, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და საქართველოს რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი.

გოგი თოფაძე
გოგი თოფაძე

1994 წელს გოგი თოფაძემ დააფუძნა შპს „ყაზბეგი“.

ავტორია არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მონოგრაფიისა. მიღებული აქვს „წლის საუკეთესო ბიზნესმენის“ წოდება (1997, 1998 წწ.) და „მეცენატის ოქროს მედალი“ (2005 წ.).

ნიკო ლეკიშვილი - პოლიტიკოსი

3 იანვრის დილას 77 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის ყოფილი მერი და პარლამენტარი ნიკო ლეკიშვილი.

ნიკო ლეკიშვილი
ნიკო ლეკიშვილი

ნიკო ლეკიშვილი დაიბადა 1947 წლის 20 აპრილს. მისი კარიერა საბჭოთა კავშირიდან დაიწყო. უკვე დამოუკიდებელ საქართველოში სამჯერ იყო პარლამენტის წევრი, ასევე - თბილისის მერი 1993-1995 წლებში.

1991 წელს ნიკო ლეკიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

მამუკა ჩარკვიანი - მუსიკოსი

21 აგვისტოს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი.

მამუკა ჩარკვიანი
მამუკა ჩარკვიანი

მამუკა ჩარკვიანი1995 წლიდან ქართული ესტრადის ნაწილია. ასრულებდა საკუთარ სიმღერებს, ძირითადად, მამის – ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე. მისი სიმღერებია: „მაღლა და მაღლა“ „ჩემი აღარა ხარ“, „გაზაფხული“, „ირინოლა“, „ჩამოთოვა ისევ“, „კესანები“, „თავისუფლების ჰიმნი“, „აპრილი“, „დედის ჯერი“.

2014 წელს ფილარმონიის წინ მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი გაიხსნა.

ლევან გაჩეჩილაძე - პოლიტიკოსი

20 აგვისტოს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე.

ლევან გაჩეჩილაძე
ლევან გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძე იყო პარლამენტის წევრი, პრეზიდენტობის კანდიდატი 2008 წელს.

საჯარო ცხოვრება მან 1994 წელს კომპანია „Georgian Wines and Spirits"(GWS)-ის დაფუძნებით დაიწყო.

1999 წელს პირველად გახდა დეპუტატი - 2002 წლამდე ის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წევრი იყო, 2002 წელს კი დავით გამყრელიძესთან პარტია „ახალ მემარჯვენეები“ დააარსა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლევან გაჩეჩილაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო. მიიღო ხმათა 25,7%. ოპოზიცია ამ შედეგს გაყალბებულად მიიჩნევდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მისმა ძმამ, გიორგი გაჩეჩილაძემ, იმავე მომღერალმა „უცნობმა“, ტელეკომპანია „მაესტროზე“ დაიწყო გადაცემა „საკანი #5“. „საკნების ქალაქად“ დედაქალაქი თვეების განმავლობაში იყო გადაქცეული.

ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი - მსახიობი

მსახიობი და რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი 1950 წლის 25 აგვისტოს დაიბადა.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი

მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ხელოვნების აკადემიაში. 1996-1997 წლებში გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, ასევე კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორიც.

მისი დადგმულია: მიშელ ფერმოს: „კარებს აჯახუნებენ“, მიხეილ მრევლიშვილის: „წამება დედოფლისა“, ილია ჭავჭავაძის: „განდეგილი“, გურამ დოჩანაშვილის: „აღდგენითი სამუშაოები“, ნოდარ დუმბაძის: „ასტვაც ინჩუ ჰამარ“, გურამ დოჩანაშვილის: „ჰარალეთი, ჰარალეთი“ და სხვა.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი 1 მარტს, 74 წლისა გარდაიცვალა.

ვაჟა ხორნაული - პოეტი

„ბედნიერება, როგორც წაწალი, იყო და თანაც არ იყო ჩემი“, - ამ სიტყვები ავტორი, ვაჟა ხორნაული დუშეთის რაიონ, სოფელ კაწალხევში დაიბადა, 1948 წლის 4 აგვისტოს.

ფილოლოგი იყო და სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც მასწავლებლად, ასევე გამომცემლობებში.

„ვაჟა ხორნაულის პოეზიის ძირითადი ხაზი მინიმალიზმია. ეს სტილი ჯერ კიდევ კარგად არ არის შეფასებული. ასევე, წერდა ლექსებსა და პოემებს მთის ბავშვების ყოფაზე. საკმაოდ მოკრძალებული და მარტოსული ადამიანი იყო. ძალიან პროდუქტიული პოეტი, ბევრი წიგნი აქვს გამოცემული. მიუხედავად ცუდი ჯანმრთელობისა, ბოლომდე წერდა“, - ამბობს პოეტი მარიამ წიკლაური.

„დერეფანში ვიღაცა დადის
და ნაბიჯების ხმაზე ეტყობა,
რომ არც მომავალში
დაინდობს დარდი…“ (ვაჟა ხორნაული)

ვაჟა ხორნაული 21 დეკემბერს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინგა თევზაძე - მოცეკვავე

ინგა თევზაძე 1961 წლიდან ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის (ახლანდელ ქართული ნაციონალური ბალეტი) სოლისტი იყო.

„სუხიშვილების“ მოცეკვავე ინგა თევზაძე 1941 წლის 30 ივლისს დაიბადა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მის მიერ შესრულებული: სიმდი, ხონგა, აჭარული. 1990 წელს ანსამბლის ბალეტმაისტერი გახდა.

ინგა იყო თენგიზ სუხიშვილის მეუღლე, ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა.

გარდაიცვალა 24 დეკემბერს, 84 წლის ასაკში.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG