ირანელი მწერლები, კინორეჟისორები და კულტურის სხვა მოღვაწეები შეუერთდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო პროტესტს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზრდის წინააღმდეგ. ისინი იყენებენ ჰეშტეგს „არ დასაჯოთ სიკვდილით“ და აკრიტიკებენ სიკვდილით დასჯის კვლავაც გამოყენებას, რასაც მიმართავს ირანის ხელისუფლება პოლიტიკური პროტესტის ჩასახშობად, რომელიც მასობრივ გამოსვლებს მოჰყვა. ამ გამოსვლებმა მთელი ქვეყანა შეარყია იანვარში.
28 ივლისს ორი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შემდეგ, რაც საჯაროდ ჩამოხრჩობის პირველი შემთხვევა იყო მიმდინარე წელს, მწერალმა და რომანისტმა ჰოსეინ სანაპურმა დაგმო ეს ფაქტი. მან გააკრიტიკა, მისი სიტყვებით, გაუმჭვირვალი სასამართლო პროცესები და განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩაახშოს მასობრივი უკმაყოფილება იანვრის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ.
ირანის სასამართლო ხელისუფლებამ 28 ივლისს ისპაანში სიკვდილით დასაჯა ადოლფაზლ სეფაჰი ბადჯანი და ამირჰოსეინ საფარი ჰოსეინაბადი. ორივე მამაკაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს იანვრის საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს დაიწყო ომი აშშ-სთან და ისრაელთან, ირანში შეინიშნება იმ ადამიანების სიკვდილით დასჯის შემთხვევების მკვეთრი ზრდა, რომლებიც, უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, პოლიტპატიმრები არიან - დემონსტრანტებიდან დაწყებული, აკრძალული ორგანიზაციების სავარაუდო წევრებითა და ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირებით დამთავრებული.
29 ივლისში ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებაში სანაპურმა მსგავსი შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯა ხორციელდება მიუხედავად ფართოდ გავრცელებული შეშფოთებისა და სირთულეებისა, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარებითაა გამოწვეული.
„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს სიტყვებს გაიგებენ და მათ შედეგი მოჰყვება, რათა იცოდნენ, რამდენად მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ამ პროცესებს, სასამართლოს, სიკვდილით დასჯას, ჩვენ ვამბობთ: არ დასაჯოთ სიკვდილით“, დაწერა სანაპურმა.
მსახიობმა და რეჟისორმა ჰომაიუნ ღანიზადემ ასევე გააკრიტიკა სიკვდილით დასჯის კვლავ და კვლავ გამოყენება კრიზისის პერიოდში. მან სარკასტულად დაწერა სოციალურ მედიაში, რომ თუკი ომმა, სიღატაკემ, შეზღუდვებმა, პატიმრობამ და სხვა ფაქტორებმა არ იმოქმედა საზოგადოებაზე, „სიკვდილით დასჯის, განსაკუთრებით საჯაროს, შესახებ ცნობა“ თითქოს იმედს და სიხარულს მოიტანდა.
ღანიზადემ განაცხადა, რომ სასიკვდილო განაჩენის აღსრულება არის კულმინაცია სისტემისა, რომელიც უკვე დაღდასმულია ომით, ეკონომიკური სირთულეებით, სანქციებით, შეზღუდვებითა და სოციალური წნეხით.
ირანელმა უფლებადამცველმა ჰასან ნაებ ჰაშემმა, რომელიც ევროპაში ცხოვრობს, ასევე გააკრიტიკა სიკვდილით დასჯა და ირანის ხელისუფლების ქცევა ამ საქმეებთან დაკავშირებით.
მან კომენტარი გააკეთა ცნობაზე იმის თაობაზე, რომ ხალხი შეიკრიბა ისპაანში, მალექშაჰრში, სიკვდილით დასჯის ადგილზე. მან რადიო თავისუფლების სპარსულენოვან რედაქციას, „რადიო ფარდას“ უთხრა, რომ, მისი აზრით, საპროტესტო გამოსვლების მომსწრეთა იქ ყოფნამ შეზღუდა ხელისუფლების შესაძლებლობები, გააკონტროლოს საზოგადოებრივი აზრი სიკვდილით დასჯის შესახებ.
„საჯაროდ სიკვდილით დასჯა გაუქმდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ბევრგან, სადაც ჯერაც შენარჩუნებულია სიკვდილით დასჯა,“ თქვა ჰაშემმა. „ისლამური რესპუბლიკა მათ ატარებს, რათა წარმოშვას მეტი შიში, რათა კიდევ უფრო დააშინოს საზოგადოება. ამავე დროს ის იმედოვნებს, რომ ამ საჯარო სანახაობებით მოახდენს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას“.
„მაგრამსიკვდილით დასჯის წინააღმდეგ მიმართული დღევანდელი საპროტესტო აქციები მასობრივი იყო“, დასძინა მან. „სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ მთავრობამ ვერ მიაღწია თავის მიზანს, მოეზიდა მხარდამჭერები ამ აქციაში“.
კულტურის სხვა მოღვაწეები, მათ შორის მოსტაფა ალ-აჰმადი, რეზა დარმიშიანი და ალი აჰმადზადე, ასევე შეუერთდნენ 28 ივლისის სიკვდილით დასჯის კრიტიკას და გააზიარეს შეტყობინებები, რომლებიც დაკავშირებულია კამპანიასთან „არ დასაჯოთ სიკვდილით“.
ირანულმა მედიამ სწრაფად მონათლა ხელოვანები „სამშობლოს მოღალატეებად“ მთავრობის წინააღმდეგ განცხადებების გამო.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) მჭიდრო კავშირში მყოფმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა 29 ივლისს დაწერა, რომ „ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვაქციოთ ზურგი პირფერობას, დაპირისპირებასა და ოპორტუნიზმს“ ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაში.
სტატიაში ისინი დაადანაშაულეს „ტერორისტებისადმი თანაგრძნობაში“ და დაწერეს, რომ სასამართლომ და უსაფრთხოების სამსახურებმა უნდა „გამოიძახონ, გაასამართლონ და დააპატიმრონ ზოგიერთი მათგანი“ და „გამოააშკარაონ იმ ცნობილი ადამიანების არგუმენტები, რომლებიც იცავენ თავიანთ დამპალ და ფუყე იდეებს, რათა მათ პატივი აეყაროს და ღირსება აღარ შერჩეთ“.
კამპანია „არ დასაჯოთ სიკვდილით“ პირველად ინტერნეტში გამოჩნდა 2020 წელს, როგორც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ მიმართული სამოქალაქო მოძრაობა. ის გაჩნდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებს სასიკვდილო განაჩენები გამოუტანეს. ის არაერთხელ ჩნდებოდა ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზრდის პერიოდებში.
Iran Human Rights group-მა (IHRNGO) ასევე დაგმო სიკვდილით დასჯა, ხოლო მისმა დირექტორმა, მაჰმუდ ამირი-მოღადამმა, განაცხადა, რომ ხელისუფლება საჯაროდ ჩამოხრჩობას იყენებს „საზოგადოებაში შიშის დასათესად და მომავალი საპროტესტო აქციების თავიდან ასაცილებლად“.
IHRNGO იტყობინება, რომ ისპაანში სიკვდილით დასჯის ადგილის მახლობლად უამრავი ადამიანი შეიკრიბა მკვლელობების შესაჩერებლად და რომ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა მათ წინააღმდეგ.
ისპაანში საჯაროდ სიკვდილით დასჯის შემდეგ სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოები და შეტყობინებები, სავარაუდოდ, ასახავს პროტესტისა და გლოვის ნიშნად შეკრებილ ადამიანებს, თუმცა დემონსტრაციების მასშტაბის დამოუკიდებლად დადასტურება შეუძლებელია.
ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ათობით ადამიანს წაუყენეს ბრალდება იანვარში ირანის ქალაქ ისპაანში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) პოლკოვნიკი მოკლეს.
ბოლო მონაცემებით, ირანში წელს ამ მომენტამდე სიკვდილით დასაჯეს 428 ადამიანი, რომელთაგან ბევრს იანვრის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი.
ადამიანის უფლებების დამცველმა ჯგუფებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოთქვეს სასამართლო პროცესების სამართლიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის იძულებით აღიარებებისა და სათანადო სასამართლო პროცესზე შეზღუდული წვდომის თაობაზე.