აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის დროს ლიდერები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობაზე დაბრუნდა.
მხარეებმა „ხაზი გაუსვეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ისტორიულ როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლისკენ მიმართული შეთანხმებების ხელშეწყობაში, რომლებიც გასული წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში იქნა მიღწეული“.
ამასთან, პრეზიდენტმა ალიევმა:
- „ისაუბრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე;
- ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა უკვე დამყარებულია და აღნიშნა, რომ ეს, სხვა საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაშიც აისახება;
- ამ მხრივ, მან ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტზე, ასევე იმპორტირებული მარცვლეულის ტრანზიტზე სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით“.
ამავე წყაროს თანახმად, მათ ხაზი გაუსვეს - ადმინისტრაციის სიტყვებით - „ზანგეზურის დერეფნის, მათ შორის პროექტ TRIPP-ის მნიშვნელობას რეგიონული კავშირებადობის გაძლიერების კუთხით“ [სომხეთი ტერმინ „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენებას აპროტესტებს].
შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც ლიდერებმა, - კიდევ 16 ქვეყნის ლიდერებთან ერთად, - ხელი მოაწერეს „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას. პირისპირი შეხვედრის დროს ამ საკითხზეც ისაუბრეს.
კერძოდ, ალიევის ადმინისტრაციის ცნობით, „აზერბაიჯანის, როგორც დამფუძნებელი წევრი სახელმწიფოს, მოწვევა მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელ წევრად შეფასდა, როგორც აზერბაიჯანისა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და აზერბაიჯანის წვლილის ნათელი ასახვა გლობალური მასშტაბით მშვიდობის ხელშეწყობაში“.
„პრეზიდენტებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე, ხაზი გაუსვეს ორმხრივი ვიზიტებისა და სხვადასხვა დონეზე კონტაქტების მნიშვნელობას თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით“, - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.
- დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა 20 იანვარს თქვეს, რომ ტვირთები სომხეთიდან აზერბაიჯანში და უკან, რაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიით გადაადგილდება, მომავალში პირდაპირ გადაიზიდება ორ ქვეყანას შორის (ამჟამად ასეთი ტვირთების მოცულობა მცირეა).
- დავოსის ეკონომიკურ ფორუმში საქართველო არც წელს არ მონაწილეობს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 2025 წლის მსგავსად, არც წელს არ მიიწვიეს.
- 2026 წლის 13 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება“.
- დოკუმენტით ირკვევა, რომ დაგეგმილია შეიქმნას „TRIPP-ის განვითარების კომპანია“, მოკლედ - TDC, რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს.
ფორუმი