Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოში მესამე საჩივარი გაიგზავნა - ამჯერად არასათანადო მოპყრობის შესახებ

რას მოიცავს მზია ამაღლობელის სახელით საიას მიერ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი მესამე საჩივარი
რას მოიცავს მზია ამაღლობელის სახელით საიას მიერ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი მესამე საჩივარი

საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) აცხადებს, რომ დაპატიმრებული ჟურნალისტის, სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოში მესამე საჩივარი გაგზავნეს - ამჯერად არასათანადო მოპყრობის შესახებ.

საიას თავმჯდომარე თამარ ონიანმა ორშაბათ დილას, 9 მარტს განაცხადა, რომ საქმე ეხება 2025 წლის 12 იანვარს, ღამით განვითარებულ მოვლენებს.

საიას განცხადებით, იმ ღამით, 1 საათზე, აჭარის პოლიციის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შემდეგაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო.

გინება, მუქარა, არასათანადო მოპყრობა

თამარ ონიანმა მოკლედ ასე აღწერა საჩივრის დეტალები:

  • „პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას, ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსი, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ემუქრებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებით“;
  • „მან ეზოში ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს“;
  • „მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაშიც გაგრძელდა“.

ონიანმა დასძინა, რომ გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით.

„იგი ადვოკატების თანდასწრების გარეშე გაჩხრიკეს და ხელბორკილები დამცირების მიზნით ზურგს უკან დაადეს, - იმის გათვალისწინებით, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა“, - თქვა ონიანმა.


საჩივრის 4 ასპექტი

საია მიიჩნევს, რომ ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული უფლებები, - და სწორედ მათ დარღვევაზე იდავებს სტრასბურგში. კერძოდ:

  • მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი, - წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც გულისხმობს დისკრიმინაციის აკრძალვას;
  • მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი - რომელიც გულისხმობს არაეფექტიანი გამოძიების წარმოებას მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც გულისხმობს დისკრიმინაციის აკრძალვას;
  • მე-8 მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
  • მე-13 მუხლი - სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება, მე-3 მუხლთან ერთობლიობაში.

ეს ამაღლობელის მესამე საჩივარია სტრასბურგში

„ამ დრომდე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება“, - განაცხადა ონიანმა.

მისი თქმით, საგამოძიებო უწყებამ შეისწავლა „მხოლოდ პოლიციის დეპარტამენტის ერთი შესასვლელის ვიდეოჩანაწერი, საიდანაც მზია ამაღლობელი შენობაში საერთოდ არ შეუყვანიათ“.

ევროპულ სასამართლოში უკვე შეტანილია და, საიას ცნობით, განხილვის ეტაპზეა ორი საჩივარი მზია ამაღლობელის საქმეზე:

  1. პირველი ეხება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას (იგივე „წინასწარ პატიმრობას“) პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო;
  2. მეორე კი ეხება მის მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).

  • 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
  • იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა;
  • პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG