ამჟამად ასეთი ტვირთების მოცულობა ძალიან მცირეა.
ლიდერები ასევე საუბრობენ სამომავლოდ ტვირთების პირდაპირ ბრუნვაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სომხეთს, სომხეთსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის.
პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ ახალი დერეფანი საქართველოზე გამავალ დერეფანს დაემატება.
მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებმა 20 იანვარს დავოსში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად.
რა თქვა სომხეთის პრეზიდენტმა
ვაჰაგნ ხაჩატურიანმა იმედი გამოთქვა, რომ ტვირთები - რაც ამჟამად აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით გადაიზიდება - მომავალში პირდაპირ ორი ქვეყნის ტერიტორიებს გაივლის.
„ორი და ერთი წლის წინ დაუჯერებელი იყო, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. ახლა სომხეთის რესპუბლიკას შეუძლია აზერბაიჯანიდან ტვირთების მიღება საქართველოს ტერიტორიის გავლით“;
„დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ამ ტვირთის მიღებას შევძლებთ პირდაპირ ჩვენი ტერიტორიების გავლით. [დარწმუნებული ვარ] ბაქოდან, აზერბაიჯანიდან სომხეთში, ასევე ნახიჩევანიდან სომხეთში შესაძლებელი იქნება პირდაპირი ტრანსპორტირება და ჩვენ შევძლებთ 90-იან წლებში შექმნილი პრობლემების დაძლევას“, - განაცხადა მან.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ორივენი წინ ვიყურებით“, - დასძინა პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა.
რა თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა
ილჰამ ალიევმა მოდერატორის კითხვაზე, როგორ ხედავს „რთულ, შერყეულ, მყიფე გლობალურ ლანდშაფტში ევრაზიის როლს“, განაცხადა:
„ევრაზია ძალიან დიდი გეოგრაფიული არეალია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონსა და უშუალო სამეზობლოზე ვფიქრობთ. ძალიან მიხარია, რომ დამოუკიდებლობის წლებში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა მეზობელთან, რა თქმა უნდა, გარდა სომხეთისა, - ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო“;
„თუმცა ახლა, მას შემდეგ, რაც მშვიდობა დე ფაქტო დამყარდა, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები. აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა შეზღუდვა სომხეთში ტვირთების ტრანსპორტირებაზე - ყაზახეთიდან, რუსეთიდან - და ახლა ჩვენ მივიღეთ სომხური მხარის მოთხოვნა სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ. ასე რომ, ჩვენ ფაქტობრივად ცალმხრივად გავხსენით დერეფნები“;
„დიახ, ტრანსპორტირება საქართველოზე გადის, მაგრამ ერთ დღეს ის სომხეთზე გაივლის. ერთ დღეს სომხეთი [სომხური ტვირთები - რედ.] პირდაპირ გაივლის აზერბაიჯანზე და ეს დღე არც ისე შორსაა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
2025 წლის 18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა საქართველოს გავლით.
„რაც მეტია მარშრუტი, მით უკეთესია“ - ალიევი
„ჩვენ ძალიან მჭიდრო ალიანსი დავამყარეთ თურქეთთან, რომელიც მოძმე ქვეყანაა და თურქეთში უზარმაზარი ინვესტიციები გვაქვს. ჩვენი ინვესტიციები თურქეთში 20 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და ასევე ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში“.
„TRIPP-ისა და შეერთებული შტატების მიერ ამჟამად მიმდინარე კავშირებადობის პროექტის მეშვეობით, ჩვენ შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზიიდან კასპიის ზღვის გავლით, აზერბაიჯანის, სომხეთის, აზერბაიჯანის ნაწილის - ნახიჩევანის - თურქეთის გავლით და მეტიც, ევროპის მიმართულებით იქნება გადაჭიმული, - დამატებით საქართველოზე გამავალი დერეფნებისა“.
„რაც მეტია მარშრუტი, მით უკეთესია მომხმარებლებისთვის, მომწოდებლებისთვის და სატრანზიტო ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
- 13 იანვარს, სამშაბათის საღამოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება“.
- დოკუმენტით ირკვევა, რომ დაგეგმილია შეიქმნას „TRIPP-ის განვითარების კომპანია“, მოკლედ - TDC, რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს.
- ხაზგასმულია, რომ პროექტის წარმატება დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის „მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე“, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების „სრულ ნორმალიზაციაზე“, აშშ-ის ჩართულობაზე, რეგიონულ თანამშრომლობასა და სტაბილურობაზე და სომხეთის ინსტიტუტების ეფექტურობაზე.
- 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.
- ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
ფორუმი