თითქოს ალისა ლიუ - ეს მხიარული, სიცოცხლით სავსე გოგონა - დასავლური სამყაროს შვილია, ადელია პეტროსიანი კი, რომელიც შეჯიბრებაში ჩართეს ნეიტრალური ათლეტის სტატუსით - „საბჭოთა გადმონაშთი“, აღზრდილი სკოლაში, სადაც ბავშვებისგან ჯარისკაცებს ქმნიან. ვფიქრობ, ეს მეტისმეტად სწორხაზოვანი დაყოფაა. სინამდვილეში, სახეზეა ორი მენტალობა, რომლებიც არც დასავლეთისთვისაა უცხო და არც აღმოსავლეთისთვის. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით - თავისუფალ სამყაროში საზოგადოებას აქვს საშუალება (ჯერ კიდევ აქვს!), კრიტიკული იყოს ფანატიზმის ყველანაირი გამოვლინების მიმართ და საყვარელი სპორტსმენის მარცხი ტრაგედიად არ აღიქვას, ხოლო იქ, სადაც ადამიანი „ხალხის სახელით“, „სამშობლოს სახელით“, „პარტიის სახელით“ გამოდის, დიდია შანსი მისი გაკიცხვისა.
უამრავ ადამიანზე შოკივით იმოქმედა პეტროსიანის ინტერვიუმ, რომელიც შეჯიბრების დასრულების შემდეგ გადაიღეს. 18 წლის ლამაზმა გოგონამ განაცხადა, რომ რცხვენია სამშობლოს წინაშე! ფედერაციის წინაშე! წარმოგიდგენიათ? მრცხვენიაო, ამბობს ახალგაზრდა ადამიანი... რცხვენია.
იმ ფედერაციისა და ქვეყნისა, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა, შეაშინა, გარკვეული თვალსაზრისით, დაემუქრა კიდეც. „ჩვენ დაგვასანქცირეს, ჩვენ მთელი მსოფლიო გვებრძვის, ადელია. ახლა ჯერი შენზეა, უნდა დაამტკიცო, რომ ჩვენი დამარცხება შეუძლებელია, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ! რუსეთი ყველაზე მაგარია!“ - აი, ასეთი მოწოდებით გაუშვეს პეტროსიანი მილანში იმის იმედით, რომ ადელია „ულტრა-სი“ ელემენტებს შეასრულებდა (2 წლის წინ ხომ ხტებოდა?) და ავტორიტეტს შეუნარჩუნებდა იმ რუსულ სკოლას, სადაც შეშინებული კიბორგი-ბავშვები ოთხმაგ ნახტომებს ატრიალებენ, მაგრამ მალევე იზრდებიან, სხეული ეცვლებათ, წონაში იმატებენ, ვეღარ ხტებიან... მერე კი იკარგებიან. ერთ წელიწადში ისინი აღარავის ახსოვს.
ამავე დროს, ადელია პეტროსიანი საბჭოთა სკოლის მემკვიდრეა - იმ სკოლისა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ამაყობდა 3 სპორტული წყვილის ერთდროული გალა-ნომრით; ძალიან მაღალი ბიჭი და ძალიან დაბალი გოგო უაღრესად სინქრონულად ცეკვავდნენ ყინულზე. ეს იყო „ერთნაირობის კულტის“ ეპოქა საბჭოთა სპორტში და საერთოდ, საბჭოთა კულტურაში. სპორტსმენი განიხილებოდა ჯარისკაცად, რომელიც მწყობრად მიაბიჯებდა.
მილანში 17 წლის ჯარისკაცი გოგონა დამარცხდა. 66 წლის მანძილზე პირველად, რუსები ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩნენ. ადელიას მოუგეს მსუბუქმა და მხიარულმა იაპონელებმა. და, რაც მთავარია, ადელია დაამარცხა მისმა ანტიპოდმა, ალისა ლიუმ, გოგონამ, რომელსაც ასევე შეიძლებოდა გაეზიარებინა რუსი „კიბორგების“ ბედი, იმ გარემოში რომ აღმოჩენილიყო, რომელშიც პეტროსიანი გაიზარდა.
ალისა 16 წლის იყო, როდესაც პეკინის ოლიმპიადაზე მეექვსე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ სპორტზე გული აუცრუვდა, ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ პოდიუმზე არ იყო. რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო - თავი დაანება სრიალს და კალიფორნიის კოლეჯში ფსიქოლოგიის სწავლა დაიწყო. ამასობაში გაიზარდა, ამასობაში სხეული შეეცვალა, იცხოვრა მკაცრი კონტროლის სისტემის გარეთ, ეზიარა თავისუფლებას და დაბრუნდა არა როგორც წესრიგისა და დისციპლინის “ნიმუში”, არამედ როგორც ზრდასრული ადამიანი არჩევანის უნარით და შესაძლებლობით. მერე რა, რომ მისი სხეული არ შეესაბამება “მარადიული გოგონას” არქეტიპს. ალისა ლიუ - ეს არის ახალგაზრდა ქალის სხეული, რომელსაც აქვს ფორმები, ძალა, ხასიათი… ესაა სწორედ კულტურული ცვლილება, რომელმაც მილიონობით ადამიანი გაახარა.
მილანის ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ერთმა მისმა თაყვანისმცემელმა დაწერა, ალისა იმ ჩემს თანაკლასელს მაგონებს, რომელიც ამბობდა, რომ „საერთოდ მოუმზადებელია საკონტროლოსთვის“, მაგრამ ყოველთვის იღებდა უმაღლეს შეფასებასო. ალისა ბედნიერია გამოსვლის წინ, ბედნიერია გამოსვლის დროს, ბედნიერია პროგრამის დასრულების შემდეგ. ამ შემთხვევაში სპორტი მოკლებულია პათეტიკურ პატრიოტიზმს... სპორტსმენი იმარჯვებს მეტოქეების დამცირების გარეშე, უფრო ძლიერის მიმართ გაბოროტების გარეშე... ასეთ სპორტს სიხარული მოაქვს. ხომ გახსოვთ, როგორ შეხვდნენ ალისას მწვრთნელები მის გამარჯვებას? ტიროდნენ, იცინოდნენ, ეხუტებოდნენ ერთმანეთს. ეს არ იყო საკუთარი სკოლის უპირატესობის დემონსტრირება მსოფლიოს წინაშე... ეს იყო, უბრალოდ, საყვარელი ადამიანის სიხარულის გაზიარება. სხვათა შორის, ზუსტად იგივე სურათი განმეორდა ბიჭების შეჯიბრების დასრულების შემდეგ, როცა დამარცხებული მეგავარსკვლავი, ილია მალინინი, პირველი მივიდა დაბნეულ გამარჯვებულთან, მიხეილ შაიდოროვთან, გადაეხვია და გამარჯვება მიულოცა.
აი, ესაა განსხვავებული მენტალიტეტი და ადამიანის აღზრდის განსხვავებული სისტემა, რომელიც ჯერ მხოლოდ ინერგება ჩვენში და, დიდი იმედი მაქვს, აუცილებლად დამკვიდრდება, თუკი „ერთნაირობის“ კულტისგან საბოლოოდ გავთავისუფლდებით („ვერტიკალურ მმართველობაზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ)... ალისას ამ მხრივ მამა დაეხმარა, „ტიანმენის აჯანყების“ აქტივისტი. ჩინეთში სტუდენტური ბუნტის ჩახშობის შემდეგ, მან ამერიკაში გაქცევა მოახერხა და გაზარდა 5 შვილი, რომლებიც სუროგაციის გზით დაიბადნენ. მამა ამბობს, რომ იცოდა, როგორ უჭირთ ემიგრანტების ოჯახებში „მოარგონ სხეულები“ ახალ რეალობას და კომფორტულად იგრძნონ თავი უცხო გარემოში... მასაც გაუჭირდა, მაგრამ შეძლო და თავისუფლების სიყვარული და სხეულის მართვის უნარი ასწავლა თავის შვილებს.
მილანის ოლიმპიადაზე, ქალთა სახეობაში შეჯიბრებაზე ჩვენ თავისუფლების და მონობის ორი მაგალითი ვიხილეთ. ალისა ლიუ, პირსინგებითა და ზოლიანი ვარცხნილობით. გოგო, რომელსაც არც ოთხმაგი ნახტომები არ შეუსრულებია, არც ეს ყბადაღებული სამ-ნახევრიანი აქსელი... ალისა, რომელიც სრიალებდა როგორც დისკოთეკაზე, და ადელია, რომლის ლამაზ სახეზე თითქმის არანაირი ემოცია არ ჩანდა. არადა ტანგოს სრიალებდა - წესით, მაყურებელთან უნდა “ეფლირტავა”! არა, არც ღიმილი, არც კეკლუცობა… იმდენად კონცენტრირებული და დაძაბული იყო, რომ ხელოვნური გაღიმების თავიც კი არ ჰქონდა. პასუხისმგებლობის სიმძიმე აშკარად ანადგურებდა ახალგაზრდა გოგოს, რომელმაც იცოდა, ცოტა ხანში ამავე მოედანზე გამოვიდოდა მისი ამერიკელი მეტოქე ერთი, კონკრეტული გზავნილით, დაახლოებით ასეთით - ნურავის მისცემთ უფლებას, დაგაძალონ ის, რაც არ შეგიძლიათ. ნუ დაამცირებინებთ ნურავის თავს. მშვიდად მიჰყევით თქვენს მიზანს. ისიამოვნეთ იმით, რასაც აკეთებთ. ასიამოვნეთ თქვენი სხეული!
ფორუმი