Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში უკვე 1700 ტონა ბენზინი შევიდა - აძლიერებს ნდობას თუ საოკუპაციო რეჟიმს?

კოლაჟი: ენგურის ხიდზე დადგმული ომის საწინააღმდეგო ცნობილი სკულპტურა და საწვავის ჩასასხმელი „პისტოლეტი“
კოლაჟი: ენგურის ხიდზე დადგმული ომის საწინააღმდეგო ცნობილი სკულპტურა და საწვავის ჩასასხმელი „პისტოლეტი“

აგვისტოში აფხაზეთში მოხმარებული ბენზინის თითქმის 20% ენგურის ხიდის გავლით შევიდა, დანარჩენი კი რუსეთიდან.

საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში გასულ თვეში 1700 ტონამდე ბენზინი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა.

„სოლიდუსის” ბენზინის ძირითადი ნაწილი, 1175 ტონა (69%), 95-ე ოქტანობის (პრემიუმი) იყო, ხოლო 523 ტონა (31%) - 92-ე ოქტანობის (რეგულარი).

მიწოდება ენგურის ხიდის გავლით სექტემბერშიც გრძელდება.

მას შემდეგ, რაც „რეპსოლმა“ („ქონექთი“) “სოლიდუსთან” თანამშრომლობაზე უარი თქვა, კომპანია აღარ აკონკრეტებს, ვისგან ყიდულობს საწვავს, რომელიც, როგორც თავად ირწმუნება, „განკუთვნილია აფხაზეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოხმარებისთვის“.

„ბენზინი აქციზური საქონელია და მისი მიწოდება ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საწვავი, ისევე როგორც სხვა საქონელი, შესყიდულია საქართველოში, ქართველი მომწოდებლებისგან, ხოლო ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ ლარში“, - ამბობენ კომპანიაში.

„უნიკალური შედეგი” - ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკრაინაში ომმა თბილისს სოხუმთან ვაჭრობის კუთხით „უნიკალური შედეგი“ მოუტანა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2012-2016 წლებში დაიწყო, როდესაც შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თავად იყო.

„ახლა აფხაზები საჯაროდ, ღიად, პრობლემების გარეშე ყიდულობენ ქართულ პროდუქციას. ეს პროდუქცია ნაყიდია სადღაც, „გაქართულდა“, მას აქციზი ემატება და შედის აფხაზეთის ტერიტორიაზე. აქციზის ფულს აფხაზები იხდიან. ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა, რომ ისინი ქართულ ბიუჯეტს ავსებდნენ“.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთიდან შეტანილი უხარისხო ბენზინის ფონზე, აფხაზები მზად არიან, ქართული კომპანიის მიერ მიწოდებულ „ხარისხიან ბენზინში მეტი გადაიხადონ“.

კონფლიქტოლოგი ვარაუდობს, რომ რუსეთსა და აფხაზეთში დეფიციტი გაგრძელდება, მათ შორის სოჭის ნავთობბაზაზე უკრაინული შეტევების ფონზე.

„ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, უნდა აიღონ ქართული პროდუქტი. და როცა ბენზინს იღებენ, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მაშინ პომიდვრისა, კიტრისა და ატმის აღებაც უფრო იოლი იქნება, რომლებსაც არ აწერია, რომ ქართულია“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

2007 წელს, აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის განკარგულებით, საქართველოსთან „საზღვარზე“ ტვირთების გადაადგილება სრულად აიკრძალა.

2023 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ასლან ბჟანიას მიერ შეტანილი ცვლილების შედეგად, ენგურის ხიდის გავლით შესაძლებელი გახდა გარკვეული პროდუქციისა და საქონლის გადატანა, მათ შორის ნერგების, სათესლე მასალების, შინაური ფრინველისა და პირუტყვის საკვების, სოფლის მეურნეობის ტექნიკისა და დანადგარების, საავტომობილო ტრანსპორტის, მისი ნაწილებისა და ზეთების.

„სოლიდუსს“ საქართველლს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საწარმოს სტატუსი 2022 წელს მიენიჭა და ორჯერ, 2023 და 2026 წლებში, გაუგრძელდა. კომპანიის მიერ წლების განმავლობაში აფხაზეთში შეტანილი პროდუქცია ძირითადად ემთხვევა ბჟანიას განკარგულებით დაშვებული საქონლის ჩამონათვალს. მათ შორისაა საკვები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ნერგები, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო საქონელი, ასევე ავტომობილების ზეთები და სათადარიგო ნაწილები.

„დაშვებული“ პროდუქციის სიაში ბენზინი არ იყო. უცნობია, გამოიცა თუ არა სოხუმში რაიმე „სამართლებრივი აქტი“ საწვავის შესატანად და იხდიან თუ არა კომპანიები, რომლებიც „სოლიდუსისგან“ ბენზინს ყიდულობენ, გადასახადებს ე.წ. „აფხაზურ ბიუჯეტში“.

რას ამბობენ სოხუმში?

„ალტერნატიული წყაროებისგან“, ანუ ქართული კომპანიისგან ბენზინის შესყიდვაზე დე ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ მოკლე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბიზნესგარიგებას ხელი არ შეუშალა.

თემა უფრო ვრცლად გამოცემა „ჩეგემსკაია პრავდას“ ეთერში ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა პოლიტოლოგ ასტამურ ტანიასთან და პოლიტიკოს ადგურ ლაგვილავასთან განიხილა.

მეორე საუბრის დროს, რომლის ჩანაწერი 29 აგვისტოს გამოქვეყნდა, ხაშიგმა თქვა, რომ „ბენზინი, ღვთის წყალობით, გამოჩნდა, თუმცა ძვირია“.

ასტამურ ტანიას თქმით, ენერგეტიკაში „ნაყოფიერი ურთიერთობებისა“ და აფხაზურ ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების შემდეგ „ნომენკლატურა გაფართოვდა“. მისი თქმით, „ასეთი ნაბიჯები მაინც აყალიბებს ნდობის ატმოსფეროს“.

ასტამურ ტანია და ინალ ხაშიგი
ასტამურ ტანია და ინალ ხაშიგი

ტანიას განცხადებით, ეს თემა აფხაზურ ოპოზიციას ხელისუფლების „დასაგმობად“ არ გამოუყენებია.

უნდა ვიფიქროთ, როგორ აღვადგინოთ სრულფასოვანი მოლაპარაკებების ფორმატი

ამასთან, ტანია ფიქრობს, რომ საწვავის იმპორტის დივერსიფიკაციაც აუცილებელია, რადგან „თუ, ვთქვათ, მიწოდების მონოპოლიური წყარო ქართული მხარე გახდება, ეს ეკონომიკური გავლენის ბერკეტად იქცევა“.

ტანიას იმედი აქვს, რომ ეკონომიკური თემა „პოლიტიკური განმუხტვის“ განზომილებაშიც გადავა, თუმცა ახსენებს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც, მისი თქმით, „საქართველოს აფხაზეთთან მოლაპარაკებების გამართვას უკრძალავს“.

„უნდა ვიფიქროთ, როგორ აღვადგინოთ სრულფასოვანი მოლაპარაკებების ფორმატი“, - დასძინა ტანიამ.

მან დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამოყენებულ ტერმინზე, საწვავის „ალტერნატიული წყაროებიდან“ მიღებაზეც იხუმრა:

„გამოდის, რომ დასავლეთით რუსეთს ვესაზღვრებით, აღმოსავლეთით კი ალტერნატიულ წყაროებს. შეგვიძლია ასეთი ტერმინიც გამოვიყენოთ: გაიმართა აფხაზურ-ალტერნატიულწყაროული მოლაპარაკებები“.

რა ვითარებაა ახლა?

ფოტო არქივიდან: „აზიდის“ ავტოგასამართი სადგური
ფოტო არქივიდან: „აზიდის“ ავტოგასამართი სადგური

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავზე მოთხოვნა, სავარაუდოდ, ოდნავ შემცირებულია აქტიური ტურისტული სეზონის დასრულების ფონზე.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, სოხუმში პატარა რიგებია „როსნეფტისა“ და „პოდოროჟნიკის“ ავტოგასამართ სადგურებზე (ამ ორ კომპანიას ბენზინი მხოლოდ რუსეთიდან შემოაქვს). „აზიდის“ ქსელში კი, სადაც ბენზინი უფრო ძვირია, რიგები აღარ არის („აზიდი“ ერთ-ერთი კომპანიაა, რომელთანაც „სოლიდუსი“ თანამშრომლობს).

ბენზინი სამხედრო ბაზისთვის?

აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი „სისულელეს“ უწოდებს ქართული ოპოზიციის განცხადებას, თითქოს „ქართული“ საწვავით რუსული სამხედრო ბაზებიც მარაგდება.

„სამხედრო ბაზას ბენზინი რომ არ ყოფნიდეს, ალბათ, რუსეთი პირველ რიგში თავისიანებზე იფიქრებდა. „როსნეფტი“ ხომ აფხაზეთში ბენზინის მთავარი მიმწოდებელია“, - თქვა ხაშიგმა.

ფოტო არქივიდან: რუსეთისა და აფხაზეთის დროშები
ფოტო არქივიდან: რუსეთისა და აფხაზეთის დროშები

მის მოსაზრებას იზიარებს პაატა ზაქარეიშვილი.

„ყველამ კარგად იცის, რომ რუსული ჯარი ძირითადად დიზელს იყენებს“, - ამბობს ის.

ზაქარეიშვილი მოლდოვის მაგალითზეც მიუთითებს, სადაც რუსეთის „სამშვიდობო ძალებია“ განლაგებული.

„საიდან ასხამენ ისინი ბენზინს, ვინმეს უფიქრია?“ - ამბობს კონფლიქტოლოგი.

მისი განმარტებით, უკრაინაში ომის გამო სეპარატისტულ რეგიონს რუსეთთან პირდაპირი კავშირი აღარ აქვს და ბენზინი დნესტრისპირეთში ადგილობრივ კომპანიებს, მოლდოვის ხელისუფლების ნებართვით, რუმინეთიდან შეაქვთ.

„ნაწილი პირდაპირ მიაქვთ რუსული ბაზებისთვის. ჩვენთან ეს გამორიცხულია“, - დასძინა ზაქარეიშვილმა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დნესტრისპირეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან, რუმინეთიდან საწვავის მიწოდებაზე საერთაშორისო და უკრაინული მედიაც წერდა.

„ეს არის ოკუპანტებთან თანამშრომლობა!“

აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის მიწოდებას პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდნენ ქართული ოპოზიციის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. გამოითქვა ვარაუდიც, რომ საწვავი არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც გადადიოდა.

3 სექტემბერს „ნაცმოძრაობის“ წევრები თბილისში, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ოფისთან მივიდნენ და ლეგიტიმური უწყებებისგან ბენზინის მიწოდებაზე პოზიციის გამოხატვა მოითხოვეს.

„ეს არ არის უბრალოდ კონტრაბანდა - ეს არის სეპარატისტებთან და რუს ოკუპანტებთან პირდაპირი, დანაშაულებრივი თანამშრომლობა! საწვავი, რომელიც აქედან შედის, პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო რეჟიმს“, - უთხრა ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ბესო შენგელიამ.

ბენზინის შეტანას ეწინააღმდეგება აფხაზეთიდან დევნილი, „აფხაზთა კრების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაიაც.

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის მიწოდებული ბენზინი, რადგან აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და იქ ყველაფერს განაგებს რუსეთი“, - ეუბნება პატარაია რადიო თავისუფლებას.

პატარაია არ გამორიცხავს, რომ ბენზინის მიწოდება საერთაშორისო სანქციების მიზეზიც გახდეს:

„ეს გახმაურდა საზღვარგარეთაც. რუსეთისთვის სტრატეგიული პროდუქტის მიწოდება სერიოზულ შედეგს გამოიწვევს საქართველოსთვის, ამიტომ არ ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ეს გზა“.

სოხუმის ვაჭრობა თურქეთთან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, მის „სავაჭრო პარტნიორებს“ შორის რუსეთს 75%-იანი წილი უკავია, მეორე ადგილზე კი 2025 წელს თურქეთი იყო 7,5%-იანი წილით.

„თურქეთსა და აფხაზეთს შორის ვაჭრობა საზღვაო გზით ხორციელდება. ტვირთების საბაჟო გაფორმება და კონტროლი სოხუმის, ოჩამჩირისა და ბიჭვინთის საზღვაო პორტებში ხდება“, - წერია უწყების ანგარიშში.

აფხაზეთში საზღვაო გზით პროდუქციის მიწოდება, საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე, ეწინააღმდეგება კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

სოხუმის სანაპირო, 2022 წლის 22 ივლისი
სოხუმის სანაპირო, 2022 წლის 22 ივლისი

აფხაზური კომიტეტის მონაცემებით, 2025 წელს აფხაზეთიდან თურქეთში ძირითადად ჯართი, თევზი და თევზის პროდუქტები, ასევე ხე-ტყე გადიოდა. თურქეთიდან კი მინერალური პროდუქტები, ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, მანქანა-დანადგარები და სატრანსპორტო საშუალებები შეჰქონდათ.

2025 წელს თურქეთიდან მიწოდებულ პროდუქციას შორის საწვავი არ ფიქსირდება. მისი მიწოდების შესახებ ინფორმაცია არც 2026 წელს გავრცელებულა.

ენგურის ხიდის გავლით ბენზინის მიწოდების დაწყებამდე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ საწვავის საზღვაო გზით მიღების შესაძლებლობაზე ისაუბრა. თუმცა დასძინა, რომ „შავი ზღვის აკვატორიაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყველა მიმწოდებელი, ცნობილი მიზეზების გამო, მზად არ არის საწვავის მოწოდებისთვის“.

„ლოგისტიკური სირთულეები არსებობს, თუმცა მუშაობა არ ჩერდება“, - ამბობდა გუნბა.

„ჩეგემსკაია პრავდას“ ეთერში რესპონდენტებმა წარსულში რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ბენზინის შემოტანაზეც ისაუბრეს.

„მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მოწოდებები შეწყვეტილია“, - თქვა ადგურ ლაგვილავამ.

კონტექსტი

  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ბენზინის შეტანის შესახებ 12 აგვისტოს გახდა ცნობილი. „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა.
  • აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტი ტურისტული სეზონის პიკზე შეიქმნა. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს უკავშირდება.
  • 18 აგვისტოს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილია დამატებითი საწვავის ტრანსპორტირება აფხაზეთის მიმართულებით და ამით შეივსება საწვავის დეფიციტი, რითაც ჰუმანიტარული პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრება“.
  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG